საზოგადოება

პანკისის მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას კონკრეტული პირობით თანხმდება

პანკისის ხეობის მოსახლეობის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც გაირკვა, შეიქმნება სახალხო კრება, რომელშიც უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან.

სწორედ ამ ჯგუფმა უნდა აწარმოოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, მათ შორის დაპირისპირების მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხზეც.

რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, მოსახლეობის ნაწილი დღეს „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობის საერთოდ წინააღმდეგია, თუმცა ნაწილი პროექტის განხორციელებას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ ჰესი დასახლებული პუნქტიდან შორს აშენდება.

თავის მხრივ, კომპანია “ფერი” მზად არის პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს.

მანამდე სოფელ ძიბახევში პოლიციის დროებითი საგუშაგო დამონტაჟდა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მეოთხე დღეა რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close