ჯანდაცვა

ევროპაში წითელა მძვინვარებს, არიან გარდაცვლილები _ ,,მას ვერაფერი შეაჩერებს აცრების გარდა”

   2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ადამიანებიდან 37 გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. გასული წლის ამავე პერიოდში წითელას შემთხვევების მაჩვენებელმა 23 927 შეადგინა, 2016 წელს კი 5 273. ექსპერტები ინფიცირების შემთხვევათა მატებას იმას უკავშირებენ, რომ ადამიანები ვაქცინაციას უფრო იშვიათად მიმართავენ.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი, 23 ათასი შემთხვევა უკრაინაში აღირიცხა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის გარდა ევროპაში კიდევ 6 ქვეყანაა, სადაც ექვს თვეში ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, მათ შორის არის საქართველოც. კერძოდ, ეს ქვეყნებია საფრანგეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, სერბეთი. მათგან, ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 14 შემთხვევა, სერბეთში დაფიქსირდა.

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია,ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით 3-4 დღეში იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი 6-7 დღეში ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, წითელას გავრცელების რისკჯგუფში 20-დან 40 -წლამდე ასაკის აუცრელი მოქალაქეები არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში, წითელას ვირუსით 41000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. 37-ი გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი, 23-ი ათასი შემთხვევა უკრაინაში დაფიქსირდა. უკრაინის გარდა ევროპაში კიდევ ექვსი ქვეყანაა, სადაც ექვს თვეში ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, მათ შორის არის საქართველოც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აუცილებელია, მოქალაქეებმა წითელაზე აიცრან. აცრა აუცილებელია ასევე ქალებისთვის, რომლებსაც შვილის გაჩენა სურთ.

„წითელას არაფერი შეაჩერებს აცრების გარდა. ყველაზე მეტი არაიმუნურები არიან 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები. ერთი წლის ასაკში ბავშვებს კი უტარდებათ გეგმური აცრა“- აცხადებს პაატა იმნაძე.

წყარო: imedinews.ge

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close