ჯურნალისტი თამუნა მუსერიძე რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ჯერ ბიოლოგიურ მამას შეხვდა, ცოტა ხნის წინ – ბიოლოგიურ დედას, მაგრამ მამისგან განსხვავებით, მან თამუნასთან ურთიერთობაზე უარი თქვა. ამ მძიმე შეხვედრის შემდეგ დრო და დრო თავის გამომწერებს ამ ისტორიას უყვება და მათ კითხვებსაც პასუხობს. გთავაზობთ თამუნა მუსერიძის ნაამბობს დედასთან შეხვედრის შემდეგ.
.
-ბიოლოგიურ მშობელს, გამჩენს, სხვა შვილი არ ჰყავს. მამამ არა თუ ჩემი არსებობა, არამედ საერთოდ ისიც არ იცოდა, რომ ეს ქალბატონი ორსულად იყო, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ჩემ შესახებ, კაცი იყო შოკში, მე რომ გამოვჩნდი, არ სჯეროდა, რომ მისი შვილი ვიყავი, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის.
დედას შეხვედრა არ სურდა, მაგრამ მოუწია, სხვა გზა აღარ დარჩა. რაც შეეხება იმას, ვნანობ და განვიცდი თუ არა, რომ ასეთი სიტუაცია დამხვდა? არა! არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ, არც განვიცდი და ეს ჩემთვის მოულოდნელიც არ იყო… ჩემთვის მთავარი იყო დედის და მამის გვარის გაგება…
სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო…
დიდი ხანი ვისაუბრეთ, დაახლოებით, ორსაათნახევარი… მე ვთხოვდი, ეთქვა, თუ რა დაარქვა ბავშვს. მითხრა, რომ სახელი არ დაურქმევია, არ მიფიქრიაო. ყველაზე მეტად ეს მეწყინა, საერთოდ არ ფიქრობდა ადამიანი იმაზე, თუ რას დაარქმევდა თავის შვილს..
მან მითხრა, რომ თუ შენ საჯაროდ არ იტყვი, რომ ხარ მოპარული ბავშვი, მაშინ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდებაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი 40 წლის წინ დამთავრდა. შენ საჯაროდ უნდა თქვა, რომ შენ სამშობიაროდან მოგიპარესო. მე ამხელა ტყუილს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ტყუილი გასკდება და მერე ის ათიათასობით დედა, რომლებსაც მართლა მოჰპარეს შვილი, გამოვა მატყუარა და არც იმათ არ დაუჯერებენ.
მე, საკუთარი ერთი ადგილის მოსაწმენდად ათიათასობით დედას ვერ გავწირავ-მეთქი. აბა, მე უნდა გამწიროო? არა, მე თქვენ არ გწირავთ. აქ მოვედი იმისთვის, რომ დაგელაპარაკოთ და ერთად რაღაც გამოსავალი ვნახოთ. მე ამხელა ტყუილს საჯაროდ ვერ ვიტყვი მაშინ, როდესაც ამდენი დედა შვილებს ეძებს და მათ ჩემი ისტორიის გამო საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ-მეთქი…
ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ებრძვის სიმსივნეს, თუმცა, როგორც ამბობენ, 85% უკვე განკურნებულია…
მამას მოვუყევი, რა მდგომარეობაც იყო და მეუბნებოდა, ვაცადოთო, დაელოდე, დრო მიეციო.. გუშინ, სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი, რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, ძალიან გამწარებული ვარ-მეთქი. მითხრა, იქ ხარ, უნდა წახვიდე და მოუსმინოო.