საზოგადოება

რა უნდა ვიცოდეთ ახალი საჯარიმო რეგულაციების შესახებ_ ადვოკატის რჩევები

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით განისაზღვრა შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს იმოქმედებს. მაგალითად, ამ დადგენილებით გაიწერა – ეკონომიკური საქმიანობები, რომლებსაც ეზღუდებათ ფუნქციონირება; დაწესდა შეზღუდვები მიმოსვლაზე; შეიზღუდა შეკრებებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის უფლება.
ადამიანებს ხშირად აინტერესებთ საგანგებო რეჟიმის დროს კონკრეტულად რისი გაკეთების შესაძლებლობა შეეზღუდათ და ასევე დაჯარიმების შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა ჯარიმის გასაჩივრება.

 შეზღუდვები
მიმოვიხილავ მხოლოდ მიმოსვლასთან დაკავშირებულ ზოგიერთ შეზღუდვას. ამ დროისათვის:
– გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
– აკრძალულია მანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილება და ამ სამ პირში შედის მძღოლიც. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს მანქანაში განთავსების წესები, მაგალითად – მგზავრების ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ მძღოლის უკანა მხარეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით;
– აკრძალულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება, როგორც ფეხით ასევე მანქანით. თუმცა ეს აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს. აკრძალვა ასევე არ ეხება საჯარო დაწესებულებებისა და დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
– აკრძალულია შეკრებები ან/და მანიფესტაციები;
– აკრძალულია სამ პირზე მეტი რაოდენობით საჯარო სივრცეში თავშეყრა. ეს აკრძალვა არ ეხება საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ადამიანებს;
– აკრძალულია სოციალური ღონისძიებები, სადაც შეიძლება შეიკრიბოს 3-ზე მეტი პირი, მაგალითად ქორწილი, ქელეხი, დაბადებისდღე და სხვა;
– 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ სურსათის, სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტის შეძენის მიზნით. ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო პერსონალს.

➡️ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დაშვებულ დროის მონაკვეთში, წესების დაცვით გადაადგილების შემთხვევაში ვალდებული ხართ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, არც ერთი ადამიანი გარეთ არ უნდა გავიდეს პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარეშე.

??? ვინ დაჯარიმდება
– უშუალოდ ის პირი, ვინც არ დაემორჩილება დადგენილ წესებს და დაარღვევეს მათ;
– მანქანაში განთავსების წესების დარღვევისას პასუხისმგებლობა ეკისრება მძღოლს;
– 16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

მთავრობის ხსენებული დადგენილებით განსაზღვრული წესების დაცვას აკონტროლებენ შესაბამისი (შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები) უწყების. მაგალითად მიმოსვლის წესების დაცვას უზრუნველყოფს შსს-ს, საპატრულო პოლიციის მეშვეობით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს.

 რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს
პასუხისმგებლობის საკითხი გაწერილია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტით, რომლის შესაბამისადაც, საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:
➡️➡️➡️ – ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ჯარიმა, ფიზიკური პირისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისათვის 15 000 ლარის ოდენობით;
➡️➡️➡️ – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას: ჯარიმა დაკისრებული პირის მიერ იგივე ქმედების კიდევ ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიულ პირს ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია.

⛔️⛔️⛔️ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა, რომ მალე დავამარცხოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი დაჯარიმება მოხდა უსაფუძვლოდ, მაშინ შეგიძლიათ ამ ჯარიმის (დადგენილების) გასაჩივრება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ზემდგომ ორგანოში ან პირველი ინსტანციის სასამართლოში. ჯარიმის ნებაყოფლობითი გადახდის ვადა კი არის 30 დღე.

Related Articles

Back to top button
Close