საზოგადოება

,,მოვუწოდებ განათლების მინისტრს, უარი თქვას ამ უცნაურ პროექტზე!” (ექსკლუზივი)

  სკანდალი- ექსკლუზივი

  საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამის დახმარებით, დაფინანსებას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის უცხოელი სტუდენტები.

პროექტმა ამ სფეროში ჩახედული ადამიანების აღშფითება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დროულად უნდა შეაჩეროს ეს ინიციატივა. სხვა შემთხვევაში, მას დიდი ვნებათაღელვა და პროტესტი მოჰყვებაო. 

 ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:

_ ამ ინიციატივის შესახებ შევიტყე. არ დავიჯერე და რამდენჯერმე გადავამოწმე. თვალწინ ჩაიარა იმ წლებმა, როცა გულანთებული სტუდენტები ვეხმარებოდით სტატუსშეჩერებულ ახალგაზრდებს, ვიბრძოდით ინდივიდუალურად, ყველას უფლებების აღსადგენად. წინა ხელისუფლების პირობებში ვაპროტესტებდით მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან, რომლის გამოც ახალგაზრდებს არ ეძლეოდათ საშუალება, განათლება მიეღოთ. გავიდა წლები, შეიცვალა ხელისუფლება და ჰოი საკვირველებავ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა გაორმაგდა. სახელმწიფოს არ აინტერესებს მისი ახალგაზრდის ბედი, ამის გამო, ჩვენ ვკარგავთ შესანიშნავი ნიჭის მქონე ადამიანებს, ვკარგავთ პოტენციურ პროფესიონალებს_ ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, მედიცინის მუშაკებს, იურისტებს, პროფესორ-მასწავლებლებს.

 როცა ამაზე ვფიქრობ, ძალიან ვწუხვარ. ნუთუ იმ უმცირესის გაკეთება მაინც არ შეუძლია სახელმწიფოს, რომ თანხის გადაუხდელობის გამო, სტატუსი არ შეუჩეროს ბავშვებს? გაიხსენეთ, რამდენჯერ თქვეს არგუმენტად ფინანსური სახსრების ნაკლებობა? ამ ახალმა ინიციატივამ აჩვენა, რომ რესურსი არსებობს, მივხედოთ ჩვენს სტუდებტებს, თანხები ჩავდოთ მათ მომავალში, რომელიც რამდენიმე წელში გამოიღებს შედეგს. თუმცა, ამის სანაცვლოდ საუბრობენ აბსურდულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, უცხოელი სტუდენტები უნდა დაფინანსდნენ. უკაცრავად, მაგრამ საით მიდიხართ? რას დაემსგავსეთ? რა გვჭირს საერთოდ, საკვირველია…

 იცით, რა მოჰყავთ მთავარ არგუმენტად ამ პროექტის ავტორებს? ქართული უნივერსიტეტების პოპულარიზაცია… სკოლის ბავშვს რომ ჰკითხო, ისიც გეტყვის, რომ პოპულარული მაშინ იქნება უნივერსიტეტი, როცა ხარისხი გაიზრდება. პოპულარიზაცია პირდაპირ კავშირშია ხარისხთან და არა უცხოელი სტუდენტების დაფინანსებასთან.

 მიხედეთ ინფრასტრუქტურას, სწავლების ხარისხს, დააფასეთ პროფესორ მასწავლებლები და საერთაშორისო პოპულარიზაციაც შეუქცევადი პროცესი გახდება. რომელ საერთაშორისო მასშტაბებზე საუბრობთ, როცა პროფესორ-მასწავლებლების საშუალო ხელფასი სამასი ლარია? გრცხვენოდეთ!!!

 მოვუწოდებ განათლების მინისტრს, უარი თქვას ამ უცნაურ და უგუნურ პროექტზე! წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს არნახულ პროტესტს და ცუდად დაასრულებს მოღვაწეობას.

 ამ ფაქტს შეეფერება ქართული ანდაზა: ,,ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო”. კიდევ გიმეორებთ, მიხედეთ ჩვენს სტუდენტებს, აღუდგინეთ მათ სტატუსი და უარი თქვით ამ ანომალურ პროექტზე!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close