სკანდალური ანალიზი:კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
ირანის უსაფრთხოების ჩიხი თუ გეოპოლიტიკური გამბიტი???
ირანში მომხდარი და განვითარებული პოლიტიკური არეულობების პროცესი, ამ პერიოდისთვის, როგორც ჩანს უკვე დასრულდა. ირანის თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკის ყველაზე ერთგულმა, გასამხედროებული და იდეოლოგიზირებული შენაერთის – ისლამური რევოლუციის დაცვის გუშაგთა კორპუსის (შედის ორი მსხვილი დაჯგუფება „კოდსი“ სპეციალური დანიშნულების რაზმი და სახალხო ლაშქარი „ბასიჯები“) მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ ალი ჯააფარიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაწყებული არეულობები დასრულებულია. ამ არეულობების შედეგად, რომლის დასაწყისი გახდა სოციალური ბუნტი (ფასების მომატება სურსათზე და სხვა პირველი მოხმარების პროდუქციაზე) და რომელიც ძირითადად მოედო სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებს, დაიღუპა დაახლოებით 20-მდე დემონსტრანტი და 100-ზე მეტი დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ არეულობებს ჰქონდა სოციალური დაძაბულობის ხასიათი, ის გადაიზარდა პოლიტიკური მოთხოვნების რელაციებში და როგორც გარეგანი ანალიზი ცხადყოფს, მას გააჩნდა გეოპოლიტიკური განზომილებაც – როგორც ჩანს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარეშე მას განვითარება არ ექნებოდა.
2009 წლის, ანალოგიური, უფრო მსხვილმასშტაბიანი ბუნტისგან განსხვავებით, მას უფრო ორგანიზებული და კარგად იდეოლოგიზირებული შინაარსი ჰქონდა და აშკარად მიმართული იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლისა და პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის მიმართულებით. ბუნტის ლოკალიზების მიუხედავად, როგორც ჩანს, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება და აღნიშნული იყო მხოლოდ პირველი ე.წ. „მოთელვითი“ ხასიათის პროცესი. მის გეოპოლიტიკური შიგთავსს ასევე წარმოადგენდა ირანის ისლამური რესპუბლიკის გაძლიერება რეგიონული ჰეგემონიის სტატუსით ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონებში და მთლიანად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, რომ არაფერი ვთქვათ მაღრიბის და სუბ-საჰარას გეოსტრატეგიულ სივრცეებში (რომელიც გამოიხატებოდა იემენისა და სირიასა ირანის გავლენის გაძლიერება და სრული ჰეგემონური პოზიციების დამკვიდრება და ლიბანში პრო-ირანული „ჰეზბოლაჰის“ გაძლიერება), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ს და ისრაელის გეოსტრატეგიულ ამბიციებს, მათ გეოპოლიტიკური ძლიერებას. უკვე თეოკრატიული ირანის აღნიშნული გაძლიერება ორივე სახელმწიფოს ეროვნული სასიცოცხლო ინტერესებს პირდაპირ ხელყოფს (განსაკუთრებით ეს ეხება ისრაელს, ხოლო აშშ-ს მიმართულებით კი მის ენერგოუსაფრთხოების პირობებს).
როგორც ჩანს, აშშ-ს ამჟამინდელი, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს ე.წ. „არაბული გაზაფხული-2“ პროცესის განვითარებას და მისი ერთგვარი ტალღის მიმართვას კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებისკენ. სწორედ ამის ინდიკაციებს მიანიშნებდა პროცესები: სამხრეთ აზერბაიჯანში მდგომარეობის არევის მცდელობა, სადაც 20 მილიონიანი აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს; საქართველოში ადგილობრივი ნეოლიბერტარიანელების უცნაური გააქტიურება ირანული მოვლენების ფონზე და ავღანეთში ახალი სტრატეგიის დაწყება, რაც ითვალისწინებს „თალიბანის“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას და ამერიკული, 4 ათასიანი კონტინგენტის გადასროლას. ეს, როგორ ჩანს, მოყვა ირანული თეოკრატიული ხელისუფლების ანალოგიური, „არაბული გაზაფხულის“ საკუთარი კამპანიის დაწყებას და მის წარმატებით განხორციელებასაც (მაგალითად, ერთიანი არაბული კოალიციის გახლეჩვა და ყატარ-საუდის არაბეთს შორის „ცივი ომის“ დაწყება, იემენში სახელმწიფო გადატრიალება პროირანული ხუსიტების პოზიციების გაძლიერება, ლიბანში „ჰეზბოლაჰის“ კვლავ ხელისუფლებაში მოყვანა და ა.შ.).
რა თქმა უნდა, აშშ-ისრაელის უკვე სტრატეგიული ორმხრივი ალიანსი, განსაკუთრებით იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ტაქტიკური მარცხის შემდეგ და რუსეთ-ირან-ჩინეთის ალიანსის გაძლიერება, ვაშინგტონში აღქმული იქნა როგორც აშშ-ს გეოსტრატეგიული ინტერესების უშუალო შებღალვა. უახლოეს პერიოდში, (სულ ცოტა, რამოდენიმე თვეში) უნდა ველოდოთ გეოპოლიტიკური აშლილობების კიდევ უფრო დრამატული მიმართულებებით განვითარებას ახლო აღმოსავლეთისა, ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონებში.
ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის და სამხედრო მეცნიერების დოქტორი, პროფესორი – სპეციალურად euronews.ge -სთვის.