საზოგადოება

სამებაში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, 14:00 საათზე ქართველ მწერალს  ტაძრიდან გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრებიც მივიდნენ:

“ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიკუთვნებოდა იმ პოეტებს, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენს მწერლობაში, პოეზიაში და ნამდვილად, მისი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

“დღეს ძალიან მძიმე დღეა, ვემშვიდობებით ადამიანს, რომლის ღვაწლიც ქართულ კულტურაში უაღრესად დიდია. გარდა თავისი შემოქმედებისა, ჯანსუღ ჩარკვიანი გამოირჩეოდა ძალიან აქტიური, პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციით, ის წლების განმავლობაში ჟურნალებს “ცისკარს” და “დილას” რედაქტორობდა. სწორედ “ცისკარში” გამოქვეყნდა პირველად ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია” და წარმოიდგინეთ იმ პერიოდისთვის, ეს რამდენად გაბედული ნაბიჯი იყო. მასთან ერთად გარკვეული ეპოქა დასრულდა”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს დილით გარდაიცვალა. 86 წლის ქართველი პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close