საზოგადოება

,,ასეთ ჰუმანურებს შეუძლიათ, ყელი გამოჭრან ადამიანს”

ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:

_ როგორი ადვილია ჰუმანურობის დემონსტრაცია მსახიოებებზე, მწერლებზე, ცნობად სახეებზე, კატუნიებზე, ძაღლუნიებზე, ცხოველებზე, ფრინველებზე. ყველაზე და ყველაფერზე, ოღონდ, ჩვენი კეთილდღეობის ინტერესი არ შეილახოს…
როგორ ვცდილობთ, წარმოვჩინდეთ სხვაზე ჰუმანურები, კეთილები, შემწყნარებლები, ოღონდ, ეს ჰუმანურობა, რატომღაც, იმ წამსვე ქრება, როცა საქმე ჩვენს პიროვნულ, პარტიულ, სამსახურებრივ ინტერესებს ემუქრება… ასეთი, ვითომ ჰუმანურები ვართ ადამიანები.

_ ამას რატომ ამბობთ, ვინმემ გაგაბრაზათ? 
_ ისინი ხმას არ იღებდნენ გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, პავლიაშვილის და სხვათა საქმეებზე. იმიტომ, რომ თბილი სავარძლები, მსუყე ხელფასები ჰუმაბურობას ავიწყებდათ, ადამიანურ სახეს აკარგვინებდათ.
არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მხარდამჭერია და ვისი მოწინააღმდეგე. ერთმანეთს ემსგავსებიან, როცა მათ გონებას შერჩევით უწევს ჰუმანურობის დემონსტრაცია, მხოლოდ პირადი კეთილდღეობის ინტერესიდან გამომდინარე. ხოდა, როცა არაფერი უშლით ხელს, უბრუნდებათ ადამიანის სახეები,
მთებს გადადგამენ, ოღონდ ციხიდან იხსნან ცნობილი დამნაშავეები. მერე რა, რომ უცნობი, ნაკლებად დამნაშავეები ციხეებში სხედან მრავალი წელია…

კანონი თუ არსებობს, ყველასთვის უნდა არსებობდეს. ვინც კანონის მიღმა აზროვნებს, ის საკუთარი თავისა და ქვეყნის მტერია. თუ ვსაუბრობთ ჰუმანურობაზე, მაშინ ეს ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს და არა, მხოლოდ პეტრეს და  პავლეს… ღარიბს და მილიონერს, პოზიციას თუ ოპოზიციას. ამის გარეშე არ არსებობს სხვა ალტერნატივა ქვეყნის განვითარებისა.

_ კონკრეტულად ვის ეხება ეს სიტყვები, გვეტყვით?

_ ეს სიტყვები ეხება მხოლოდ ფსევდო ჰუმანურ ადამიანებს, რომლებმაც სამართლიანობას და უსამართლობას, სიკეთეს და ბოროტებას შორის ბრძოლა წააგეს… (ასეთი ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. როგორც ჩანს, ეს ყველას ეხება. ავტ.)
არ მჯერა მათი ჰუმანურობის იმიტომ, რომ სხვა დროს ვხედავ, თუნდაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო, შეუძლიათ, ანათემას გადასცენ, მიწასთან გაასწორონ ან ყელი გამოჭრან ადამიანს.

ქვეყანას კანონი, სიკეთე, სიყვარული და სამართლიანობა უნდა მართავდეს და არა ფსევდო ჰუმანურობა.

დავასრულებ იმით რითაც დავიწყე. უძიროა ადამიანის ბუნება, ადვილია ჰუმანურობის დემონსტრირება ცხოველებზე, ფრინველებზე, ცნობად სახეებზე, ყველაზე და ყველაფერზე, ოღონდაც ჩრდილი არ მიადგეს პარტიულ, სამსახურებრივ კეთილდღეობის, მათ ინტერესებს.

შერჩევითი სამართლით და შერჩევითი ჰუმანურობით, შორს ვერ წავალთ!

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close