საზოგადოება

,,სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გაურბიან ამ თემებზე საჯაროდ საუბარს”

 სერგო ჩიხლაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი:

_ ორი აზრი არ არის, რომ სიბერეში ადამიანი ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს და არ უნდა იყოს დამოკიდებული 180 ლარზე, რომელიც არც კვებაში და არც წამლებში არ ყოფნის ადამიანს, მითუმეტეს, მოხუცებულობის პერიოდში. ასე, რომ საპენსიო სქემა შესაქმნელია და რეფორმა გასატარებელი.

ამავე დროს, არის სერიოზული რისკები და კითხვები:
პრობლემატურია ნდობის ფაქტორი სახელმწიფოსადმი, მითუმეტეს, რომ არსებობს თვალსაჩინო მაგალითები, ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც სახელმწიფომ ან კერძო ბანკებმა უბრალოდ როგორ შეჭამეს მოსახლეობის მიერ დაგროვილი თანხები ანა თუ იმ ანაბრებზე!
მოსახლეობა ფაქტიურად ინფორმაციულ ვაკუუმშია, არ იცის რას გულისხმობს ზუსტად საპენსიო რეფორმა და დაგროვებითი პენსია. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვეულებად იქცა, როდესაც სახელმწიფო იწყებს რამე რეფორმას (ზოგჯერ სასარგებლოსაც) და ამას არ ახლავს ადექვატური ინფორმაციული მხარდაჭერა.
გაურკვეველია, როგორ თვლის სახელმწიფო პენსიის ოდენობას მაღალრისკიანი და დაბალრისკიანი დაბანდებების შემთხვევაში და საერთოდ, რა გათვლებზე აყრდნობს სახელმწიფო ამ რეფორმას?
ხომ არ გამოიწვევს ეს რეფორმა დამსაქმებლების მხრიდან დასაქმებულთა ხელფასების ხელოვნურ დაწევას, რათა დააბალანსოს ის დანახარჯი, რასაც მათ სახელმწიფო აკისრებს.
უნდა იყოს თუ არა რეფორმაში ჩართულობა სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი მოქალაქეებისთვის?
მძიმე სოციალურ ფონზე, სერიოზული დავალიანებების ან კრიზის პირობებში, ხომ არ გახარჯავს „ღარიბი“ სახელმწიფო დაგროვებითი პენსიის თანხას სხვა საჭიროებებზე და ამით გააკოტრებს „საპენსიო ფონდს“?
კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო არ იყენებს ყველა იმ პლატფორმას (საჯარო სივრცე, ტელე-რადიო გადაცემა და ა.შ.), რომელიც მას ეძლევა ამ საკითხზე სასაუბროდ. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გაურბიან ამ თემებზე საჯაროდ საუბარს და დისკუსიას, მაშინ, როცა თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ ბოლომდე მიაწოდონ აზრი მოსახლეობას და დაარწმუნონ ის ამ რეფორმის კეთილ განზრახვაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close