საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის
21 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა.
მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოში მაღალის კლასის აქსელერატორის შემოსვლით ქართველი სტარტაპერების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებაა. ისეთი მსხვილი მოთამაშის, როგორც 500 Startups-ია ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქართულ სტარტაპებს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშავონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ასევე, 4 თვიანი აქსელერაციის პროცესში მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. საბოლოო ჯამში კი შექმნან ინოვაციური პროდუქტი, გავიდნენგლობალურ ბაზრებზე და მოიპოვონ წარმატება.
„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც ქართველ სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარების მიზანს ემსახურება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
500 Startups მსოფლიოში ტოპ ბიზნეს აქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით როგორიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab. კომპანიამ დაარსების დღიდან, „სილიკონ ველიში“ 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა.
500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია და იდეებს უფრო მეტად უდგება მხარში, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.