„საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, პალატის ბაზაზე მედიაციის განვითარების კომიტეტი ფუძნდება, რომელსაც ირაკლი ყანდაშვილი უხელმძღვანელებს.  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას განცხადებით, პალატა აქტიურ როლს ითამაშებს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისთვის პოპულარიზაციის და დანერგვის პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციით დავების შეთანხმებით დასრულების მხარდაჭერას.

„დღეს პალატის ბაზაზე კომიტეტის შექმნის საჭიროება აქტუალურად დგას. პალატაში 900-მდე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტია გაერთიანებული, ბოლო პერიოდში კი მსხვილი ბიზნესის წევრებიც ერთიანდება. ჩვენი მთავარი ფუნქცია ის არის, რომ დავაორგანიზოთ ბიზნესის იდეები და წარვუდგინოთ მთავრობას, პალატაში არსებული სხვადასხვა კომიტეტის მეშვეობით. კომპანიები ერთიანდებიან მაშინ, როცა შეუძლიათ საერთო პრობლემის გადალახვა. დღეს კი ნამდვილად დგას საჭიროება ბიზნესმა იფიქროს და ერთიანი ხედვა ჩამოაყალიბოს, თუ როგორ გადაწყვიტოს ნაკლები დროის და ფინანსების დანახარჯით, მათ წინაშე არსებული სამართლებრივი დავები, რაც მიზნის მიღწევის საქმეში მედიაციამ ბიზნესს უნდა დაანახოს, ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობები,“ – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

ირაკლი ყანდაშვილის თქმით, მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმს და მისი გამოყენებით მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ხელით მიიღონ ორმხრივად სასარგებლო და მათ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებები.

„მედიაციით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ექმნებათ შესაძლებლობა, არამხოლოდ ნაკლები ფინანსების და დროის ხარჯზე აღმოფხვრან მიმდინარე სამართლებრივი დავები, არამედ მოახდინონ კონფლიქტის წარმოშობის ეფექტური პრევენცია. სწორედ ამ მიმართულებით ბიზნესის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების და ბიზნესის ყოველდღიურ გამოყენებაში მედიაციის დანერგვის ამბიცია ექნება კომიტეტს,“ – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

კომენტარები