სამართალი და კრიმინალი

ქალი, რომელიც მის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას ცუდად გახდა, არავინ იცის გადარჩება თუ არა”

31 წლის თინათინ შენგელია თბილისში, ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.

„გათენებული არ იყო, ოთახში რომ შემოცვივდნენ, მეძინა. 8 თუ 10 პოლიციელი იყო, იარაღებით. ჩხრეკის ორდერი გვაქვს, პირდაპირ გვითხარი, იარაღი სად გაქვს, ბევრი რომ არც ჩვენი ვიწვალოთ და არც თქვენ გაწვალოთო. რა იარაღი, სახლში სანადირო თოფიც არასდროს გვქონია მეთქი. ჩემს ოთახშიც დაიწყეს ჩხრეკა, ყველაფერი გადმოყარეს.

პოლიციელები სახლის მეორე სართულზეც იყვნენ ასულები, სადაც ჩემი ძმა, რძალი და 1 წლის ბავშვი ცხოვრობენ. ისინიც წამოყარეს და იქაც ეძებდნენ. ჩემი რძალი შიშისგან ავად გახდა, დავარდა და ფეხზე ვეღარ ადგა. ბავშვი ტიროდა. ვიდრე ჩვენ რძლის მოსულიერებას ვცდილობდით, პოლიციელები იცინოდნენ. ამბობდნენ, რომ ჩემი რძალი ავადმყოფობას იგონებდა.

ჩხრეკა ნახევარ საათს გაგრძელდა. ჩვენებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მე პოლიციაში წამიყვანეს, ოქმს ხელი უნდა მოაწეროო. იქ გავიგე, რომ ჩხრეკის ორდერი მამაჩემისთვის უჩვენებიათ, როცა სახლის ეზოში შემოსულან, მშობლებს უკვე ეღვიძათ. სახლში როცა დავბრუნდი, სასწრაფოს ჩემი რძალი ახმეტის საავადმყოფოში გადაჰყავდა, იქიდან კი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. ექიმებმა გვითხრეს, რომ მდგომარეობა მძიმეა, თავში კაპილარი აქვს გაწყვეტილი, რამაც სისხლის გაჟონვა გამოიწვია. გადარჩება თუ არა, არვიცით“, – განაცხადა დაშავებული ქალის მაზლმა დავით ხოსიაშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებარია პოლიციამ მათ სახლში ჩხრეკა რატომ ჩაატარა: „ბავშვი ისეთი შეშინებულია, ვერაფრით ვაწყნარებთ. არაფერი საეჭვო არასდროს გვქონია, არც დანაშაული ჩაგვიდენია. მე არასდროს არაფერი დამიშავებია, არადა ორდერი ჩემზეა გამოწერილი.

რატომ დაგვაწიოკეს? ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაგვაყენეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მაგრამ, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, იქნებ ჩემი რძალი როგორმე გადარჩეს“

ჩხრეკის შესახებ დადგენილება 21 დეკემბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძეს აქვს გაცემული, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილებიდან ირკვევა, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.

ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა ხოსიაშვილების საცხოვრებელ სახლში იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი (რეიდი) და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი. ასევე, დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 4 პირი. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი.

წყარო: reginfo.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close