რას ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, პანკისში სპეცრაზმელის მიერ დაჭრილ 19 წლის ბიჭზე?
პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 19 წლის მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს.
დაჭრილი ახალგაზრდა ცნობილი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ნათესავია, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პანკისელის უფლებებსაც იცავს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე და ქისტურ ტრადიციებზე მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
– დედაჩემი, მზია მაჩალიკაშვილი და დაჭრილი ბიჭის მამა ბიძაშვილები არიან. ბაბუაჩემი, ჟორა მაჩალიკაშვილი, გროზნოში გარდაიცვალა ჩეჩნეთის ომის დროს და იქ დავკრძალეთ. მეც არაერთხელ ვარ ნამყოფი გროზნოში. იქ სახლი გვქონდა. ბაბუას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ფაქტობრივად ხიდი იყო ქართველებსა და ქისტებს შორის. მუსლიმანი იყო, მაგრამ სოლიდარობის ნიშნად ქართულ ეკლესიაშიც შედიოდა. როცა გროზნოში გადავიდა, აქტიურ მუსლიმად იქცა. ბევრი მეგობარი ჰყავდა ქართველებს შორის.
ახმეტაში რძის ქარხნის დირექტორად მუშაობდა 10 წელი. დღესაც კი ახსენებენ მის სახელს. დედაჩემის ნათესავების ნახევარი დღემდე პანკისში ცხოვრობს. მეც მთელი ბავშვობა, პანკისში მაქვს გატარებული და დღემდე გვაქვს მისვლა-მოსვლა. დედაჩემის დედა ქართველია – იმერელი. რთულია, როცა მამა მუსლიმი გყავს და დედა – ქრისტიანი. დედაჩემს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი რელიგია აირჩიოს. ქისტებში ბიძაშვილის ბიძაშვილიც ძმად ითვლება. ქართველებმა იციან თქმა, ნახევარძმაო, იქ ასეთ რამეს ვერ გაიგონებთ, ძმაა და მორჩა. მოგვარეები ძმები არიან და ა. შ.
– თემირლან მაჩალიკაშვილს ახლოს იცნობდით?
– მის მამას ვიცნობ კარგად. იმ ხეობის კოლორიტია ეს კაცი. კულტურული ოჯახი აქვთ და ძალიან შორს არიან ტერორიზმისა და მსგავსი საქმიანობისგან. ის გვარის უფროსია და ყველა დიდ პატივს სცემს.
ამ ოჯახს, თემირლანის გარდა, ერთი გოგო ჰყავს, რომელიც საკმაოდ თანამედროვეა, ძალიან განათლებულია. ოჯახი ცივილიზებული, წყნარი და მშვიდია. თემირლანის მამა მშვიდობის მტრედივით იყო ამ ხეობაში. არავისთვის არაფერი დაუშავებია და სულ ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ყოფილიყო ქართველებსა და ქისტებს შორის. ჩვენ ისე გავიზარდეთ, რომ მსგავსი აგრესია არასოდეს მინახავს. ათასჯერ ყოფილა მიზეზი, ერთმანეთს წაკიდებოდნენ, მაგრამ ყველაფერი ასეთი ადამიანების დახმარებით გვარდებოდა.
თემირლანს თვალები აწუხებდა და კითხვა უჭირდა. შარშან ოპერაცია გაუკეთეს და სწავლაც შეძლო. თბილისში წავიდა სასწავლებლად, ბინაც უქირავეს… დედამისი მუდამ აკითხავდა. იმდენად კარგად იციან მისმა მშობლებმა, როგორ ცხოვრობდა ეს ბიჭი და რას წარმოადგენს, ფიქრობენ, სპეცრაზმი შეცდომით შევიდა პანკისში მათ სახლში.
…ზუსტად ვიცი, არსებითად დამნაშავეები ნამდვილად რომ არ არიან, მაგრამ რა შემხებლობა ჰქონდათ ჩატაევთან თუ სხვებთან, ჯერ ზუსტად არ ვიცით. ახლა ამაზე არც არის საუბარი. ვიცით მსოფლიოს საშიში დამნაშავეების მაგალითები, რა უფლებებით სარგებლობენ. ჩვენ ევროპულ ქვეყნად მოგვაქვს თავი და ამ დროს 19 წლის ბავშვს პირდაპირ თავში ესვრიან, ანუ მოსაკლავად ერსოლეს. რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?! ბალიშის ქვეშ ბომბი ედო და ისე ეძინა? ეს ხომ აბსურდია!
…ფაქტია, რომ მწოლიარეს ესროლეს. თემირლანი თბილისში, კოლეჯში სწავლობდა. წინა დღეებში თბილისიდან ჩასულა წინასაახალწლოდ. დაბადების დღე ჰქონდა და, ჩვენი ინფორმაციით, ღამის 4 საათზე იმ დღის ამბებს ბიძაშვილს უზიარებდა – ტელეფონზე მესიჯებს სწერდა. სპეცრაზმელები ამ დროს შევიდნენ მის სახლში. ანუ ხელყუმბარა კი არა, სავარაუდოდ, ხელში ტელეფონი ეჭირა, რომელიც სამართალდამცავებს ხელყუმბარა ეგონათ.
ვისაც მესიჯებს სწერდა, ის ბიჭი თბილისში, დაცვის სამსახურში მუშაობდა და ამ ამბის მერე სასწრაფოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ მესიჯებს ამოვიღებთ და დავადასტურებთ ყველაფერს.
სასაცილოა ამ ბავშვის დამნაშავეობაზე ლაპარაკი, მაგრამ ასეც რომ იყოს, ასე უნდა აიყვანო დამნაშავე?! მაშინ კანონი შევცვალოთ! ეს არ არის კანონის დარღვევა? შეიძლება სწორედ ამ ბიჭის მოკვლა აწყობდათ ან სულაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი შეცდა. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა, იარაღის ნასახი არ ყოფილა სახლში და მხოლოდ ერთი ბომბი ედო ბალიშის ქვეშ?! სახლში როგორ დაწვებოდა ბომბთან ერთად, გამაგებინეთ!”
რუსუდან ადვაძე
ჟურნალი “სარკე”