საპროტესტო აქცია დედოფლისწყაროს სამ სოფელში _ მოსახლეობა მიწების დაბრუნებას ითხოვს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა.
მათი თქმით, ზემო ქედის, ქვედა ქედისა და არხილოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფილმა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაუყიდა, რომელმაც ერთ-ერთ ბანკში ჩადო და დღეს ბანკი მის გაყიდვას აპირებს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ახლა კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ საზღვრისპირა სოფლებში მიგრაცია აქტიურად მიმდინარეობს. თუ მოსახლეობას, რომლის ერთ-ერთი შემოსავალი წყარო მიწათმოქმედებაა, აღარ ექნება მიწის დამუშავების საშუალება და 3600 ჰექტარი მიწა არ დაუბრუნდება, სოფლებს მოსახლეობისგან მთლიანად დაცლის საშიშროება ემუქრება.
აქციის მონაწილეები პრობლემის გადაწყვეტაში დახმარებას ხელისუფლებასგან ითხოვენ.