საინტერესო

კაცი, რომელიც ძველ საბრძოლო იარაღს ამზადებს – უნიკალური გამოფენა ჩუმათელეთში

,,ყველა ქართველში უნდა ღვიოდეს მეომრული სული..."

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში, 72 წლის ბონდო ჩადუნელს, საკუთარ სახლში, ძველი საბრძოლო იარაღისა და ნივთების მუზეუმი აქვს მოწყობილი. მომცრო ოთახის კედლები სავსეა სხვადასხვა ფორმის ხმლებით, ხანჯლებით, მუზარადებით, რკინის პერანგებით, მშვილდ-ისრებითა და ცულებით… უმეტესი მათგანი ბატონ ჯონდოს საკუთარი ხელით აქვს დამზადებული, დამუშავებული და დაწნული. საინტერესო მუზეუმის ავტორი და სულისჩამდგმელი ფიქრობს, რომ იარაღის დამზადების ქართული, უძველესი ტრადიციები არ უნდა დავკარგოთ, რადგან მეომარი სულის მქონე დამცველები, სამშობლოს ყოველთვის სჭირდება.

   ბონდო ჩადუნელი:

_ ღვთისმშობელმა სამოთხე გვაჩუქა საქართველოს სახით და ბევრი მტერიც ამიტომ გვყავს. ყველას შურს ჩვენი და დღემდე მოუთმენლად ელოდებიან, როდის წავიქცევით, დავეცემით.  ჩვენს სამშობლოში ყველაფერი ხარობს, ჯოხს ჩარგავ და ხე ამოდის, წყალიც გვაქვს და მდინარეც, ზღვაც და მთაც, მდელოც და ბუჩქიც, ერთ ალაგს რომ ყვავილები ბიბინებს, მეორეგან- თოვლია და როგორ არ მოეწონებათ, არ შეშურდებათ, არ მოუნდებათ ამ სიმდიდრის ხელში ჩაგდება?! სწორედ ამიტომ, ქართველში ყოველთვის უნდა ღვიოდეს სამშობლოს მცველის მეომრული სული. ქართველ კაცს ყოველთვის ალესილი უნდა ჰქონდეს ხმალი, სხვანაირად სამშობლო არ გვექნება.

_ თქვენი უნიკალური მუზეუმით- ხმლებით, ჯაჭვის პერანგებით… ქართველებში მეომრულ სულს აღვივებთ?

_ მტერი მოგვიახლოვდა და შიგნიდან გვიღვივებს შუღლს, ძმებს ერთმანეთის მოსისხლედ  ხდის. რადგან გვინდა მშვიდობა, ომისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რაც თავისთავად საომარი იარაღით მომარაგებასაც გულისხმობს. ჩემი მუზეუმი და შემოქმედება სიმბოლურია. თანამედროვე ომებში ხმალი და ფარი აღარ გამოიყენება, მაგრამ ეს საომარი ატრიბუტიკა ადამიანს ბრძოლის ჟინით, სამშობლოს დაცვისა და გადარჩენის სურვილით  აღანთებს – ის არის სულიერი საზრდო.

ჩვენი წინაპრები ყანას რომ თოხნიდნენ, ხმალი და შუბი ხეზე ჰქონდათ მიყუდებული. მეფე რომ დაუძახებდათ, აბა, საომრად მივდივართო, ყანიდანვე გარბოდნენ და ოჯახს არ ემშვიდობებოდნენ. ქართველში ეს მუხტი არ უნდა ჩაქრეს, რაზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ.

ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ისტორიულ ფილმებს და ძალიან მომწონდა ის საბრძოლო მუხტი, რომელიც ფილმის გმირებს ჰქონდათ. ისე შემიყვარდა ცხენზე ჯდომა, რამდენჯერმე გადმოვვარდი კიდეც. რაინდობა, მებრძოლი სული, როცა  ერთი ათს ებრძვის და ამარცხებს, ლამაზი გოგო- ბიჭები სამშობლოსთვის რომ სწირავენ თავს, ჩემში განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს. პატრიოტული სული თუ არ გაქვს, საქმეს, რასაც მე ვაკეთებ,  თავს ვერ გაართმევ.

თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი დავამთავრე  ლითონების დამუშავება- ტექნოლოგიის განხრით. მეგობარ  მხატვრებს, რომლებიც ჭედურ ნახატებს ამზადებდნენ,  ვაკვირდებოდი, როგორ აწრთობდნენ ლითონს. ვეძებდი ოჯახებს, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შემონახული ძველი საბრძოლო ჩაცმულობა… ასეთი ოჯახები მთაში ბევრია. აქა-იქ, მაგრამ ამ საქმის მცოდნე ადამიანებიც იყვნენ შემორჩენილნი.

ჩუმათელეთში, ჩემი მეგობრის დიდ პაპას ჰქონდა  საკუთარი სამჭედლო და თავადაც განთქმული მჭედელი იყო. გუთანს, ცხენის ნალებს, ხანჯლებს, ფარებს ჭედდა. მივდიოდი და როგორც ზღაპრულ გმირს ისე ვაკვირდებოდი, დიდი, მქშინავი საბერველით როგორ უბერავდა რკინის წრთობის დროს ღუმელს, დაგრეხილი რკინისგან როგორ გამოჰყავდა თოხი, ბარი, ნიჩაბი, სახნისი, ფარი, მახვილი… საოცრება იყო ამ პროცესის ყურება.

მოკლედ, ამ საქმემ ბავშვობიდან გამიტაცა. ჯერ პატარა დანებისა და ხანჯლების დამზადება დავიწყე-  თითები დაგლეჯილი მქონდა, მაგრამ არ ვდარდობდი, მთავარი იყო, რაღაც გამომსვლოდა. როდესაც გარკვეული ცოდნა შევიძინე, პირველად ფარი დავამზადე. ერთი შეხედვით ადვილია ფარის გამოჭედვა, მაგრამ რეალურად, საკმაო შრომას მოითხოვს- ჭედურობაში ჯვარი უნდა ჩასვა. იარაღზე ჯვრის ამოტვიფრაა აუცილებელი. ასე, ნელ-ნელა  ვეზიარე რკინის ხელოვნებას და კიდევ უფრო მოვიწამლე მისი სიყვარულით.

დღისით ვსწავლობდი, საღამოს – ვმუშაობდი, მაგრამ მაინც ვპოულობდი დროს, ჩემთვის საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო საქმე მეკეთებინა. დავით ფერულის ხმალი რომ გამოვჭედე, სიხარულით ცას ვეწიე, მერე ცნობილ ფრანგულსაც შევეჭიდე და ისიც გამომივიდა. რადგან საკუთარი სახელოსნო არ მაქვს, მარტო ვერ ვახერხებ ყველა იარაღის დამზადებას, მაგრამ მის დამუშავებას ჩემს გარდა ვერავის ვანდობ.

საქართველოს ყველა კუთხის ხმლის ოსტატების ნამუშევრები მაქვს ნანახი. კახეთში განთქმული  იყო მჭედლიშვილების ხმალი, თბილისში აქებდნენ ლეკების ნაოსტატარს, ამიტომაც თბილისური ხმალი, ლეკური ხმლის სახელით არის ცნობილი. ხმლის ჭედვის უნიკალური ნიჭით, კავკასიელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ თბილისელ მჭედელს, რომელიც ხმლის ჭედვის უნიკალურ საიდუმლოს ფლობდა, რუსებმა დიდძალი ოქრო-ვერცხლი მისცეს და ისე დასტყუეს ცოდნა. ხევსურეთში ერთი კარგი ხმალი რომ შეგეკვეთა, 5-6 ძროხა უნდა მიგეყვანა ფეშქაშად. ბავშვი რომ იბადებოდა, ჩვილს წელზე ხანჯალს აბამდნენ და მეომრად ზრდიდნენ. მეომრული სულის დაკარგვა, ქართველებს კარგს არაფერს გვიქადის…  რამდენიმე საჩეხი ხმალიც მაქვს დამზადებული. ჩემს მუზეეუმში მხოლოდ ოთხი ხმალი მაქვს გამოფენილი.

    _ მშვილდ-ისარიც თქვენი დამზადებულია?

_ ქართულ თანამედროვე შეიარაღებაში მშვილდ-ისარი დიდ როლს ასრულებს.  ცეცხლსასროლი იარაღის შემდეგ, მას მეორე ადგილი უკავია. ეს არის ყველაზე სწრაფი და უხმო იარაღი. მშვილდი, რომელიც გამოფენილი მაქვს, თხილის ხისგან გავაკეთე. მშვილდის მკეთებელმა უნდა იცოდეს, წელიწადის რა დროს უნდა მოჭრას ხე, გამძლე იარაღი რომ გააკეთოს. სამასალე ხე ყოველთვის იჭრება შემოდგომით, როცა მასში წყლის მოძრაობა შეჩერებულია. სხვათაშორის, საქართველოში ხმალს თუ კაცები ჭედდნენ, მშვილ-ისარს ქალები ამზადებდნენ და აბჯარსაც ისინი ქსოვდნენ. წინათ, მამაკაცებს არ ეცალათ სახლში საჯდომად და საქსოვად, ამიტომ ეს საქმე დედაკაცებს ჰქონდათ მინდობილი.

     _ ქალებისთვის რთული არ იყო რკინასთან ჭიდილი?

_ ე.წ. შავ საქმეს, რკინის რგოლებს მჭედლები ამზადებდნენ, ქალები კი მას ერთმანეთზე აბამდნენ და ფორმას აძლევდნენ. ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ მამაკაცებს, ქართველი ქალები  ზურგიდან ეხმარებოდნენ. ქართველი ქალის გმირობის საინტერესო ამბავი, ისტორიამ ლეგენდად შემოგვინახა: ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელში, მომხვდურთან შეტაკებას ციხეში შეხიზნული ერთი ოჯახი გადაურჩა. დუშმანი  არ ისვენებდა და მათ ამოწყვეტასაც ცდილობდა, ციხე რომ დაეპყრო. ქმარს იარაღი ეჭირა და ერთ თოფში ტყვია რომ უთავდებოდა, ახალ, დატენილ თოფს  ზურგს უკან მდგომი ცოლი აწვდიდა, რომელსაც კალთის ქვეშ  ბავშვი ჰყავდა შეფარებული. მოულოდნელად ბავშვს ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა, მაგრამ ქალმა მებრძოლ ქმარს არ აგრძნობინა, რომ შვილი მოუკლეს და შვილმკვდარი დედა, კაცს ბოლო წუთამდე  აწვდიდა დატენილ იარაღს.

საბრძოლო იარაღის კეთების დაწყების წინ, ჯერ ესკიზს ვხატავ. ყველაზე უძველესი ქართული აბჯარი- რკინის პერანგი, საბერძნეთში, მუზეუმში ინახება, მაგრამ მცხეთაში, არმაზის ხეობაში არის ისტორიული ნივთების საცავი. პირველად იქ ვნახე დაძენძილი, ნამდვილი რკინის პერანგი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წიგნებიდანაც შევისწავლე მისი ცალკეული დეტალების დამუშავების ტექნოლოგია.  ჯერ პატარა ნაწილი მოვქსოვე და რომ გამომივიდა, აღარ გავჩერებულვარ. ერთი აბჯარი რომ მოვქსოვო, დაახლოებით 50 000 რკინის პატარა რგოლი უნდა გავაკეთო, ერთმანეთს გადავაბა და იმ ადამიანის ზომაზე ,,შევკერო“, ვინც ის უნდა გამოიყენოს.

ჩემი გვარის წარმოშობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეთსამანიიდანაა. ჩადუნელები, დახლოებით 250 წლის წინ ჩამოვიდნენ ჩუმათელეთში და დამკვიდრდნენ. ხარაგაულის ტყეში არის წმინდა გიორგის სალოცავი.  ჩადუნლები მწიგნობრები და მეომრები ყოფილან, ამიტომ თითქმის ყველა ომის დროს არიან მოხსენიებულნი. ჩვენს გერბში აბჯარი, წმინდა გიორგი და წიგნია შეტანილი. ცვდილობ, გვარის ტრადიციები შევინარჩუნო. ამჟამად ვქსოვ უნიკალურ აბჯარს, რომელიც ხარაგაულში, ჩვენს წმინდა გიორგის სალოცავს უნდა შევწირო.

    _ რკინის პერანგსა და მუზარადში მეომარი  უსაფრთხოდ იყო?

_ ასე არ არის. არსებობდა მარტივად და რთულად დასამზადებელი მუზარადები და რკინის პერანგები. ზოგიერთი ნაქსოვის რგოლები პირი-პირზე იყო მიტანილი და ცივად ებმებოდა ერთმანეთს. ასეთ გადაბმულ ჯავშანს როცა ისარი ან შუბი ხვდებოდა, ზოგჯერ იხსნებოდა და მეომარი ზიანდებოდა. რთულად დასამზადებელი მუზარადებისა და რკინის პერანგების რგოლების თავები ერთმანეთზე იყო გადადებული, შემდეგ გახვრეტილი და შიგ, თითოეულ რგოლს ბოქლომი ჰქონდა გაკეთებული. ასეთ ჯავშანში მეომარი გაცილებით დაცული იყო, რადგან რგოლების გახსნის ალბათობა თითქმის არ არსებობდა. მარტივი აბჯრის მოქსოვაში თუ ერთი თვე იყო საჭირო, ბოქლომებიანის დამზადებას ერთ წელზე მეტსაც კი ანდომებდნენ. აბჯრის ქვეშ მეომრებს თბილი ჯუბები ეცვათ, რკინას სხეული რომ არ დაეზიანებინა.  მუზარადის ქვეშ კი ქუდებს იხურავდნენ.  სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდა ე.წ. კახურ და სვანურ ნაბდის ქუდებს.  როგორც გითხარით,  მუზეუმში გამოფენილი მუზარადებიც ჩემი ნახელავია. ჯერ რკინის თავს ვამზადებ, შემდეგ კი ვამაგრებ მოქსოვილ რკინის ჯაჭვს. ბოლოს ვამუშავებ და ვალამაზებ.

     _ თქვენს მუზეუმს მნახველები ხშირად ჰყავს?

_ ამას წინათ მესტუმრა სიძველეთა დაცვის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი  მამუკა ქაფიანიძე. შემდეგ მისი რეკომენდაციით მოვიდნენ რეჟისორები, რომლებმაც გადაიღეს ფილმი ,,ცხრა ძმა“. ამ ფილმის მთავარ როლებში მონაწილეებს ჩემი დამზადებული ძველი საბრძოლო იარაღი – აბჯარ მუზარადის ორი კომპლექტი ვათხოვე.

ძველად, როგორც ახლა, საქართველოში იარაღი რთული მოსაპოვებელი იყო და ძვირად ფასობდა. ომში შეძლებულ აზნაურებს ქვეშევრდომები მიყავდათ, რომელთაც იარაღი ბრძოლის დროს, თავად უნდა მოეპოვებინათ. დახოცილი მტრისთვის უნდა ჩამოერთმიათ შუბი, ხმალი, ფარი, მუზარადი და აბჯარი. მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდა საკუთარი, სრული აღჭურვილობა. იარაღის ერთ-ერთ განთქმულ სამჭედლოდ თელავი და თბილისი ითვლებოდა. ძვირადღირებული ლითონი სპარსეთიდან და ჩინეთიდან შემოჰქონდათ, მაგრამ ქართველებმა იცოდნენ ლითონის დამუშავების უბადლო ტექნოლოგიები, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ და ისე აწრთობდნენ ფოლადს, ყველა ქართულ  ხმალს   დანატროდა.

  ერთხელ, თავად წერეთელს ერთ-ერთმა მჭედელმა საცერში ჩადებული ხმალი მიართვა. ყველა განცვიფრდა, ეს  რა აკადრა ამ გლახამ თავადსო? როცა ხმალი საცერიდან ამოიღეს და მოულოდნელად გასწორდა, განცვიფრება ვერავინ დამალა. ქართული იარაღი ყოველთვის ბასრი, მსუბუქი, მოქნილი და ადვილად მოსახმარი იყო. ჩემს მიერ დამზადებულ იარაღში ნახევრად რბილი ლითონია გამოყენებული, რადგან ის ფაქტიურად ბუტაფორიაა.

_ მუზეუმში ქალამნების ორი კომპლექტიც შევნიშნე. ქალამანიც თქვენი დამზადებულია?

_ ძველი ნივთების შეგროვება ჩემი ჰობია. ეს ქალამნები ლილოში, მოხუც კაცს, გაგა წიკლაურს  დავამზადებინე, რომელმაც ეს საქმე კარგად იცოდა. გული მტკივა, რომ ძირძველ ცოდნასა და ტრადიციებს ვკარგავთ, ძველი ციხეები და ეკლესიები თავზე გვენგრევა, ახალგაზრდებს საქართველოს წარსული აღარ აინტერესებთ.

ვთვლი, რომ საბრძოლო ხელოვნება, წარსული ადათ-წესების პატივისცემის კულტურა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. ქართველებში მებრძოლი სული ბავშვობიდან უნდა გავაღვიძოთ. ჩემს პატარა შვილიშვილს უკვე ვასწავლი ძველი საბრძოლო იარაღის დამზადების ხელოვნებას. 8 აგვისტოს,  შინდისში, გმირების საფლავებზეც ავიყვანე. ჩემს გარდა ბავშვი იქ არავის ჰყოლია. გულში ვფიქრობდი: თქვე  კაი დედმამიშვილებო, წამოგეყვანათ შვილები, შვილიშვილები და გეჩვენებინათ, როგორმა უწვერულმა ბიჭებმა გაწირეს თავი მათთვის და ჩვენი სამშობლოსთვის.  ამ ვაჟკაცების საქციელი, მომავალი თაობებისთვის სამაგალითო უნდა გავხადოთ, მაგრამ… წავიღეთ ჩემი დამზადებული  ფარი, ღვინით სავსე დოქი ფიალით და მათ საფლავზე დავაწყეთ. ასეთი მაგალითებით, საუბრებით ყალიბდებიან მეომარი და სამშობლოს ერთგული რაინდები, მაგრამ ჩვენ ეს ღირებულებები მივიწყებული გვაქვს.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close