ეკონომიკა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

24 მარტი, 2022- საქართველოს ბანკი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის მხარდაჭერას განაგრძობს. პარტნიორობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ორგანიზებული ლიტერატურული ბანაკი დაიწყო. ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდება სალექციო კურსი ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე.

ბანაკის ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი ლექციები. პროზაიკოსმა და ჟურნალისტმა, რუსუდან რუხაძემ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, რომელშიც იდეების გენერირებისა და თხრობის, ასევე, ტექსტის აგების ტექნიკაზე ისაუბრა. ლიტერატურის კრიტიკოსმა, ნიკა აგლაძემ ბანაკის მონაწილეებს 21-ე საუკუნის პროზისა და პოეზიის კრიტიკაზე მოუთხრო.

მომდევნო დღეებში, დაგეგმილია დრამატურგ ქეთი დევდარიანის ლექცია დრამატურგიის თავისებურების შესახებ. მწერალი დათო ტურაშვილი კი, ბანაკის მონაწილეებს ლიტერატურაში ომის თემასა და პროტესტის მნიშვნელობაზე ესაუბრება.

ბანაკის ფარგლებში  კინოჩვენებები და დისკუსიები გაიმართება.

პროექტის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში აქტიურად ჩართვის წახალისებაა. ასევე, ამ პროცესში სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართვა და სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენა.

პროექტის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მონაწილეები შერჩეულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯიას“ მხარდაჭერით და USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის კონსულტაციების საფუძველზე.

პროექტს მასპინძლობს სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close