,,ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ისევ კომაშია…”
თინათინ შენგელიას, რომელსაც საპოლიციო კონტროლის დროს ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა, კომაში იმყოფება. მისი მეუღლის, თემურ ხოსიაშვილის თქმით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ექიმები პროგნოზს კიდევ ვერ აკეთებენ.
„თავში კაპილარია გაწყვეტილი და სისხლჩაქცევა აქვს. კომაშია, რეანიმაციაში წევს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. არ ვიცი იყვნენ თუ არა სამართალდამცველები, მე სოფელში არ ვყოფილვარ, თბილისში ვარ საავადმყოფოში.
ღამით მოვიდნენ ორდერით, სახლი უნდა გაეჩხრიკათ. ჩემმა მეუღლემ რომ დაინახა ცუდად გახდა. იარაღს ეძებდნენ, ოქმში ასე ეწერა. ჩემს ძმასთან დაკავშირებით იყვნენ, ერთად ვცხოვრობთ. ვერაფერი იპოვეს, სახლში სანადირო თოფიც კი არ გვაქვს“ – განაცხადა თემურ ხოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, ხოსიაშვილების ოჯახში სამართალდამცველები შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. სამართალდამცველების ქმედებების შემდეგ, სტრესის შედეგად, ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თინათინ შენგელიას ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იარაღი სახლში ვერ იპოვა. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.