რას ითხოვს ხაშურის საავადმყოფოში გარდაცვლილი, მშობიარე ქალის ოჯახი?
სამშობიაროს ექიმების დასჯას მოითხოვს, გუშინ, ხაშურის საავადმყოფოში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი. 41 წლის ლიანა ტაბატაძის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად, ისინი ექიმების გულგრილობას ასახელებენ. მათი მტკიცებით, ხაშურის საავადმყოფოში პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს და გამოიგონეს, თითქოს მას სისხლი მოეწამლა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ლიანა ტაბატაძე საკეისრო კვეთას მოითხოვდა და ექიმებმა, თავდაპირველად უარი უთხრეს.
ოჯახის ბრალდებას არ პასუხობენ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში. ახალგაზრდა ქალი სამშობიაროში გუშინ გარდაიცვალა, ბავშვი კი გადარჩა. მისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო. გარდაცვლილს კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
მომხდარზე გამოძიება 116-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, 2 დან 4 წლამდე ვადით.