საზოგადოება

რის გამო დასვეს პაპუნა უგრეხელიძის დაბადების დღის ტორტზე ციყვები? _ ეკა მესხიძე ალაპარაკდა

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას პასუხობს:

,,ქმრის საკითხი საერთოდ არაფერ შუაშია იმ ბრალდებებთან, რომელზეც მე ვსაუბრობ. იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია, თანამშრომლის საშუალებით, რომელთანაც ვმეგობრობ, მემუქრებოდა – წაათრიოს თავისი ქმარი, აქ რას დამიტოვაო. იყო მუქარა, რომ ჩემი ქმარი თუ არ წამოვიდოდა, ახალ სამსახურშიც შემიქმნიდა პრობლემებს. ეს მთელი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თანამშრომელს ეუბნებოდა, რომ არ გამახარებს და არ მოისვენებს, სანამ არ დამმარხავს. ამის შემდეგ შევუთვალე, რომ ამდენი ხანი ვიყავი ჩუმად, სამსახურიდან მშვიდად წამოვედი, მაგრამ ეს არის მუქარა და ამისთვის ვუჩივლებ. მისი პასუხი ამაზე იყო ის, რომ ამ შემთხვევაში გაავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ერთმანეთთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა საბოლოოდ მიმემართა სახალხო დამცველისთვის, რაც დროში ნამდვილად დაემთხვა ჩემი ქმრის სამსახურიდან გამოშვებას, თუმცა ეს მიზეზი არ ყოფილა”, – ამბობს ეკა მესხიძე ტაბულასთან.

რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას იმასრთან დაკავშირებით, რომ ციყვებით გაფორმებული ტორტი ეკა მესხიძემ აჩუქა, ის ამბობს, რომ უგრეხელიძის დაბადების დღეზე საერთოდ არ ყოფილა.

“ამ ტორტთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არც დაბადების დღეზე ვყოფილვარ და საერთოდ, თვალით არ მინახავს ეს ტორტი. დაბადების დღეზე აჩუქეს თანამშრომლებმა. რატომ არ დასვა არავინ კითხვა, რის გამო დასვეს ამ ტორტზე ციყვები? – იმიტომ, რომ ქალებს მიმართავდა ასე. ამის გამო გაეხუმრნენ და მიართვეს ასეთი ტორტი. ეს გავიგე მოგვიანებით, როცა ციყვები, ტორტის გარეშე მაგიდაზე ჰქონდა შენახული დიდი ხნის განმავლობაში”, – ამბობს ეკა მესხიძე.

საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომელს ბრალდებების დამადასტურებელი, მუქარის შემცველი მიმოწერა შენახული აქვს და ტაბულასაც მიაწოდა, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილის გასაჯაროება ისურვა.

წყარო tabula.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close