,,პრივატში მომწერე, მართლა 2012-მდე ახვევს უკან?…” რა მისწერა დავით უსუფაშვილმა ლაშა ნაცვლიშვილს
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი დავით უსუფაშვილი, ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან ყოფილ გენერალური პროკურორის მოადგილეს მიმართავს:
,,ლაშა ნაცვლიშვილს!
ლაშა, გაგიკვირდება და შენ მოგმართავ… მოგმართავ „ლაშას იმ ნაწილს“, რომელსაც მანდ დარჩენილებში ყველაზე უკეთ შეუძლია წაკითხული იურიდიული ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. „სხვა ლაშები“ ეხლა არ მაინტერესებს…
მე არ დამიჯერებენ, შენი სჯერათ. ჩახედე კონსტიტუციის 39-ე და რეგლამენტის მე-11 მუხლებს და იქნებ აუხსნა, რომ მელიას უთავბოლო დევნაში ახალ-ახალ მახეებს თავისთვის იგებენ…
პარლამენტის გუშინდელი დადგენილებით პროკურორს მიეცა სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობა (ეს ფორმულირებაც პრობლემაა, მაგრამ სხვა დროს..). ამით მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას და სტატუსს მისხალი არ მოკლებია. პარლამენტს შეეძლო მისი უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებდა (რეგლამენტი, 11.4). სასამართლომ მას პატიმრობა არ შეუფარდა და ამიტომ ვერც პარლამენტი შეუჩერებს მას უფლებამოსილებას. ამდენად, მელია დღეს ისეთივე სრულფასოვანი დეპუტატია როგორც დანარჩენი 149 და მისი „უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“ ისევე, როგორც დანარჩენების (კონსტიტუცია, 39.3).
მაშ როგორ შეუზღუდა სასამართლომ პარლამენტის სრულუფლებიან წევრს გადაადგილება და სიტყვით გამოსვლა, ანუ კონსტიტუციით დაცული უფლებამოსილების განხორციელება? სისხლის პროცესის გარდა მოსამართლეებმა ზოგჯერ კონსტიტუციასაც რომ უნდა ჩახედონ, არ იციან? ამ ვითარებაში რა უფლებამოსილების შეჩერებაზე ალაპარკდნენ უმრავლესობის და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელები (მაგ. მდინარაძე, მაჭარაშვილი)? მართლა მელიას თმის ღერების მცველებად უნდათ აქციონ მთელი დემოკრატიული მსოფლიო?
P.S. კურსელობის ამბავში, იქნებ პრივატში მომწერო, მართლა 2012-მდე ახვევს უკან? მეც გავითვალისწინებდი…