საზოგადოება

,,რეაქცია არა გაქვთ, თუ გინდა სახლში შემოგივარდნენ” _ ცოტნე გამსახურდიას წერილი ქართველებს

საქართველოს 2018 წელი გაძვირებილი ტარიფებით ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ პენსიების მატება მთავრობამ 2020 წლისთვის დაგეგმა და ხელფასებიც მხოლოდ ამა ქვეყნის დიდებულთათვის მატულობს, რიგით ადამიანებს მაინც გაუძვირეს დენი, გაზი, წყალი, დასუფთავების გადასახადი. ძალაში შევიდა ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება, რაც გაღატაკებული ხალხის ზურგიდან ფულის ამოღებას ითვალისწინებს. მართვის მოწმობებიც გარკვეული კატეგორიისთვის 1 აპრილამდე უნდა შეიცვალოს, რაშიც ასევე გადასახადია საჭირო. წამალი და სამედიცინო მომსახურეობის ფასები დაოთხილი ცხენივით გარბის, რიგითი ადამიანებისთვის კი იმედის სხივი კვლავ ჩამქრალია. ,,იძირება გემი”, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება მაინც ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა.

ცოტნე გამსახურდია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

„მოკლედ, ნაწილ-ნაწილ უნდა დაგიღეჭონ და აგიხსნან, რა ხდება. ისე – რეაქცია არა გაქვთ, თუ გინდა სახლში შემოგივარდნენ…

ბიძინეს აქვს ბიტკოინების საწარმოებელი ქარხანა გლდანში. “ბიტკოინების ქარხანა” – არის ბევრი სპეციალური კომპიუტერი ერთად, რომელნიც დღე და ღამე მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რათა გამოიმუშაონ დაშიფრული, ანუ კრიპტო-კოდი, რასაც ეწოდება “ბიტკოინი”. მოკლედ, ეს მაინერები, ანუ იგივე სპეციალური კომპიუტერები, მოიხმარენ ძალიან ბევრ ელენერგიას.

ელენერგია ამ ქარხანას ძალიან იაფად მიეწოდება, რადგან:

 ა) გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს (დიახ, არის ასეთი ზონა გლდანში) და ენერგიის მიმწოდებელი დღგ-სგან და სხვა გადასახადებისგან გათავისუფლებულია, და

 ბ) ეს ქარხანა ქვესადგურთან ძალზე ახლოსაა და ამიტომ ფასი ელექტროენერგიის გადაცემისა და დისტრიბუციის ხარჯებს ფაქტობრივად არ შეიცავს. მოკლედ, ძალიან რომ გაგახაროთ, ერთი კილოვატი ენერგია დაახლოებით 5 თეთრი უჯდება, ანუ – თქვენზე 3-4ჯერ ნაკლები.

გლდანში ეს ქარხანა საქართველოს ბიუჯეტში არაფერს იხდის, რადგან ხსენებულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაშია. ამიტომ ასეთ ზონებში სახელმწიფო მიწას ყიდის შედარებით ძვირად, რადგან გაყიდვის შემდეგ იქედან გადასახადებს ვეღარ მიიღებს. მეწარმემ და სახელმწიფომ უნდა მონახონ რაღაც წონასწორობის წერტილი, როდესაც ორივეს უღირთ – მეწარმეს ძვირის გადახდა მიწაში და შემდეგ გადასახადებისგან გათავისუფლება, ხოლო სახელმწიფოს – გაყიდვა ძვირად, მაგრამ იმდენად, რომ მეწარმე არ დააფრთხოს, რომლისგანაც მომავალში გადასახადებს პრაქტიკულად ვეღარ მიიღებს. სახელმწიფოს სარგებელი აქ ფაქტობრივად მყისიერია და საწყის ეტაპზე მიიღება. მიხვდით?

მაშ, ასე. რა უღირდა ბიძინეს ეს მიწა, რომ ქართული სახელმწიფოსათვის გადაეხადა და დაესვენა შემდგომი გადასახადებისაგან? თუ გამოიცნობთ… რა უღირდა და ერთი ლარი! ერთი ლარი კაი ფულია, კაცო… დიახ, 2014 წელს სწორედ ერთ ლარად გადასცა მისმა ხელისუფლებამ მისსავე კომპანიას 18,5 ჰექტარი, ანუ – 185 000 კვადრატული მეტრი, ერთ ლარად! საუბარია მინიმუმ 185 მილიონი ლარის ქონებაზე. ერთ ლარად. ჰო, შემდეგ თანაინვესტირების ფონდიდან 20 მილიონი დოლარითაც დააფინანსეს.

ესე იგი, გვაქვს საქართველოს დიდი მოამაგისა და ქველმოქმედის კუთვნილი ობიექტი, რომელიც იღებს ენერგიას 5 თეთრად/კვტ, და 185 მლნ ღირებულების მიწა, რომელიც მიღებული აქვს ერთ ლარად, და საქართველოს ბიუჯეტი აქედან არ იღებს არაფერს. ერთადერთი, რაც მას სჭირდება, არის ელექტროენერგია. ბევრი ელექტროენერგია.

ამ ელექტროენერგიის გამომუშავებას და მიწოდებას სჭირდება ინფრასტრუქტურის განახლება და გაზრდა, რათა ქარხნის მუდმივად მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. საიდან მოიტანონ ქსელის მოდერნიზაციის და გაძლიერების ფული? მართალია! თქვენი ჯიბიდან, რა თქმა უნდა! აბა, მოგებას ხომ არ მოაკლებენ? ანუ – თქვენი ჯიბიდან უნდა ამოიღონ მეტი ფული დღეს, რათა ბიძინეს მეტი ელექტროენერგია მიაწოდონ შეუფერხებლად მომავალში.

აბა, რა გინდოდათ, რაც მიშამ და შევარდნაძემ ფულები დაახარჯინეს, არ უნდა ამოიღოს?!

ასეა, დღეს ჩვენ ბიძინეს ბიტკოინებისთვის ქსელის გაუმჯობესების ხარჯები უნდა გადავიხადოთ! კიდევ აირჩიეთ საკონსტიტუციო უმრავლესობით…

პ.ს. ჰო, ასეთი ქარხანა აქვს გორშიც, უბრალოდ მე ჯერ არ ვიცი იქაური სიტუაციის დეტალები, მაგრამ მგონია დიდად არც ის განსხვავდება აქ აღწერილი სიტუაციისგან.“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close