დავით კიკალიშვილი, ჟურნალისტი:

_ მეგობრებო, მინდა, სწორედ გამიგოთ ამ განცხადების გამო! როგორც სოციალური ქსელიდან შევიტყვე, თბილისის მერი პირადად დაეხმარა უცხოეთში გადახვეწილ პატარა ავადმყოფ გოგონას და ვიმედოვნებ, მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ვფიქრობ, ბატონმა კახამ ეს უანგაროდ გააკეთა და ამას არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ ქონია. მაგრამ გამიგონია: ვიღაცის გმირობა, ვიღაცის დანაშაულია! ქართულ სოციალურ ქსელს რომ გადახედოთ, სავსეა ავადმყოფობის გამო უცხოეთში წაყვანილი ავადმყოფი ბავშვების დახმარების თხოვნით. დიდ თანხებზეა საუბარი და არაოფიციალური გათვლებით ასეთ პაციენტებს საქართველოს ეკონომიკიდან, წელიწადში 20 მილიონ ლარამდე გააქვთ. არ მინდა საქართველოში მოღვაწე ექიმებს ვაწყენინო, მაგრამ ფაქტია, ისინი ვერ შველიან ასეთ პაციენტებს და ჩემი შეგრძნებით, დევნილი ავადმყოფების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. ამიტომ სახელმწიფო მოღვაწეებმა ქველმოქმედებასთან ერთად, ჯანდაცვის სისტემას უნდა მიხედონ! ვიცი გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ მყისიერი შედეგისათვის, მხოლოდ ერთი ავადმყოფისათვის რა ფულიც დაიხარჯა, ამ რესურსით გერმანელ მოწინავე ექიმ პროფესორს ჩამოიყვან საქართველოში, რომელიც ადგილზე უმკურნალებს და ექიმებს ასწავლის. გრძელვადიან პერსპექტივაში კი პირადად მე ვიცი 40 მილიონიანი პროექტი, უკვე 4 წელია გაჭედილია მთავრობაში, რომელიც ავსტრიასთან ტელემედიცინის საშუალებით მკურნალობასა და ახალი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. ახლა მცირე მათემატიკა და დასკვნა თავად გამოიტანეთ!

კომენტარები