,,პრიორიტეტული გახდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა…” _ რა წერია გახარიას სამთავრობო გეგმაში
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საკანონმდელო ორგანოში 36 გვერდიანი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმა წარადგინა. სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგი საკვანძო მიმართულებებით: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება;
გთავაზობთ გიორგი გახარიას წარდგენილ სამთავრობო გეგმას.
უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები
1.1 საგარეო პოლიტიკა
არსებული გამოწვევების პირობებში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საგარეო პრიორიტეტების ეფექტიან რეალიზებას, თანამშრომლობის გაღრმავებას სტრატეგიულ პარტნიორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის.
საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების შეკავებისა და აღკვეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ამ თვალსაზრისით, საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობით და აშშ-ის მონაწილეობით საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.
ჟენევის მოლაპარაკებები არ შეიძლება განვიხილოთ გეოპოლიტიკური გარემოდან იზოლირებულად და პროცესის გასაძლიერებლად მოზიდული იქნება დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის, ძალისხმევა მიმართული იქნება რუსეთის ფედერაციასთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის განხილვისა და ჟენევის პროცესის ინტენსიფიკაციის უზრუნველსაყოფად.
გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების და შესრულების, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ძალების გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისთვის და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გასაზრდელად.
აღნიშნული მიზნების მიღწევისათვის გამოყენებული იქნება ყველა არსებული ორმხრივი და საერთაშორისო ფორმატი, მათ შორის გაერო და მისი უშიშროების და ადამიანის უფლებათა საბჭოები, ეუთო, ევროსაბჭო და ორმხრივი შეხვედრები პარტნიორებთან.
პროაქტიულად გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელების მიზნით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, რისთვისაც გაგრძელდება საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია და მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანი გამოყენება. პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის შემდგომი მობილიზების მიზნით, გაგრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ნაბიჯების შესახებ. გაგრძელდება აქტიური მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომის უზრუნველსაყოფად.
გაგრძელდება ძალისხმევა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის.
საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიზნით.
კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული გულისხმობს მშვიდობის მშენებლობას, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას გამყოფი ხაზის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მათ დახმარებას და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე მავთულხლართებით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას. პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გაყოფილ საზოგადოებებს შორის პირდაპირი დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაშლას და განვითარებას. გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი მობილიზებისთვის.
მთავრობის საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე.
ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, მთავრობა გამოიყენებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს. ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი ეფუძნება საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და ძირითად პრიორიტეტებს და ამგვარად უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, თანამიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას.
საგზაო რუკის თანახმად, საქართველოს მთავრობა:
გააგრძელებს ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს;
გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად;
გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის კუთხით, რაც ქვეყანას უფრო მეტად დააახლოებს ევროკავშირის სექტორულ ნორმებსა და პოლიტიკასთან;
გააფართოებს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას და სპეციალიზირებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში საქართველოს ინსტიტუციების გაძლიერებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;
განახორციელებს საკანონმდებლო თავსებადობის ანალიზს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გააგრძელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას.
ამავე დროს, მთავრობა მოწოდებულია გააღრმაოს პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად. მთავრობა ასევე შეისწავლის ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ ინსტიტუციებთან. გაწეული იქნება მაქსიმალური ძალისხმევა შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი მოქალაქეებისათვის. ასევე, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებების გაფორმებისთვის.
ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის, რომელიც მხარდაჭერილია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მიერ და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა განხორციელდეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“.
საქართველო გააგრძელებს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების – წლიური ეროვნული პროგრამის, ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად გამოყენებას და დემოკრატიული განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს. ამასთან, საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, გააგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას და გააღრმავებს პრაქტიკულ თანამშრომლობას, 2018 წლის ბრიუსელის სამიტისა და 2019 წლის აპრილის საგარეო საქმეთა მინისტერიალის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
საქართველო ასევე უზრუნველყოფს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობას, რათა ქმედითი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
ხაზგასასმელია, საქართველოს მთავრობის მოწვევით, 2019 წლის ოქტომბერში, ბათუმში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მეხუთე ვიზიტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ნატოსა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრამდე NAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, და რომ ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია. ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.
საგარეო პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად გამოყენებული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მექანიზმები.
ორმხრივი დიპლომატიის ფარგლებში:
გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. კერძოდ, ჩვენი მიზანია:
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ყველა პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით;
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დაფუძნების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება;
აშშ-ს კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღების მიზნით მუშაობის გაგრძელება, რაც საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას;
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში არსებული საქართველოს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება და გაზრდა საქართველოს თაობაზე მნიშვნელოვანი განცხადებების, რეზოლუციებისა და საკანონმდებლო აქტების მიღების გზით;
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების მიზნით;
აშშ-ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაგრძელება სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მიღწევის მიზნით.
უმნიშვნელოვანესი იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა და ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება.
გაგრძელდება რეგიონალური სტაბილურობის ხელშეწყობა და რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის გატარება/ხელშეწყობა.
ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კონტინენტის, ასევე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე გაღრმავდება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სექტორული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობები.
აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. გაგრძელდება მუშაობა ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან არსებული ურთიერთობების განმტკიცების, ასევე თანამშრომლობის მდგრადი პოზიტიური დინამიკის განვითარების კუთხით.
მრავალმხრივი დიპლომატია
საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება.
საქართველო კვლავაც გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის აქტიურად შესანარჩუნებლად.
საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე დარღვევებზე წევრი სახელმწიფოების ყურადღების გასამახვილებლად.
2019-2020 წლებში საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს თავმჯდომარეობის წარმატებით დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
გაგრძელდება აქტიური მუშაობა თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს შესახებ საზღვარგარეთ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან საგარეო კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, სტრატეგიული კომუნიკაციების ფარგლებში განხორციელდება თემატური საინფორმაციო კამპანიები და სხვა შესაბამისი ღონისძიებები, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, საინფორმაციო გარემოს მონიტორინგი დეზინფორმაციის გამოსავლენად და პრევენციისთვის.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.
მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიასპორის ჩართულობას და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების ხელშეწყობას.
2020 წელს დაიწყება ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი.
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
არსებული ჰიბრიდული გამომწვევებიდან გამომდინარე, საქართველოს ესაჭიროება მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებთან სრულად თავსებადი, მობილური, ეფექტიანი თავდაცვის ძალები. სწორედ ასეთი შესაძლებლობების თავდაცვის ძალების არსებობა წარმოადგენს საფრთხის შეკავების ძირითად შემადგენელს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი მისიაა ქვეყნის თავდაცვა, რომლის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვასა და მისი სამხედრო კომპონენტის განვითარებაზე. ამასთან, გრძელდება ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ტერორიზმთან ბრძოლისა და მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. ამავდროულად, თავდაცვის ძალები უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით სტიქიური და ტექნოგენური კრიზისების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერას.
ამ ამოცანების შესასრულებლად, შემუშავებულია თავდაცვის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც 2020 წლამდე თავდაცვის სისტემის/თავდაცვის ძალების განვითარებისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ გატარებულ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასთან და გულისხმობს ისეთი შესაძლებლობების მქონე თავდაცვის სისტემის არსებობას, რომლის ფარგლებშიც მდგრადი და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე თავდაცვის ძალები, სხვა უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, შეძლებენ ქვეყნის თავდაცვის ამოცანის ეფექტიანად შესრულებას.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესში გააგრძელებს „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის დანერგვაზე მუშაობას.
„ტოტალური თავდაცვის“ მიზანს მშვიდობიანობის პერიოდში იმ მექანიზმების შექმნა წარმოადგენს, რომელთა დახმარებითაც, აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის მობილიზება თავდაცვის მიზნებისათვის სწრაფად და ეფექტიანად მოხდება. ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნით უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობების და მოვალეობების გადანაწილება თავდაცვის ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და მოსახლეობას შორის, რაც თავდაცვის სისტემას დაეხმარება საკუთარ ამოცანებზე კონცენტრირებასა და ძალების ეფექტიან გამოყენებაში.
„ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ფარგლებში მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, როგორც საომარ ვითარებაში, ისე მშვიდობიან პერიოდში, თავდაცვის ძალებში გაგრძელდება ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა, რომელიც მოიცავს შეფასების, მომზადება-ინიცირებისა და იმპლემენტაციის აქტიურ ფაზებს.
აშშ-სთან, როგორც ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, 2020 წლის ჩათვლით მომზადდება და აღიჭურვება თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონები.
სათანადო ყურადღება დაეთმობა საინჟინრო, ლოჯისტიკური, სპეციალური დანიშნულების ძალების, საჰაერო თავდაცვის, საჰაერო-სატრანსპორტო, ჯავშანსაწინააღმდეგო, დაზვერვის, არტილერიის, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების შესაძლებლობების, კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროების და ეროვნული გვარდიის შემდგომ რეფორმირებას.
თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, გაგრძელდება სამხედრო განათლების სფეროს – ოფიცერთა და სერჟანტთა მომზადების მნიშვნელოვანი სეგმენტების ინსტიტუციონალიზაცია და ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის შეფასების შესაძლებლობებს, ისევე, როგორც ხელს შეუწყობს ნატოს „პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის“ (Partnership Interoperability Initiative) განხორციელებას. ამასთან, მოხდება საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის (CTC) სრულფასოვანი გამართვა, საწყისი საბრძოლო მომზადებისა და დოქტრინების ცენტრების შემდგომი განვითარება ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით.
ალიანსის გაძლიერებული მოწინავე ჩართულობის (Enhanced Forward Presence) გათვალისწინებით გაგრძელდება თავდაცვის ლოჯისტიკის სფეროს ტრანსფორმაცია.
ამასთან, განხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებშიც, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით, ალიანსისგან მიღებული ეფექტიანი მხარდაჭერით მიიღწევა ნატოს თანათავსებადობის მაღალი ხარისხი.
ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, გაგრძელდება სარეზერვო ქვედანაყოფების მომზადება. აქტიური რეზერვის ტერიტორიული კომპონენტის განვითარების მიზნით, გაგრძელდება სპეციალისტთა რეზერვის პროგრამის შემდგომი გაფართოების გეგმების შემუშავება, რაც გულისხმობს რეგულარულ ქვედანაყოფებში სპეციალისტთა რეზერვისტებისთვის შესაბამისი პოზიციების განსაზღვრას.
ეროვნული თავდაცვის მოთხოვნებისა და განსაკუთრებით ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედების მაღალი ხარისხის მიღწევა. შესაბამისად, გაგრძელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზების ასახვა როგორც კონცეპტუალურ დონეზე „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის 2020-2030“ დოკუმენტის დამტკიცებით, ისე მის საფუძველზე, ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის ფარგლებში, უწყებრივ დონეზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებით.
გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სამხედრო-სამეცნიერო კვლევების, სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. აღნიშნულის ფარგლებში დაგეგმილია:
ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების წარმოება და თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ეროვნული წარმოების აღჭურვილობით დაკომპლექტება;
განხორციელდება ჯავშანმანქანა „დიდგორის“ შემდგომი დახვეწა და განვითარება ისეთი საბრძოლო და მხარდამჭერი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა კავშირგაბმულობა, სამედიცინო, სახანძრო, სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერა (მობილური ნაღმტყორცნი);
დამატებით შემუშავდება ცეცხლის მართვის მოდული, შეიქმნება მიზნის იდენტიფიკაციის, ჩაჭერისა და მიყოლის სტაბილიზებული სისტემა, უპილოტო ვერტმფრენის პლატფორმა, მძიმე საბრძოლო მანქანა და სეტყვა-საწინააღმდეგო რაკეტა.
GDRP-ის მიმდინარეობის პარალელურად, ეტაპობრივად გაიზრდება მასში ჩართული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ანაზღაურება.
ამასთან, გაგრძელდება როგორც სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ისე თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, ვეტერანთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო მომსახურების/რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება და დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაგრძელდება ბინათმშენებლობის თანადაფინანსება.
1.3 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა
ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვისთვის, მნიშვნელოვანია რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება და სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით, აუცილებელია მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ყველა მონაწილის ეფექტური მუშაობა და შესაბამისი პასუხისმგებლობის გაზიარება.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს სახელმწიფო სტრუქტურებში დაწყებული რეფორმების გაგრძელება, მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარება გაგრძელდება „სისტემური განახლების“ კონცეფციის შესაბამისად, რომელიც მოიცავს როგორც სტრუქტურულ რეფორმებს, ისე შინაარსობრივ ცვლილებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს.
გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა მთელი საქართველოს მასშტაბით. გაგრძელდება საუბნო მიმართულების ეტაპობრივი ჩანაცვლება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელით. განვითარდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების საპოლიციო სერვისების შესაბამისი მართლწესრიგის ოფიცერთა დანაყოფები, რომელთა უმთავრესი ამოცანა იქნება დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა.
ძირეული რეფორმა გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო მიმართულებით, რომლის მიზანია გამოძიების ხარისხის ზრდა. აღნიშნული რეფორმა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს. უპირველეს ყოვლისა, ხდება საგამოძიებო მიმართულების გამიჯვნა კრიმინალური პოლიციის სხვა მიმართულებებიდან, წინასწარ გაწერილი გეგმით არსებული გამომძიებლების გადამზადება შსს აკადემიის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამით და სისტემაში ახალი კადრების მოზიდვა.
საგამოძიებო სისტემის რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის საფუძველზე. რეფორმის მიზანია გამოძიების პროცესში გამომძიებლების მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება, გამომძიებელსა და პროკურორს შორის ფუნქციების იმგვარად განაწილება, რომ გამოძიების კონკრეტული ეტაპების მიხედვით განისაზღვროს თითოეულის პასუხისმგებლობის ხარისხი და უზრუნველყოფილი იქნეს საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და სამოქმედო გეგმა – ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
საგამოძიებო სისტემის რეფორმის მესამე კომპონენტი მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის აწყობას. ამ მიზნით უკვე გაფართოვდა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მანდატი და იგი გარდაიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტად, რომლის უმთავრეს მიზანს გამოძიების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. დეპარტამენტი განახორციელებს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს, გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების შემუშავებას.
გაგრძელდება სასაზღვრო პოლიციის რეფორმა. ადამიანური რესურსების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საზღვარზე დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარება. გაგრძელდება საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, შავ ზღვაზე, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის პროცესში ძირითადი როლი ეკისრება. ალიანსთან თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება. გაგრძელდება სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარება. გაღრმავდება საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია სასაზღვრო პოლიციის რეფორმების ეფექტიანი განხორციელების პროცესში.
გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ისე მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას. ამ რეფორმის ფარგლებში განხორციელდება სტანდარტული მოქმედებების პროცედურებისა და სამართალდარღვევების გამოკვეთის თანამედროვე საშუალებების დანერგვა. გაძლიერდება ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსი და ამ გზით ამაღლდება ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურით დატვირთულ მიმართულებებზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სტანდარტები. მთავრობა ასევე გააგრძელებს ისეთი საპოლიციო ინსტრუმენტების განვითარებას, როგორიცაა უკონტაქტო პატრულირება, რაც აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად. გაგრძელდება საპოლიციო სერვისების მარტივად ხელმისაწვდომობის პოლიტიკა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანება. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო და ანალიტიკური სისტემების განვითარებას.
დაინერგება დანაშაულის პრევენციაზე მიმართული მიდგომები, მათ შორის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი. ამ მიზნით, გაგრძელდება ანალიტიკოსთა ქსელის შექმნა საპოლიციო დანაყოფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ევროპოლთან 2017 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. პარალელურად, გაძლიერდება ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა, გაფართოვდება პოლიციის ატაშეების არსებული ქსელი, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ასევე შეიქმნება ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები, რომელთა მუშაობაც გაზრდის საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტურობას. საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ, გაძლიერდება საპოლიციო თანამშრომლობა, მიგრაციული ნაკადების მართვა, საზღვრის ეფექტიანი მართვა და რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება.
სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის, ასევე არსებული კადრების მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩამოყალიბდება ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურში მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების, დაწინაურების და სოციალური დაცვის ეფექტიან მექანიზმებს. განხორციელდება სამსახურში მიღების წესის შემდგომი გაუმჯობესება. შსს აკადემია ორიენტირებული იქნება პოლიციელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე. შესაბამისად, განვითარდება საგანმანათლებლო პროგრამები საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ადეკვატურად. კარიერული წინსვლა დაეფუძნება ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას. პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამასთანავე, განვითარდება სტაჟირების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროში მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვას.
გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე უბედურ შემთხვევებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის განვითარება, მათ შორის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცალკეული მიმართულებების ეფექტიანი რეგულირების მიზნით.
სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება აქტიური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოდანაშაულთან. საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საოპერაციო შესაძლებლობების/რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა. ამისათის იგეგმება ტექნიკა/აღჭურვილობის ძირეული განახლება და ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი განვითარება.
ზემოხსენებული რეფორმების და სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად მიმდინარეობს და ასევე იგეგმება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ცივი იარაღის ბრუნვის ეფექტიან რეგულირებას და ა. შ. • ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების წარმოება და თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ეროვნული წარმოების აღჭურვილობით დაკომპლექტება;
განხორციელდება ჯავშანმანქანა „დიდგორის“ შემდგომი დახვეწა და განვითარება ისეთი საბრძოლო და მხარდამჭერი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა კავშირგაბმულობა, სამედიცინო, სახანძრო, სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერა (მობილური ნაღმტყორცნი);
დამატებით შემუშავდება ცეცხლის მართვის მოდული, შეიქმნება მიზნის იდენტიფიკაციის, ჩაჭერისა და მიყოლის სტაბილიზებული სისტემა, უპილოტო ვერტმფრენის პლატფორმა, მძიმე საბრძოლო მანქანა და სეტყვა-საწინააღმდეგო რაკეტა.
GDRP-ის მიმდინარეობის პარალელურად, ეტაპობრივად გაიზრდება მასში ჩართული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ანაზღაურება.
ამასთან, გაგრძელდება როგორც სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ისე თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, ვეტერანთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო მომსახურების/რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება და დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაგრძელდება ბინათმშენებლობის თანადაფინანსება.
1.4 ადამიანის უფლებათა დაცვა
ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები. მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და კანონშემოქმედების პროცესში.
საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რომელიც დეტალურად გაწერს მთავრობის პრიორიტეტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
ამ კონტექსტში მთავრობა კვლავაც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების განუხრელ დაცვას, ისევე, როგორც ქონების სანდო და უსაფრთხო სარეგისტრაციო პროცედურებს, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით. კიდევ უფრო გამარტივდება მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკუთრების უფლების სარეგისტრაციო პროცედურა. მიწის რეგისტრაციის რეფორმა ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას.
გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის და ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად.
განხორციელდება ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის დასაცავად. უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება გენდერული უთანასწორობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე.
საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციას და შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებთ, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას.
დაცული იქნება შშმ პირთა უფლებები გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შშმ პირთა სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა დასაქმებას, ასევე ინფრასტრუქტურის ადაპტირებას შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. მთავრობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების, გადაადგილებისა და მოგზაურობის თანაბარ ხელმისაწვდომობას შესაბამისი სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის გზით.
განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს პარლამეტის მიერ დამტკიცებული „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, მათ შორის გამოიყოფა დამატებითი რესურსები სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი კვალიფიკაციისა ზრდისა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტული მიზანი იქნება თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ჰქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში. აქედან გამომდინარე, გაგრძელდება „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელება.
პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება. გაძლიერდება და უფრო მრავალფეროვანი გახდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები და მოერგება მოსახლეობის ყველა სეგმენტის საჭიროებებს.
კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის გაუმჯობესდება საზოგადოებრივ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. განათლების ყველა საფეხურზე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადაიდგმება ახალი ქმედითი ნაბიჯები. გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერებასა და ჩართულობაზე ორიენტირებული პროგრამები. ხელი შეეწყობა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და დაცვას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვას.
შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას სათანადო საკანონმდებლო ბაზის პრაქტიკაში სრულყოფილად დასანერგად. სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი.
პრიორიტეტული იქნება შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება და შრომის ინსპექციის მანდატის ქმედითი რეალიზაცია.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას და მხარს დაუჭერს მისი განვითარების მიზნით დაგეგმილ რეფორმებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა აამაღლოს საზოგადოების ნდობა ამგვარი სახის დანაშაულების გამოძიების პროცესებისადმი და უნდა ჩამოყალიბდეს უწყებად, რომლის მიერ ჩატარებული გამოძიება არ გააჩენს კითხვის ნიშნებს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
შემუშავდება სრულიად ახალი აღსრულების კოდექსი, რის შედეგადაც სააღსრულებო წარმოება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს მოერგება; კოდექსში ასევე გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი ნოვაციები, რომლებიც, ძირითადად, მიზნად ისახავს აღსრულების პროცესში მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის განმტკიცებას, აგრეთვე ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან დაახლოებას.
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ამაღლებისაკენ გადაიდგმება ნაბიჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დაგეგმილი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც გულისხმობს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციისა და „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის კონვენციის საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ აღიარებას. ზემოაღნიშნულ კონვენციებთან მიერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს. კონვენციებთან საქართველოს მიერთება ხელს შეუწყობს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეებზე სასამართლოთა თანამშრომლობის გაუმჯობესებას და ქვეყნებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების წესისა და პროცედურების გამარტივებას, ისევე, როგორც სამოქალაქო და კომერციული დავების დროულად და ეფექტიანად გადაწყვეტას.
გაგრძელდება მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათზე დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამისათვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა და სოფელში გაგრძელდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა. 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება 9 ახალი იუსტიციის სახლი (ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, გარდაბანში, ახმეტაში, ქარელში, ზესტაფონში, ხაშურსა და თერჯოლაში) და 22 საზოგადოებრივი ცენტრი (დუშეთში, ამბროლაურში, ქობულეთში, ქედაში, ხულოში, ტყიბულში, ცაგერში, თეთრწყაროში, ყაჩაღანში (კაჩაგანი), ჭრებალოში, გლდანში, ჭიათურაში, დედოფლისყაროში, ბაღდადთში, ვანში, ხობში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, აბაშაში, კასპში, ჩოხატაურსა და ხარაგაულში).
ეკონომიკური განვითარება
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.
გრძელვადიანი და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ფაქტორების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში.
2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის, როგორც ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტის, პრინციპებისადმი ერთგულებას.
ფისკალური დისციპლინა, უმუშევრობის დაბალი დონე, ვალის მდგრად დონეზე შენარჩუნება, ფასების სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საყრდენია.
ფისკალური ჩარჩო დაეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი. გამოთავისუფლებული სახსრები მოხმარდება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდას;
სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, შენარჩუნდება საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი;
მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შენარჩუნდება სტაბილურ დონეზე. ამასთან, ვალის აღება განხორციელდება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის.
მთავრობის მიზანია შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონის (BBB-/Baa3) მიღწევას.
2.2 საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა
ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკისათვის აუცილებელი წინაპირობაა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის არსებობა. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების წარმატება დასტურდება ქვეყნის მე-5 ადგილით ბოლო ღია ბიუჯეტის კვლევაში (Open Budget Index), საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების და PEFA მეთოდოლოგიის თვითშეფასების ანგარიშის თანახმად.
მიმდინარეობს მუშაობა შიდა ფინანსური კონტროლის და მართვის დანერგვის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ორგანიზაციებში სწორი და ეფექტიანი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას და ბიუჯეტის გამჭვირვალობას.
დაინერგება საინვესტიციო პროექტების მართვის ერთიანი სისტემა, რაც უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების და მათზე მიმართული სახსრების მაქსიმალურ ეფექტურობასა და ეფექტიანობას.
გაგრძელდება აქტიური მუშაობა ფისკალური რისკების შეფასების, მათი გამოვლენისა და მართვის მიმართულებით. გაძლიერდება არსებული პირობითი ვალდებულებების ანალიზი.
2.3 დასაქმება
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ამასთან, სახელმწიფოს როლი დასაქმების ხელშეწყობაში ძირითადად მდგომარეობს კერძო სექტორის, როგორც სამუშაო ადგილების გენერატორის, მხარდაჭერაში. სახელმწიფო დასაქმებას ხელს უწყობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, პროფესიული განათლების სისტემის განვითარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით.
ამასთან, უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის მიმართულებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მიზნით, განხორციელდება შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მიმართულებით. ადამიანური კაპიტალის უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის შესწავლისა და აღნიშნულის საფუძველზე შრომის ბაზარზე უნარებთან მიმართებით არსებული დისბალანსის შემცირების მიზნით, ჩატარდება შრომის ბაზრის კვლევები. შრომის ბაზრის მოქნილობის გასაზრდელად ხელი შეეწყობა სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის მჭიდრო კოორდინაციას. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას კარიერული დაგეგმვის, მომზადებისა და გადამზადების კუთხით. სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს პოტენციური დამსაქმებლების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროცესში.
2.4 ბიზნესგარემო
მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისათვის. კერძოდ:
დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი;
გაძლიერდება დიალოგი ბიზნესთან, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის. გაძლიერდება ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი;
შენარჩუნებული იქნება და დაიხვეწება მარტივი და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირების წესები. ამასთან, საგადასახადო და მაკონტროლებელი ორგანოების მუშაობა ორიენტირებული იქნება გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციაზე;
გაგრძელდება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც, ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ბიზნესსექტორს, ისარგებლოს თანამედროვე და ეფექტიანი მომსახურებით, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება;
საგადასახადო ადმინისტრირებაში დაიწყება ავტომატური დეკლარირების სისტემის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ორგანოებთან ბიზნეს სუბიექტების მუშაობის დროს და საჭირო რესურსს;
მოხდება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
გაანალიზდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, მათი ეფექტიანობის და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდება მათი მოდიფიცირება;
გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოების და სისტემების განვითარებაში; ახალი ბაზრების მოძიების მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არეალის შემდგომი გაფართოება (ისრაელი, ინდოეთი, აშშ, ყურის არაბული ქვეყნები);
აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვისთვის. ასევე, განხორციელდება ბუნებრივი რესურსების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღება, მარაგების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გატარდება „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ აგებული პოლიტიკა. გაძლიერდება საკოორდინაციო მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან. შედეგად, გაიზრდება კომუნიკაციის ეფექტიანობა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან;
გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა;
გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად;
ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ეკონომიკაზე იყოს წინასწარ გაანალიზებული შესაძლო ნეგატიური გავლენებისაგან თავიდან არიდების მიზნით;
თითოეული რეფორმის თუ ინიციატივის განხორციელებამდე, შეფასდება მათი შესაძლო გავლენა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე;
მიღებულ იქნება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც ასახული იქნება ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას;
კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი.
2.5 მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების განვითარება, რომელთა მიზანიც ბიზნესისთვის არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული შეზღუდვების შემცირებაა, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. აღნიშნული მიზნით, საქართველოს მთავრობა შემდგომ განავითარებს საკრედიტო-საგარანტიო სქემას. საკრედიტო-საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის (2016-2020 წლებისთვის)“ ეფექტიანი იმპლემენტაცია, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევების დასაძლევად.
„აწარმოე საქართველოში“ სააგენტო კვლავ აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი წარმოებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით მუშაობას.
მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში გაგრძელდება საწარმოებისა და სასტუმროების სესხის პროცენტის თანადაფინანსება.
ასევე აქტიურად გაგრძელდება საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა ექსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით (საერთაშორისო გამოფენები, საერთაშორისო სავაჭრო მისიები, საერთაშორისო კონფერენციები, B2B პლატფორმა).
მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაგრძელდება ფინანსებთან წვდომის კომპონენტის – თანადაფინანსების გრანტების გაცემა.
ამასთან, განისაზღვრება სტარტაპის სამართლებრივი დეფინიცია და სტარტაპის სტატუსის მოპოვების წესი, რაც საშუალებას მისცემს სტატუსის მქონე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალურად სტარტაპებისათვის შექმნილი პროგრამებით.
2.6 საქართველო – რეგიონალური ჰაბი
ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და საფინანსო ჰაბის ჩამოყალიბება, რაც მოგვცემს როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას. ამით ხელი შეეწყობა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის, ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობისა და წარმადობის განვითარებას და ასევე ექსპორტის ზრდას, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობას.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ძალისხმევა და უფრო მეტად შეეწყოს ხელი საქართველოს გავლით ენერგოდერეფნების განვითარებას, მათ შორის, ევროპულ ენერგობაზრებზე პირდაპირი წვდომის მიმართულებით. აუცილებელია აქტიური მუშაობა საქართველოში გამავალ სატრანსპორტო დერეფანში მეტი საერთაშორისო ტვირთების მოზიდვისთვის, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და გაფართოებისთვის.
გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად.
მოხდება სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების ხელშეწყობის გზით; გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TEN-T-ის საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით. მიმდინარეობს მუშაობა თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური სერვისების ერთ კლასტერში თავმოყრას და ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად რეალიზებას. ასევე, ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ბიძგს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის განვითარებას.
საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარია.
ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარებისა და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის სრულად ათვისებისთვის საქართველოს მთავრობა გაატარებს აქტიურ პოლიტიკას, კერძოდ, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გაგრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება.
პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით, სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტურობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას.
სამოქალაქო ავიაციის სფეროში ხელი შეეწყობა „ღია ცის“ პოლიტიკის გატარებას, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების განვითარებას, ფრენის ინტენსივობის ზრდას და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ავიამიმოსვლის ხელმისაწვდომობას, ასევე, ყოველწლიურად მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკის შენარჩუნებას.
ამ მხრივ, აღსანიშნავია ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, რომელიც 2020 წლისთვის უკვე 3 მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ამასთან, ავიაკომპანია ეტაპობრივად გაზრდის პირდაპირ ევროპის მიმართულებით.
განხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის საბორნე და საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს სატრანზიტო დერეფნის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრას და შემდგომ გაუმჯობესებას.
მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში კონკურენტული და ეფექტიანი რეგიონალური პროექტების განხორციელებას ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
2.7 ინფრასტრუქტურული განვითარება
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად გაგრძელდება ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა. ქვეყნის მასშტაბით აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. გაგრძელდება რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა.
რეგიონების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია.
რეგიონების განვითარებაში უთანასწორობის აღმოფხვრის და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის მუნიციპალური, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევა ეტაპობრივად განხორციელდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2020 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 430 ათასი ადამიანი.
აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგება–კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის, საზღვრისპირა სოფლებში.
ნარჩენების მართვა განხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები.
გაგრძელდება ქვეყნის და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის კონცეფციების, სქემებისა და გეგმების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადება.
ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში რეგიონებში დამატებით აშენდება მაღალსიჩქარიანი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 85%-ზე მეტს ექნება მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ-ინფრასტრუქტურასთან წვდომა.
2.8 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა
2.8.1 ენერგეტიკა
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.
ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის მიზნით:
ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება კიდევ უფრო გამჭვირვალე და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო;
გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით;
განვითარდება ინფრასტრუქტურა გაზისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის შესაქმნელად. გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაწყებულია 210-280 მლნ. კუბური მეტრის მოცულობის გაზსაცავის პროექტის განხორციელება;
დამატებითი რესურსები გამოიყოფა რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც 2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1.3 მლნ. აბონენტს;
დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება ენერგეტიკის სფეროს კანონმდებლობა; „ასოცირების ხელშეკრულების“ ხელმოწერით და ამავე დროს „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრობით საქართველო კავკასიის რეგიონში ქმნის „ენერგეტიკული გაერთიანების“/ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის გადმოტანის პრეცედენტს;
ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული რეფორმების შედეგად მოხდება ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის დამტკიცება, შეიქმნება ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზარი, რეფორმების განხორციელების შედეგად კონკურენციის ხელშეწყობით მოხდება მომხმარებლისათვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის და სამართლიანი ფასის ენერგიის მიწოდება. ასევე მოხდება რეგულირებული და დერეგულირებული საქმიანობის გამიჯვნა.
გაგრძელდება მუშაობა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით, ასევე, განხორციელდება ენერგოეფექტური ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე და მზადდება პირველადი საკანონმდებლო დოკუმენტაცია როგორც განახლებადი ენერგიის, ასევე, ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
2.8.2 გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ერთდროულად პასუხობს სამ ურთიერთგადამკვეთ გამოწვევას, კერძოდ ესენია: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა.
მთავრობა გააგრძელებს აქტიურ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.
სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდის მიზნით განხორციელდება:
სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა;
მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის საბაზრო სისტემის განვითარება, დანაკარგების შემცირება, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაზრდა, კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლება, ასევე სავაჭრო პოტენციალის გაზრდა;
დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის შემადგენელი კომპონენტების ინტეგრაციის მიზნით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსავლის შემნახველი, დამახარისხებელი, შემფუთავი, გადამამუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას, გაგრძელდება აგროდაზღვევის პროექტი, ხელი შეეწყობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ამაღლებას;
გაიზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები. შეიქმნება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რითაც ხელი შეეწყობა საირიგაციო სისტემების მართვის თანამედროვე დეცენტრალიზებული სისტემების დანერგვას. კერძოდ, ფერმერთა გაერთიანების გზით, ჩამოყალიბდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები;
განხორციელდება დეგრადირებული ნიადაგების კვლევა და მათი ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები;
შეიქმნება ქარსაფარი ზოლების მართვისა და გაშენების საკანონმდებლო ბაზა და დაიწყება ქარსაფარი ზოლების გაშენება;
ჩამოყალიბდება თანამედროვე ექსტენციის მოქნილი სისტემა, გაგრძელდება და გაფართოვდება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.
გაგრძელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი სრულყოფა. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროები დაუახლოვდება DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. ეს მათ შორის უზრუნველყოფს შიდა ბაზარზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებასა და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის, როგორც საიმედო სავაჭრო პარტნიორის, იმიჯის დამკვიდრებაში.
გაუმჯობესდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი. დაინერგება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაცემის ელექტრონული სისტემა. ელექტრონული მმართველობის დანერგვა უფრო გამჭირვალეს გახდის არსებულ პროცედურებს და გაადვილებს ინვესტორთან ურთიერთობებს. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა უფრო ეფექტიანი გახდება.
გარემოს დაზიანების პრევენციისა და აღმოფხვრის (კომპენსაციის) მიზნით ჩამოყალიბდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემა.
დაინერგება ახალი მარეგულირებელი ნორმები ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსებით მდგრადი სარგებლობის მიზნით. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და ეკოტურიზმის ხელშეწყობას. ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, დამკვიდრდება ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება-გაუმჯობესებას. გაუმჯობესდება ტყეზე კონტროლის მექანიზმები.
კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების რისკების შემცირების მიზნით გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, გაძლიერდება მოდელირების შესაძლებლობები და დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა.
გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სისტემები.
გაგრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა, რომელიც ეფუძნება წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს.
გაუმჯობესდება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დაინერგება სხვადასხვა მექანიზმები, რაც წაახალისებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ნარჩენების ხელახალ გამოყენებას.
გაუმჯობესდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ხარისხი, შეიქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისა და გარემოს დაცვას რადიაციის შესაძლო მავნე ზეგავლენისგან.
2.8.3 ტურიზმი
ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების ნაკადი და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და მისი, როგორც პრიორიტეტული დარგის, შემდგომი განვითარებისათვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
მოწესრიგდება და განვითარდება მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და მოხდება ტურისტული პოტენციალის მქონე ლოკაციების განახლება. გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულად მიმზიდველი ადგილის მისაწვდომობის გაუმჯობესებას;
მოხდება მარკეტინგული აქტივობების გააქტიურება მიზნობრივ და პოტენციურ ახალ (მათ შორის მაღალმხარჯველ) ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოელი ტურისტისა და, შესაბამისად, მეტი შემოსავლის მოზიდვას ქვეყანაში;
მოხდება მარკეტინგული აქტივობების გააქტიურება შიდა ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას;
ხელი შეეწყობა ეკოტურიზმის, როგორც საინტერესო ტურისტული პროდუქტის, განვითარებას;
საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით, საკონვენციო ბიუროს საშუალებით მოხდება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვა საქართველოში, ასევე ამ მიმართულებით განხორციელდება ღონისძიებების წახალისება, ინვესტიციების სტიმულირება და ხელშეწყობა;
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მოხდება სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადება მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე გაზრდის მიზნით; ხელი შეეწყობა ტურიზმის დარგში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაწესებულებების განვითარებას; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები (სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრება, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგება და სხვ.);
ხელი შეეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურისტული პროდუქტის შექმნისა და პოპულარიზაციის მიზნით. შეიქმნება კერძო სექტორთან საურთიერთობო პლატფორმა ერთი ფანჯრის პრინციპით, რომელიც გააერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას და რომლის საშუალებითაც განხორციელდება სექტორთან აქტიური კომუნიკაცია.
2.8.4 ტრანსპორტი
სატრანსპორტო სისტემების შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა გაატარებს აქტიურ პოლიტიკას, კერძოდ:
საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების პარალელურად უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოების დონის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ხელი შეეწყობა სატრანსპორტო სისტემაში ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების დანერგვის და ინტეგრაციის ინიციატივებს;
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, მოხდება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების ზრდას და ევროკავშირთან სექტორულ ინტეგრაციას;
ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ამ მიმართულებით მულტისექტორული თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია;
გაგრძელდება მუშაობა ტექნიკური ინსპექტირების სისტემის შემდგომი სრულყოფისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით;
იგეგმება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის „რესტრუქტურიზაცია“, ამ მიმართულებით ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს რეფორმირების გზით, რაც ხელს შეუწყობს დარგის ეფექტურობის გაზრდას და სარკინიგზო სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოებას;
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურში განხორციელდეს სამთავრობო სერვისების გაციფროვნება და ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ გაერთიანება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას ნავსადგურებში და ასევე საქართველოს ნავსადგურებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმონ ტვირთნაკადები სახაზო/რეგულარული მიმოსვლის გემებისათვის და ასევე ტვირთების კატეგორიებისა და მოცულობის მიხედვით. პროექტის პირველი ეტაპი იწყება 2019 წელს და გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას;
მნიშვნელოვანია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის მოდერნიზაცია და მსხვილი ტონაჟის მოზიდვა საქართველოს დროშის ქვეშ, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს რეპუტაციას და ხელს შეუწყობს საქართველოშივე დამხმარე სერვისების განვითარებას საზღვაო კლასტერის კონცეფციის დანერგვითა და განხორციელებით. ამ მიმართულებით აღსანიშნია, რომ წახალისდება ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობის სახეები, როგორებიცაა: გემთმფლობელი, საზღვაო დაზღვევა, საზღვაო დაფინანსება, საზღვაო ლოგისტიკური და მულტიმოდალური გადაზიდვები, საზღვაო სფეროს ძირითადი და დამხმარე სერვისები და სხვა;
მნიშვნელოვანია საქართველოში მეზღვაურთა განათლების დონის აწევა და მათი დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქართველ მეზღვაურთა განათლების ხელშეწყობას და მისი დონის ზრდას.
2.9 რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონების განვითარება, მათ შორის, უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, რეგიონების როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების პოლიტიკის მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ, დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვას და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას.
თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, რეფორმის მთავარი მიზანია სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება.
2.10 ბუნებრივი რესურსების მართვა
მთავრობის ხედვაა, რომ ყველა ბუნებრივი რესურსი მაქსიმალური ეფექტიანობით იყოს გამოყენებული და იმავდროულად მოხდეს გარემოს დაცვით პრინციპებზე დაყრდნობით რესურსების მდგრადი მართვა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, კერძოდ:
სამართლებრივი ჩარჩოს განახლება – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ მხარდაჭერილი რეფორმის II ფაზის ფარგლებში, სექტორის მარეგულირებელი განახლებული ნორმატიული ბაზის შემუშავება;
ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა – წიაღისეული გადამუშავების მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გამარტივებული წვდომა;
გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა;
ფისკალური რეჟიმის განახლება – საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული როიალტის სისტემის დანერგვა;
სალიცენზიო რეჟიმის გადახედვა და გაუმჯობესება – ინვესტორების პრე-კვალიფიკაციის სისტემის დანერგვა ონლაინ ტენდერების გზით;
საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება – რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვა;
გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება – საბადოთა რეკულტივაციის სისტემის გაუმჯობესება;
სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის სისტემის დანერგვა;
ანგარიშგების და ანალიზის ეფექტური სისტემის დანერგვა;
ქვეყანაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიური და ეკონომიკური პოტენციალის შეფასება თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით;
პერსპექტიული საინვესტიციო პროექტების მომზადება და პროაქტიული მუშაობა მიზნობრივ ინვესტორებთან.
განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება
თანამედროვე სახელმწიფოში, ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების უმთავრესს რესურსს, რომელიც ჩართული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში. ადამიანური რესურსების განვითარებისთვის აუცილებელია კარგი განათლება და უნარების განვითარება, განათლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, ასევე მნიშვნელოვანია ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შესაძლებლობის არსებობა ადამიანების კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში ჩასართავად. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა მიმართულია არა ცალკეული სექტორის, არამედ ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საჭირო ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაზე.
3.1 განათლება და მეცნიერება
საქართველოს მთავრობა თავისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის – განათლების მიმართულებით განახორციელებს რეფორმის ახალ, კომპლექსურ და მრავალმხრივ ეტაპს. დაგეგმილია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას.
ადამიანური კაპიტალის განვითარება განიხილება როგორც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა. აღნიშნული რეფორმის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი წარმატებით განხორციელება საჭიროებს განათლებაზე მიმართული რესურსების ზრდას.
განათლების სისტემაში საგანმანათლებლო პროცესის ფოკუსი და, განათლების საფეხურის შესაბამისად, მის ცენტრში განათლების მიმღები პირი (ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა და განათლების მიღების ზრდასრული მსურველი) უზრუნველყოფილი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის (LLL) პრინციპის შესაბამისად. თავის მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეთავაზებული იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების ყველა საფეხურისათვის.
განათლების რეფორმა განხორციელდება განათლების სისტემის ყველა მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
3.1.1 ადრეული და სკოლამდელი განათლება
განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები გარდაიქმნება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, ბავშვების სასკოლო მზაობის უზრუნველსაყოფად.
სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზიური და უსაფრთხო გარემო, აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის კონტროლის სისტემა. ეროვნულ დონეზე შეიქმნება სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების, განვითარებისა და მართვის მოდელი და მექანიზმები.
სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაგრძელდება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და არსებულის გაუმჯობესება.
აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მხარდაჭერილი იქნება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლების ბაზაზე.
3.1.2 ზოგადი განათლება
ზოგადი განათლების მაღალი ხარისხი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა განათლების რეფორმის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამ მიზნით უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი და ინკლუზიური, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის, უნარების, ეროვნული ღირებულებების ფორმირებასა და მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, რათა თითოეული კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იყოს შრომის ბაზარზე და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის ინტერესებს პასუხობდეს. ხარისხის მაღალი სტანდარტების მისაღწევად, დაინერგება სკოლების და განათლების ხარისხის შეფასების ახალი სტანდარტები და მექანიზმები.
ზოგადი განათლების სისტემის ორიენტირი იქნება მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის მომზადება. ამ მიზნით სასწავლო პროცესშდაინერგება ისეთი მეთოდოლოგიები და სტრატეგიები, რომელიც უზრუნველყოფს სააზროვნო, შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და შრომითი უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლებში მოხდება სასკოლო კულტურის განვითარებისა და პედაგოგების ადგილზე გაძლიერების მხარდაჭერა. სკოლებში მივლენილი მხარდამჭერი ჯგუფები ინტენსიური ტრენინგის რეჟიმში დაეხმარებიან პედაგოგებს სასწავლო პროცესის იმგვარ ტრანსფორმაციაში, რომელიც მიმართული იქნება მოსწავლეებში კომპლექსური სააზროვნო უნარების განვითარებაზე. სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მრავალფეროვან აქტივობებს და პროექტებს, რომლებიც მათ დაეხმარება ანალიტიკური, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების განვითარებაში, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, სამეწარმეო, სახელოვნებო, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების განვითარებაში.
სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული პიროვნების თავისუფალი განვითარების, ნიჭისა და პიროვნული შესაძლებლობების სრული რეალიზაციისა და განვითარებისთვის თანასწორი პირობების შექმნას, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსისა თუ საცხოვრებელი ადგილისა. ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე სწავლების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება მიზნობრივი პროგრამები.
განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმების, და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება. შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა და დაინერგება დიფერენცირებულ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო მოდელი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სახელოვნებო და პროფესიული განათლების გაძლიერების მიმართულებით.
მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით და საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის განვითარება-დახვეწის პროცესი, როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური პარამეტრები შესაბამისობაში იქნება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებთან. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სწრაფი განვითარებისთვის, ტრადიციული სწავლების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების და ინოვაციური სასწავლო სტრატეგიების დანერგვა. სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება, სწავლა-სწავლების პროცესში გაძლიერდება ტექნოლოგიების გამოყენებისა და დისტანციური სწავლების როლი. შეიქმნება მრავალფეროვანი ციფრული რესურსები და დამხმარე სასწავლო მასალები.
რეფორმის წარმატების მთავარი ქვაკუთხედი არის პედაგოგი. შესაბამისად, ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე. ყოველწლიურად მოხდება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. უზრუნველყოფილი იქნება პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის ამაღლება, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით გაძლიერება.
სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ინკლუზიური და მულტიკულტურული გარემოს შექმნა. განვითარდება ბულინგისა და ძალადობის პრევენციასა ორიენტირებული სერვისები და პროგრამები. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების დაცვის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მანდატურისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მედია წიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის პროგრამების დანერგვას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინკლუზიური განათლების ხარისხისა და მასშტაბების გაძლიერებას და სპეციალური მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.
მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება სასკოლო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სკოლების მშენებლობაში. განხორციელდება საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა.
სოფლის მცირეკონტინგენტიანი და მაღალმთიანი სკოლების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური პროგრამების ამოქმედებას, შეიქმნება მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ სკოლების სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად ჩამოყალიბებას, რომელიც საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს.
3.1.3 პროფესიული განათლება
პროფესიულმა განათლებამ უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის პირების მოკლე დროში მომზადება, ასევე სამუშაო ძალაში მყოფი იმ პირთა გადამზადება, რომელთა კვალიფიკაცია აღარ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ფაზა ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის: გაიზრდება მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების რაოდენობა, რომელიც მიმართული იქნება ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსის სწრაფ და ეფექტურ მომზადებაზე; პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირებით უზრუნველყოფილი იქნება პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლების მიღება. შედეგად, შეიქმნება ზოგადი განათლებიდან – პროფესიულ განათლების საფეხურზე, ხოლო პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა.
ამავდროულად, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ტენდენციების შესაბამისად, განხორციელდება ე.წ. „მოკლე ციკლის“ პროგრამები, რაც ბაკალავრიატის ფარგლებში ახალი კვალიფიკაციის ფორმირებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული კომპეტენციების გამომუშავებას უკავშირდება. შედეგად, გაიზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები, გაძლიერდება განათლების საფეხურებს შორის კავშირები, რაც ხელს შეუწყობს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებასა და ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
გაძლიერდება საჯარო-კერძო პარტნიორობა; კერძო სექტორის მოტივირებისა და დაინტერესების ზრდის შესაბამისად, გაფართოვდება დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული, სწავლების მასშტაბი. ამ მიდგომით, დამსაქმებლები სრულფასოვნად ჩაერთვებიან პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, ასევე სტუდენტების შერჩევისა და შეფასების პროცესებში. დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების პარალელურად, სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, პრიორიტეტი იქნება სამეწარმეო განათლება. სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და მეწარმეობის სწავლება ხელს შეუწყობს იმგვარი სპეციალისტის მომზადებას, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში მიღებული ცოდნითა და მეწარმეობის ხელშემწყობი მექანიზმების გამოყენებით, თავად გახდება დამსაქმებელი.
განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება და მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა რეგიონში და გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში ჩართულები იქნებიან კერძო კომპანიები და დარგობრივი ასოციაციები.
დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები. პირები, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება, ცოდნა და უნარები, მაგრამ არ აქვთ სერთიფიკატი/დიპლომი, კვალიფიკაციის აღიარების საჭიროების წინაშე დგანან. შესაბამისად არაფორმალური განათლების აღიარებით ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორია დაინტერესებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა იზრდება და ასევე, ჩნდება ლეგალური, ღირსეული დასაქმების პერსპექტივები საზღვარგარეთ.
პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდება ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო, რომელიც სრულად თავსებადი იქნება ევროპულ ჩარჩოსთან. დაინერგება პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მწყობრი სისტემა, რომელსაც დაეფუძნება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების დივერსიფიცირებული სქემა. განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში მრავალფეროვანი გახდება პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ქსელი.
3.1.4 უმაღლესი განათლება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებისას (ავტორიზაცია/აკრედიტაცია) კვლავინდებურად იქნება გამოყენებული განვითარებაზე ორიენტირებული მოდელი, რომელიც ეფუძნება ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და რეკომენდაციებს (ESG 2015). უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის და განვითარების სისტემის ევროპულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდება მასშტაბური რეფორმა, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და ევროპული რეესტრის (EQAR) რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სრულ შესაბამისობაში მოვა ევროპულ მოთხოვნებთან.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მოპოვება და უცხოეთში აკრედიტებული პროგრამების აღიარების მექანიზმების განვითარება. პრიორიტეტი მიენიჭება დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებას და კვლევების ინტეგრაციას სწავლებაში.
ეტაპობრივად დაინერგება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი, შედეგებზე ორიენტირებული მოდელი, რომელიც უნივერსიტეტებს შესაძლებლობას მისცემს სტუდენტთა რაოდენობაზე ორიენტირებული მართვიდან გადავიდნენ შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებულ მართვაზე, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ ერთობლივი და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მოიზიდონ უცხოელი აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი და სტუდენტები, დააფინანსონ საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კვლევები და მოახდინონ კვლევების ინტეგრირება სწავლებაში. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი დამატებით გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი.
სახელმწიფო განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის, დისტანციური განათლების კომპონენტის გაძლიერებას.
3.1.5 მეცნიერება
ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების იდენტიფიკაცია და დაიგეგმება მათი გაძლიერებისკენ მიმართული დამატებითი ღონისძიებები.
სახელმწიფო მხარს დაუჭერს ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებულ სამეცნიერო კვლევებს. ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო კვლევებს საქართველოში და ქართველი მეცნიერებისას – მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრებში, აგრეთვე ქართველი მეცნიერების მიერ უცხოელ მკვლევარებთან ერთობლივი კვლევითი პროგრამების განხორციელებას. უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერული განვითარება და მათი მონაწილეობის ხელშეწყობა მეცნიერებაში მიზნობრივი პროგრამების დანერგვით. გაძლიერდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამეცნიერო ფონდებთან საზღვარგარეთ, დამატებითი დაფინანსების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით. სახელმწიფო მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ კვლევით და სამეცნიერო პლატფორმებში, დასრულდება საქართველოს გაწევრიანება ევროპის მთავარ სამეცნიერო პლატფორმაზე (EURAXESS).
გაძლიერდება მეცნიერების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.
სახელმწიფო ხელს შეუწყობს საქართველოში და საზღვარგარეთ ქართველოლოგიური და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერებას.
სახელმწიფო მხარს დაუჭერს ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში თანამშრომლობას, რაც გამორჩეული კვლევითი და ინოვაციური იდეების განსახორციელებლად, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დაფინანსების ახალ პერსპექტივებს სთავაზობს ქართველ მეცნიერებს, კვლევაზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს, ინოვაციურ მცირე ზომის საწარმოებს, ბიზნესმენებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. სახელმწიფო მხარს დაუჭერს ევროკომისიის მომდევნო ჩარჩო პროგრამის „Horizon Europe“-ის ფარგლებში ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას.
3.2 ახალგაზრდობის პოლიტიკა
მთავრობის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალგაზრდული საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და რესურსებთან წვდომის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო მხარდაჭერა.
გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობისა და სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერის მიმართულებით. გაძლიერდება არაფორმალური განათლების, პროფესიული ორიენტაციის, დასაქმებისა და მობილობის ხელშემწყობი პროგრამები და პროექტები. მთავრობა დაიწყებს მუშაობას ახალგაზრდული სფეროს სრულყოფილი ეკოსისტემის შესაქმნელად.
ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის გარდა, სახელმწიფო პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, მათ შორის, სამოქალაქო, კულტურული და სპორტული მიმართულებით. გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება ამ პროექტის ფარგლებში ინტელექტუალური კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებს. გაგრძელდება ჰობი-განათლებასა და რეკრეაციაზე ფოკუსირებული პროექტების დაფინანსება. მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით გააქტიურდება ზამთრისა და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობა, საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში სასწავლო ტურები.
ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გაუმჯობესდება ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი ახალგაზრდული სერვისების შექმნის პროცესი. გაგრძელდება ახალგაზრდული სამოქმედო გეგმების შემუშავება და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმებისა და მოდელების დანერგვა.
გაიზრდება ახალგაზრდული პროექტების მასშტაბები და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით მოხდება სამოქალაქო ჩართულობისა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა.
გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან ახალგაზრდობის მობილობის, უნარების განვითარებისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებებით ევროკავშირის “Erasmus +”-ის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ევროკავშირის EU4Youth პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის განვითარების, მოხალისეობის პოპულარიზებისა და ახალგაზრდებში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
3.3 კულტურა და სპორტი
სპორტისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და მის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე, ე.წ. საიმიჯო ხასიათის პროექტების შინაარსის გაფართოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხალხებს შორის დაახლოვებასა და კულტურათაშორის დიალოგს.
3.3.1. კულტურა
კულტურული მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები ძირითადად დაეფუძნება „კულტურის სტრატეგია 2025-ს“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სექტორში.
კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, მიმდინარეობს კულტურის მართვის და დაფინანსების დეცენტრალიზაციის პროცესი. კერძოდ, მიმდინარეობს სსიპ ქართული კულტურის ეროვნული ფონდის ფორმირება, რის შედეგადაც, კულტურის სფეროში შეიქმნება მართვის უფრო მოქნილი და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვებული მექანიზმები, „კარგი მმართველობის“ პრინციპების გათვალისწინებით. გაიზრდება ექსპერტთა და პროფესიონალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და კულტურის სხვადასხვა დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში. გაგრძელდება მუშაობა კულტურის დაფინანსების დივერსიფიკაციისთვის.
დაიხვეწება კულტურასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა; მომზადდება ახალი ნომინაციები კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანად და მოხდება მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარი ნუსხის განახლება. გაგრძელდება საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და ძეგლებზე საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გაგრძელდება მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებისთვის.
გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის, ხელი შეეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და შშმ პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
ხელი შეეწყობა კულტურის სფეროს პოტენციალის სამეწარმეო და ტურიზმის მიმართულებით ათვისებას, მათ შორის, კულტურული მარშრუტების, ტრადიციული რეწვის დარგებისა და არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვა პოტენციალის ათვისებას, სახელმწიფო ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის საჭირო სივრცეების და ელექტრონული პლატფორმების შექმნას.
გაგრძელდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი კულტურის ევროპულ ორგანიზაციებსა და პროგრამებში, პლატფორმებში გაწევრიანებით და მონაწილეობით. კულტურული დიპლომატიის მეშვეობით, ხელი შეეწყობა ქართული კულტურის ინტერნაციონალიზაციასა და ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე; ხელი შეეწყობა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ხელოვანთა საერთაშორისო მობილობას, კულტურათაშორის დიალოგს, ერთობლივი პროექტების განხორციელებას ინსტიტუციონალურ, ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ დონეზე. განხორციელდება მასშტაბური კულტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველობის და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, ტურიზმის და რეგიონულ განვითარებას.
შემუშავდება სახელოვნებო განათლების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარების გეგმა, დაიწყება მუშაობა სახელოვნებო განათლების მიმართულებით საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, სახელოვნებო განათლების ფართო ხელმისაწვდომობის, განათლების ხარისხის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სახელოვნებო განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნის მიმართულებით. გაგრძელდება სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მოდერნიზება და ტექნიკური გადაიარაღება.
3.3.2. სპორტი
სახელმწიფო განახორციელებს ქმედით პოლიტიკას, პროფესიულ და მასობრივ სპორტში ჩაბმულ პირთა რაოდენობის გასაზრდელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბავშვებისა და მოზარდების ჩართვას. უზრუნველყოფილი იქნება სასპორტო განათლების ხელმისაწვდომობა და მწვრთნელთა პროფესიული გადამზადება; გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მომუშავე მწვრთნელთა მხარდაჭერა.
აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნები, დარბაზები და სპორტის სასახლეები, ასევე მასობრივი სპორტის ობიექტები; შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ქმედითი მოდელი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიან თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული.
გაიზრდება სპორტული განათლების ხელმისაწვდომობის დონე და შეიქმნება დარგის პროფესიონალი კადრებით მომარაგების მყარი საფუძვლები.
სპორტულ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციით, შემუშავდება სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად, განაპირობებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. ამ მიზნით გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისოსპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მიმართულებით და შემუშავდება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვის სტანდარტები.
შეიქმნება სპორტული დავების განხილვების ეფექტიანი სისტემა. დაინერგება სპორტსმენთა უფლებების დაცვის და მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის მოდელი. გაგრძელდება სპორტის სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების, მათი რატიფიკაციისა და დანერგვის პროცესი.
3.4 ჯანმრთელობის დაცვა
”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას. ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას.
მთავრობა მომავალშიც შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, რომელიც გახდება პაციენტზე მეტად ორიენტირებული და კიდევ უფრო შეამცირებს მოსახლეობის ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებს.
საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით აქტიურად დაიწყება სელექტიური კონტრაქტების სისტემის დანერგვა. გარდა ამისა, სრულად დაინერგება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების და გლობალური ბიუჯეტის მეთოდი, რაც უზრუნველყოფს პროგრამული ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას.
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდება ჯანდაცვის პოლიტიკაში. პრიორიტეტული გახდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მათი გართულების თავიდან ასაცილებლად. სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი, დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მექანიზმები, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და აღჭურვა, გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა. უახლოეს მომავალში დაიწყება ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვის პროცესი. ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ისარგებლოს არამხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მომსახურებით, არამედ ადგილზე ჩაიტაროს კვლევები. აღნიშნულის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების ხარისხი, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ დონეზე. გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა იმუნიზაცია.
ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი გახდება. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაგრძელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა.
საქართველოს მასშტაბით მოხდება ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა. შეიქმნება პაციენტის ელექტრონული ბარათი, რომელზეც აისახება პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
დიპლომისშემგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.
3.5 სოციალური დაცვა
მთავრობის სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს: სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა.
მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით განხორციელდება აღნიშნული პროგრამების მიზნობრიობის გაუმჯობესება და არსებული რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილება. ამ პროცესში შემოღებულ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების დასაქმების წახალისებისა და ხელშეწყობის მექანიზმები.
2020 წელს განხორციელდება პენსიების ზრდა და დაინერგება საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც მომავალში ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო გასაცემლების ზრდას.
ხელისუფლება გაააქტიურებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მოხდება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. დაიხურება ყველა ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი, რომელზეც არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. 2019-2020 წლებში, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 200 მლნ. ლარზე მეტი. გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან დევნილებისთვის საარსებო წყაროებზე წვდომის, მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა.
გაგრძელდება ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების შეძენა ქვეყნის მასშტაბით, ასევე გასულ წლებში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი.
სახელმწიფო მმართველობა
მთავრობის პოლიტიკის განხორციელება დაეყრდნობა სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლებასა და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას, რომელიც ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის.
გაგრძელდება საჯარო სამსახურის რეფორმა, ეფექტიანობის ამაღლების, ფინანსური სტიმულების და მოტივაციის გაზრდის მიზნით. კერძოდ, დემოკრატიული მმართველობის გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებთან ერთად განაგრძობს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, რაც ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
რეფორმის ქვაკუთხედია ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, ეფექტური და ეფექტიანი მართვა, მოქალაქეთა ჩართულობა და საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურება. გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბება.
საჯარო სამსახურის რეფორმის შემდგომ ეტაპად, უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და კვალიფიკაციის შესაბამისად საჯარო მოხელეთა ანაზღაურების ზრდა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციების პირველადი ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, მოხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოპტიმიზაცია და კატეგორიზაცია. დამატებით განხორციელდება თითოეული სსიპ-ის ფუნქციების ანალიზი, რის შემდგომაც ის ფუნქციები, სადაც შესაძლებელია კერძო სექტორის მართვა იყოს უფრო ეფექტური, ეტაპობრივად გადავა კერძო სექტორში.
გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. მცირე, მოქნილი და ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით.
მუნიციპალიტეტების გაზრდილი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველსაყოფად ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში.
ფინანსური რესურსების ზრდასთან ერთად მუნიციპალური მმართველობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება ქმედითი პროგრამები, რომელთა ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან შედეგების მიხედვით გაიზრდება მათი პროექტების დაფინანსება.
შემუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ქვეყნის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის განვითარება. მთავრობის მიზანია, ერთი მხრივ, საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფროვნება მეტი ეფექტიანობისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მთავრობა გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიან პოლიტიკაზე, რაც ფიზიკურ მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფს ონლაინ-მომსახურების დახვეწას, ახალი დამატებითი სახელმწიფო სერვისების გაციფროვნებას და საფასურების ოპტიმიზაციას. ასევე გაგრძელდება მუშაობა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და შტამპის დამატებითი ინსტრუმენტების დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მომსახურების მიღების დროს და საშუალებას მისცემს მოქალაქეებს და ორგანიზაციებს, დისტანციურად და უსაფრთხოდ მიიღონ სახელმწიფო სერვისები.
სახელმწიფო ინსტიტუტებში დაინერგება გამჭირვალობის მაღალი სტანდარტები და შეიქმნება საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმები.
ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, უფრო აქტიური გახდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაინერგება ისეთი ევროპული მიდგომები, როგორიცაა კორუფციის პრევენციის მექანიზმების იმპლემენტაცია და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება კორუფციულ დანაშაულებებთან მიმართებით. უზრუნველყოფილი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯების ქმედითი კოორდინაცია და ამ მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
გაგრძელდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, ასევე ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები საჯარო დაწესებულებებში ანგარიშვალდებული და კეთილსინდისიერი გარემოს ჩამოყალიბებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით”, – წერია სამთავრობო გეგმაში, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, დღეს პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა
შს მინისტრმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.
გახარიას მინისტრთა კაბინეში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.