
„ვოგის“ რედაქტორი, ანა ვინტური, რომელიც ამ პოსტს 1988 წლიდან იკავებს, მოდის სამყაროში ყველაზე ძლიერი ქალის სახელით სარგებლობს. როგორც მის გარდერობში, ასევე გარეგნობაში დომინირებს ელეგანტური კაბები, ბლუზები, პალტოები, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
.
ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლასიკური სტილის მიუხედავად, ძალიან უყვარს ჯინსი, თუმცა ზოგჯერ მის ჩაცმას თავს არიდებს: მაგალითად, როდესაც სტუმრობთ ბუკინგემის სასახლესა და თეთრ სახლს (ანუ ოფიციალურ ადგილებს). ასევე ჯინსი არ არის შესაფერისი მაშინ, როცა რჩეულის მშობლებთან შეხვედრას აპირეთ. ის გვირჩევს, რომ შარვალი აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ შეარჩიეთ კომფორტული ფართო მოდელი.
როგორც ვინტური ამბობს, საერთოდ არ არის ყოველდღე ახალი ტანსაცმლის ჩაცმა საჭირო იმისთვის, რომ იყო მოდური. მისთვის სახალისოა ძველი სამოსის გარდაქმნა, მათთვის ახალი სახის მიცემა. „მსიამოვნებს და მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ქალს აცვია ის, რაც პირდაპირ ემთხვევა მის პიროვნებას, მოდა ყოველდღე ახალი სამოსის ტარებას არ ნიშნავს!” – ამბობს ანა.
.
ანა ვინტურთან მუშაობა საკმაოდ რთულია – ის მეტისმეტად მომთხოვნია, თანამშრომლებისგან კატეგორიულად მოელის სტილის განცდის უნარის გამოვლენას, მოდურად ჩაცმასა და წონის განსაკუთრებულ კონტროლს, რაც სულაც არ არის გასაკვირი ქალისგან, რომელმაც ორივე ორსულობა „შანელის“ ვიწრო ქვედაბოლოებში გაატარა. ანას ერთ-ერთმა ყოფილმა თანაშემწემ ლორენ ვეისბერგერმა დაწერა მსოფლიოს ერთ-ერთი ბესტსელერი – „ეშმაკი ატარებს პრადას“, რომელშიც ზედმიწევნით ასახა ვინტურთან მუშაობის პერიოდი. წიგნის 2006 წლის ეკრანიზაციაში მთავარი – ანას როლი მერილ სტრიპმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერაზე ვინტური „პრადაში“ გამოწყობილი მივიდა, რითაც მთელ მსოფლიოს, კრიტიკოსებსა და ფანებს დაანახა თავისი გამორჩეული იუმორი.
მარაო, ბომონდი