საზოგადოება

,,პრობლემა მეტროს მემანქანეებში კი არა, ფუმფულა სავარძლებშია” _ გადასხედით ჯიპებიდან საზ. ტრანსპორტში!

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:

_ შავი ჯიპებიდან თეთრ ჯიპებზე კი არა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უნდა გადაბრძანდეთ ბატონო თანამდებობის პირებო. გამონთავისუფლებული თანხით (ავტომობილის ღირებულება, საწვავი, ავტო-სერვისი), ასობით მილიონი ლარით (ჩემი ინფორმაციით 200 მილიონ ლარზე მეტი ყოველწლიურად) განავითარეთ მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი. მიეცით მძღოლებს და მემანქანეებს ღირსეული ხელფასი. 2-3 წელიწადში დავძლევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კრიზისს და 3-4 წელში ევროპულ სტანდარტებსაც კი მივუახლოვდებით. რატომ არ იქცევით ასე? რატომ არ კადრულობთ ერთი ადგილის აწევას და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დადებას? რით ხართ ვენის, ამსტერდამის, და სხვა ძალიან განვითარებული ქალაქებისა თუ ქვეყნების ხელმძღვანელობაზე ღირსეულები? ევროპის სხვადასხვა ქალაქის მერები სიამოვნებით მგზავრობენ მათ მიერვე განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ამით ამაყობენ! გესმით? ამით ამაყობენ და ხალხსაც უყვარს საკუთარი ქალაქის მერი! კი არ აგინებენ, არამედ უყვართ! ჩვენ კი თავზე ჩამოგვემხო დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, თუმცა ასეთი საერთოდ არსებობს თუ არა საკითხავია. რას იჭვრიტებით ბენზინყლაპია ჩაშავებულფანჯრებიანი შავი ჯიპებიდან? ფანჯარას მაინც ჩამოუწიეთ და ისე გამოიხედეთ, ხალხს XXI საუკუნეში 90-იანები გაუხადეთ სანატრებელი. მგზავრები მარშუტკებზე და ავტობუსებზე გარედან არიან ჩამოკიდებულები. ტურისტების რაოდენობას რომ ითვლით სიამაყით, რას იტყვის ის ტურისტი თავის ქვეყანაში რომ დაბრუნდება, მარშუტკაზე ჩამოკონწიალებული კაცი ვნახეო?

ვინ მოგცათ უფლება, რომ ჩვენ ფულებს, ლამის არის საკუთრებად გადაქცეულ სახელმწიფოს ჯიპებში ასხამთ ბენზინად და დასეირნობთ ხან აგარაკებზე და ხან სად და ხან სად? ვინ მოგცათ უფლება,  რომ ათიათასობით ლარს ხელფასებად იწერთ? რითი დაიმსახურეთ? გადახედეთ თქვენ პრემიებს და ხელფასებს, სულ დაკარგეთ სინდისი? როგორ ამათხოვრებთ მეტროს დამსახურებულ და ღირსეულ მემანქანეებს 200 და 300 ლარზე, ადამიანებს რომლებმაც ნახევარი ცხოვრება მიწისქვეშ გაატარეს და მათი 60 % საპენსიო ასაკსაც ვერ აღწევს? როგორ ამათხოვრებთ? როგორ? არ გრცხვენიათ? თქვენ თვითონ გიშრომიათ ამ ქალაქისთვის თუნდაც 1% იმისა, რასაც ეს ადამიანები თბილისისთვის რამდენიმე ათეული წელია აკეთებენ? ზოგიერთ თბილისელს როგორ არ გრცხვენიათ, რომ მემანქანეებს აგინებთ გაფიცვის გამო და რის გამო, თავის უფლებებს რომ იცავენ ღირსეულად?

თბილისელებო, ოდესმე მათთვის, თუნდაც ერთხელ და თუნდაც გულში მადლობა გადაგიხდიათ? გადაგიხდიათ მადლობა იმისთვის, რომ მეტროს დაარსებიდან დღემდე მონური მორჩილებით, მიწისქვეშ, თავდახრილები, უამბიციოდ, ჩვენთვის დღე და ღამე თავდაუზოგავად მუშაობენ? გადაგიხდიათ მადლობა მათთვის თუნდაც იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა საპენსიო ასაკსაც ვერ აღწევს ჩვენ გამო? გულში, ჩუმად მაინც ყოფილხართ ამ ხალხის მადლიერი? და თვალში საერთოდ არ გხვდებათ ის გაზულუქება, რასაც ზოგიერთი თანამდებობის პირი კადრულობს და მიგვაქანებს 90-იანებისკენ? შეხედეთ თქვენ თავებს, რა ავტობუსებით და რა მეტროთი მგზავრობთ? და შეხედეთ მათ, ბენზინყლაპია შავჯიპიანებს, ძვირფასად გამოწყობილებს. როგორ მგზავრობენ? დაინახეთ? იქნებ დაინახოთ რამენაირად! ისევ მეტროს მემანქანეებს ხედავთ?
გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ “შავი ჯიპები” და განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთად არ თანაარსებობენ, ვერ თანაცხოვრობენ. და სანამ ამას არ შევიგნებთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ ქალაქის ჩვეულებრივო მოქალაქეებო, რომ პრობლემა მეტროს მემანქანეებში კი არა, ფუმფულა სავარძლებშია, მანამდე მოგიწევთ საშინელი ყოფის ატანა. და სანამ არ შეიგნებთ თქვენ, ძვირფასო თანამდებობის პირებო, რომ ამ ქალაქის პრობლემა მეტროს მემანქანეებში კი არა თქვენ მეორე ნახევრად ქცეულ “შავ ჯიპებშია”, მანამდე მოგიწევთ განრისხებული მოქალაქეების ლანძღვა-გინების ატანა.
შავი ჯიპებიდან თეთრ ჯიპებზე კი არა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უნდა გადაბრძანდეთ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close