საზოგადოება

რა შინაარსის სტატია უძღვნა ,,ნიუ იორკ თაიმსმა” ბიძინა ივანიშვილს

,,ყველაფერი კარგად იციან საქართველოში..." - ნანა კაკაბაძე

,,17 იანვარს „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულა სტატია „ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების ჩვენება? ოლიგარქის უცნაური პარკი“.
სტატია ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება.
უცნაურია ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული გამოცემა ადგილს უთმობს არაფრისმთქმელ, მკითხველისთვის სრულიად უინტერესო და უშინაარსო ისტორიას იმის შესახებ, რომ რომელიღაც პატარა ქვეყანაში მცხოვრებ მილიარდერს ხეების სიყვარულით დენდროლოგიური პარკი გაუშენებია, სადაც მართალია, შესვლა და დათვალიერება უფასოა, მაგრამ პარკში ყველგან დამონტაჟებულია კამერები, მოძრაობის დეტექტორები, და მინიშნებები – „არ გაბედო შეხება“.
როგორც სტატიის სათაურიდან ვგებულობთ, მის ავტორს მოსჩვენებია, რომ ეს ყველაფერი ხეების სიყვარული კი არა, ძალაუფლების ჩვენებაა.
ძალაუნებურად დაინტერესდება მკითხველი, ვინ არის სტატიის ავტორი, რა მიზანი აქვს მსოფლიოს წამყვანი პრესის ფურცლებზე ასეთი არაფრისმთქმელი სტატიისთვის ადგილის ყიდვას?
ყველაფერი გასაგები გახდა, მას მერე როცა გაირკვა, რომ სტატიის ავტორი რუსი ჟურნალისტი ივან ნეჩეპურენკო ყოფილა, რომელიც 2016 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით აფხაზეთშიც შებრძანებულა.
კიდევ უფრო ნათელი ხდება მიზანი, როდესაც სტატიაში აქცენტი გაკეთებულია ორ მომენტზე: 1.თურმე ივანიშვილს თავისი 6-მილიარდიანი კაპიტალი რუსეთში დაუგროვებია და 2. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს ცდილობდა საბჭოთა წარსულისგან დისტანცირებას, ხოლო წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული და დაპატიმრებული ახლა თავს „პუტინის პატიმარს“ უწოდებს.
ერთ პატარა სტატიაში იმიტომაც აღმოჩნდა ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო ორი ამბავი – რუსეთში გამდიდრებულის დენდროლოგიური პარკი და „საბჭოთა წარსულისგან დისტანცირებული“ ექს-პრეზიდენტის პატიმრობა, რომ მკითხველმა დაინახოს, ვინ არის „მტერი“ და ვინ „მოყვარე“. „ნიუ იორკ თაიმსის“ მკითხველმა ხომ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი,რუსეთში ნაშოვნი მილიარდების დიდ ნაწილს საკუთარ სამშობლოში, ქველმოქმედებაში ხარჯავს, ხოლო სააკაშვილის გუნდის სახეები, რუსეთში გამილიონერებული კახა ბენდუქიძე, კობა ნაყოფია, რუსეთის მაღალჩინოსანი დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის კგბ-ს გენერალი თემურ ალასანია და სხვები წარმოადგენენ „დემოკრატი“ და „პროდასავლური“ ნაცმოძრაობის პარტიის მმართველ რგოლს.
არც იმაში იქნებიან გათვითცნობიერებულნი ამ პატივსაცემი გაზეთის მკითხველები, რომ თავისი მმართველობის დროს „საბჭოთა წარსულისგან დისტანცირებულმა“ პრეზიდენტმა სააკაშვილმა „გმირული“ ომის შედეგად ქართული მიწები, ხოლო მანამდე მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს გადასცა.
ქვეყანას „დემოკრატიულსა“ და „პროდასავლურს“ ეძახდა, როცა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები ციხეებსა თუ ქუჩებში სისტემად აქცია.
სამაგიეროდ ეს ყველაფერი კარგად იციან საქართველოში, იციან, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა-როგორ აკეთებდა და დღესაც აკეთებს რუსულ საქმეს, პროდასავლური და დემოკრატიული ლოზუნგებით” – წერს ფბ საკუთარ გვერდზე ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close