საზოგადოება

,,რუსის გამო, თავისუფლების გამო, ორივე თვალში ჩაქრა სინათლე…” _ კობა ლეთოდიანის შვილის სულისშემძვრელი წერილი

ნათია ლეთოდიანი, 2019 წლის 20 ივნისს, აქციის დაშლის დროს დაშავებული კობა ლეთოდიანის შვილი:

_ ოცდაათი წლის წინ, მზიან და ლამაზ სოხუმში რუსი შემოგვივარდა, უამრავი ადამიანი საკუთარი სახლებიდან გამოგვყარა, მამაჩემი ვერტმფრენში ააფეთქა, მარჯვენა თვალით დააბრმავა… გადავრჩით. ძლივს ამოვისუნთქეთ, ამჯერად უკვე სხვა ქალაქში განვაგრძეთ ცხოვრება, რეალობას ცალი თვალი გავუსწორეთ . ფიზიკურად აქ, სიზმარში კი მთელი ოჯახი ისევ იმ მზიან ქალაქში იყო… მერე ბევრი, ძალიან რთული წელი იყო… და აი, შარშან, ამდენი წლის შემდეგ, ისევ რუსი შემოგვივარდა, ამ “სხვა ქალაქშიც” მოგვაგნო, პარლამენტში დაგვიჯდა, საფრთხე ვიგრძენით, გავაპროტესტეთ და ამჯერად მარცხენა თვალი ამოგვთხარეს, აი ის თვალი, 30 წლის წინ რომ გადარჩა… ისევ რუსის გამო, ისევ თავისუფლების გამო ორივე თვალში ჩაქრა სინათლე.
ამ ერთი წლის განმავლობაში ვინ როგორ ცდილობდა, შინაური თუ გარეული, ამ ამბის გაუბრალოებას და ყველაფრის მიჩუმათებას, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ… ჩვენ კი მანამ, სანამ რომელიმე თვალს “აგვიწყობენ”, ოჯახის ის წევრები წავალთ პარლამენტთან, ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩენია ორი თვალი!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia თქვენ კი სამარცხვინო კანტორა ხართ! კიდევ რამდენი წელი უნდა დაგჭირდეთ დაზარალებულად რომ ცნოთ ორი თვალით დაბრმავებული ადამიანი?!
#სირცხვილია
#20ივნისი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close