ეკონომიკა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება

16 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართება. ღონისძიება 20 ნოემბერს გაიხსნება. 10 დღიანი ონლაინ კონფერენცია 100-ზე მეტ კომპანიას და 1000-ზე მეტ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გააერთიანებს. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეების სამომავლო პროფესიულ განვითარებას და სასარგებლო კავშირების დამყარებას.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ პრეზენტაციებს, სემინარებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, რომელსაც მსოფლიოს ხვადასხვა ინოვაციური კომპანიის წარმომადგენლები გაუძღვებიან.  წარმოდგენილი კომპანიების ჩამონათვალშია: Google, Facebook, Deloitte, VICE, DeviantArt, Tesla, Rotten Tomatoes და სხვა. გარდა ამისა, კონფერენციის ძირითადი დრო დაეთმობა ნეთვორქინგს და ბიზნეს შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაწილეების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებას.

თემები, რომლებსაც სპიკერები შეეხებიან მრავალფეროვანია და ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის, გლობალური პროდუქტების შექმნა, მეწარმეობა, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, მომხმარებლის გამოცდილება, ბიზნესის განვითარება და გაყიდვები, საცალო და ინტერნეტ ვაჭრობა და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ისეთ მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტს, როგორიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექ კონფერენციაა. პროექტის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისგან მიიღონ. ამასთანავე, დაამყარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მხოლოდ პოზიტიურად აისახება მათ სამომავლო საქმიანობაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კონფერენციაში ჩართულ მონაწილეებს. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველ რიგში მონაწილეების განვითარებას და ახალი საინტერესო პარტნიორობის დამყარებას“,- განაცხადა  საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს, დიზაინერს, მარკეტერს, დეველოპერს თუ ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაძიებელს შეუძლია. მეტი დეტალისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: touch.ge/summit

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი რეგიონალური შეხვედრა სტარტაპებისთვის, რომელმაც 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორი, აქსელერატორი თუ კომპანია ონლაინ სივრცეში გააერთიანა. Startup Touch-ის ფარგლებში 250-ზე მეტი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის ნაყოფიერი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იყო.

 

Related Articles

Back to top button
Close