საინტერესო

ხერთვისის ციხე – ლეგენდა ოსტატსა და მის შეგირდზე

„გაბრაზდა ოსტატი, იხელთა დრო და თავის შეგირდს კიბე გამოაცალა...“

ხერთვისის ციხის აგება, წარწერის მიხედვით, ადგილობრივმა ფეოდალმა, აზნაურმა „მეფეთ მეფის მოლარეთუხუცესმა ზაქარია, ძემან ქამაქმის შვილისამან“ 1354 წელს დაიწყო და 1356 წელს განასრულა კოშკისა და გალავნის აგება (ან აღდგენა).
.
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე მდებარეობს. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.
მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს).
ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი.
ხერთვისის ლეგენდა ოსტატსა და შეგირდზე კი ასეთია:
”ხერთვისის ლამაზ ციხეს ორი დიდი კოშკი აქვს, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. კოშკების აშენების ამბავს ხერთვისელები ასე მოგვითხრობენ:
თამარ მეფემ უბრძანა ორ კალატოზს, აეშენებინათ ორი კოშკი. ერთი იყო ოსტატი და მეორე მისი შეგირდი. ოსტატს უნდა აეშენებინა აღმოსავლეთის კოშკი, ხოლო შეგირდს – დასავლეთისა. მეფე დაჰპირდა, – უხვად დავაჯილდოვებ, ვინც უფრო კოხტა და ლამაზ კოშკს ააგებსო. ოსტატი და შეგირდი გულმოდგინედ შეუდგნენ საქმეს. ჯერ არ დაემთავრებინათ ხელოსნებს მუშაობა, რომ ხალხმა ყაყანი დაიწყო, – შეგირდის ნაშენობა სჯობია ოსტატისასო.
მართლაც, თამარს შეგირდის კოშკი უფრო მოეწონა და წინდაწინვე უხვად დააჯილდოვა ხელოსანი. საშინლად გაბრაზდა ოსტატი, იხელთა დრო და თავის შეგირდს კიბე გამოაცალა სწორედ მაშინ, როდესაც შეგირდი კოშკის თავს ასრულებდა. რა ექნა შეგირდს? რაკი უკიბოდ ძირს ვეღარ ჩამოვიდოდა, ადგა და გაიკეთა ფრთები ორიოდე დარჩენილი ფიცრისაგან. ცულდი წელში გაირჭო და გაფრინდა ჯავახეთის მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. მაგრამ ძირს ისე უხერხულად დაეშვა, რომ ცულდით დაიჭრა და გარდაიცვალა. ამ ადგილს ხერთვისელები ახლაც მსხვერპლის ადგილს ეძახიან” (ა. ფრონელი, ”დიდებული მესხეთი”).

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close