პოლიტიკა

,,ორი ძალა ჯიჯგნის საქართველოს – ურაპატრიოტები და ულტრალიბერალები?”

მესმის, რომ ყველა აღელვებულია, მაგრამ არ მესმის, რატომ გვიკვირს ის, რაც ხდება? ყველაფერი ლოგიკურია. მხოლოდ უბრალო ანალიზია საჭირო და არა წინასწარმეტყველება.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოს პრაქტიკულად არ ჰყოლია ლიდერი. ე.წ. ბელადების სიმრავლით კი ვართ გამორჩეული. ქუჩით შექმნილი ბელადი შეცვალა ფულით გაბელადებულმა. არასდროს არც ერთი ქვეყნისთვის ბელადებსა და მილიარდერებზე დამყარებულ პოლიტიკას სიკეთე არც მოუტანია და ვერც მოუტანს.

ლიდერსა და ბელადს შორის, ისეთი განსხვავებაა, ხატოვნად რომ ვთქვათ, როგორც ცასა და დედამიწას შორის.

ლიდერი არასდროს არის თვითკმაყოფილი. მონებს არ ეძებს ქვეშევრდომებად. ლიდერიარც დემოკრატიას თამაშობს, ლიდერს არც ყალბი ეროვნული პათოსი აქვს, მისგან შორს არის სოციალური დემაგოგია. იქ, სადაც ლიდერია, არც კორუფციაა და მით უფრო ელიტური.

საპირისპიროდაა ყველაფერი ბელადთან დაკავშირებით. საპირისპიროდაა ყველაფერი მილიარდერთან დაკავშირებით. ბელადებს და მილიარდერებს აყოყოჩებს მათივე მდგომარეობა. როგორც ჩვენში იტყვიან, ასეთ დროს: „უნახავმა რა ნახაო“.

დიახ, ლიდერი ლოგიკურად, ყველა ეტაპის გავლით მიდის სახელისუფლებო მწვერვალამდე, ბელადი და მილიარდერი – შემთხვევის გამო. ლიდერი ლაპარაკობს მწარე სიმართლეს და ეს ხალხს არ მოწონს, ბელადი და მილიარდერი – ლამაზ ტყუილებს, ხალხს ეს მოწონს. საქართველოს ტრაგედია ალბათ იმაშიცაა, რომ ხალხს ლამაზი ტყუილები ურჩევნია მწარე სიმართლეს. ხალხის ეს განწყობა, ლიდერის საწინააღმდეგოა, აწყობს ბელადს და მილიარდერს.

არ ვფილოსოფოსობ. სწორედ იმ მწარე სიმართლეს ვლაპარაკობ, რომელიც ცოტას მოეწონება.
დღეს გავიგეთ და ღვთის წყალობით, არა მარტო მე ვამბობდი, რომ „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ერთსაც აწყობს და მეორესაც, ორთავეს მონაცვლეობით ტოვებს ხელისუფლებაში, ქვეყანას კი ანგრევს?!

დღეს გვესმის პირველად, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ორი ძალა ჯიჯგნის საქართველოს – ურაპატრიოტები და ულტრალიბერალები?! პირველები აღიზიანებენ დასავლეთს, მეორენი – რუსეთს, მაგრამ ორთავე კმაყოფილია, რადგან ორთავეს მყარი ფინანსური მკვებავი ჰყავს: ერთს – დასავლეთის მასონურ-სოროსული ძალები,მეორეს – რუსული შოვინისტური. ამ ორი დამანგრეველი ძალის პირობებში, დაკარგულია ქართული, რადგან ასეთი დაპირისპირების დროს, ინტელიგენციის დიდი ნაწილი განერიდება პოლიტიკას, გარკვეული ნაწილი მოსყიდულია.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება შემიძლია. მაგრამ რასაც აქ ვამბობ, ამის უფლებას მაძლევს ის, რაც გავრილოვის ჩამოსვლასთან, მანამდე და შემდგომ აგორებულ აღვირახსნილ მიტინგებთანაა დაკავშირებული. სათაურიც ასეთი მივეცი:“ განსხვავებული პოზიცია, რასაც სხვები არ ან ვერ ამბობენ და რასაც ხიშტით შეხვდებიან მიტინგების მოყვარული პოლიტიკოსები“.

გთხოვთ, ადამიანურად გთხოვთ, თუ არ წაგიკითხავთ, ნახოთ ეს წერილი, სადაც ვადასტურებ, რომ გავრილოვთან დაკავშირებული ყველაფერი დიდი ფულით ნაყიდი და დადგმული პროვოკაციაა და თუ სწორად არ გავაანალიზებდით ამას, გაგრძელება ისე პროვოკაციული იქნებოდა. მივიღეთ კიდევაც ეს გუშინ.
რუსთავი 2-ს თან დაკავშირებით. ჯერ ერთი, ვისაც სჯერა, რომ ამის უკან უხვად დაფინანსებული პროვოკაცია არ დგას, იმასთან არ ვკამათობ, რადგან საკამათოც არაფერია. ეს მხოლოდ ურწმუნო თომამ დაიჯეროს. მთავარი არის ის,რომ უკადრებელი გვაკადრეს რუსთავი 2-ს ჟურნალისტის გამოსვლა ანტიბიბლიურია, სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც ხალხის მიერ შექმნილ უნიკალურ ლექსშია ვეფხისა და მოყმის შესახებ. ის არის სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რაც ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქართველი ხალხის ტრადიციებშია. წარმოუდგენელია, ამას ამბობდეს ქართველი, შოთა რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას ქვეყნიდან, თუ იგი სულგაყიდული არ არის!

მე ის მიკვირს, რატომ დავტოვეთ შეუფასებელი და მაშინ არ ავღელდით, როცა ტელევიზია „რუსთავი2“ – ის ხელმძღვანელმა, 21-ე საუკუნეში ყველა დროის კანიბალიზმზე უარესი რამ თქვა ხელში ქართული სასმისით და სისხლისფერი სითხით:“ასე დავლევ შენ სისხლს, ბატონო ივანიშვილო და ბატონო გახარია!“ მე არც ერთის მიმართ სიმპათია არ გამაჩნია, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი ქართულის შეურაცხყოფა იყო და იმაზე მეტიც, ვიდრე გუშინ…

არ მინდა ამ საუბარში გავრღმავდე. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვამბობ: დიდი შეთქმულებაა დაწყებული საქართველოს მიმართ,  და ნაცვლად იმისა, რომ მეცნიერთა მიერ მონაწილეობით სერიოზულ ანალიზს ვაკეთებდეთ, ჩვენ თვითონ გამოვდივართ ამ პროვოკაციის ხელისშემწყობად. გვავიწყდება, რომ პროვოკაციის დამგეგმავმა კარგად იცის, როგორი იქნება ემოციური პასუხი პროვოკაციაზე და ამაზე აგებს მთელ პროვოკაციულ ვერტიკალს. დაიწყო ვერის ბაღის შეკრებებით, გაგრძელდა პარლამენტის წინ, გაგრძელდა „რუსთავი-2“-ს თავხედობით… და ვერ გეტყვით, რომ სწორია გადაწყვეტილება, ან ტელევიზია დავხუროთ, ან საპირისპირო მიტინგებით წავლეკოთ! ეს, სწორედ ეს არის ომის გზა!

ის რაც გუშინ მოხდა, საჩუქარია პუტინისთვის. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე,მაგრამ აწყობს ივანიშვილსაც… ერთადერთი, ვისთვისაც ეს არის ტრაგედია, შეურაცხმყოფელი – ეს არის საქართველო და ქართველი ხალხი. არა მგონია, რომ ეს დასრულდება ისევ ემოციაზე აგებული ქმედებებით, რამაც დღეს მთელი საქართველო მოიცვა.

მე ისევ მთავარს დავუბრუნდები.

გუშინ დილით, არ ვიცი რატომ, მაგრამ გამახსენდა გენერალ დე გოლის უცნობილესი გამონათქვამი, რომელიც გავაზიარე ფეისბუქის ჩემს გვერდზე. აი,რას ამბობს იგი და რაზე უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად:

„არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების დაშვება, რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ“.

„ნაცმოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ იქამდე დაგვიყვანეს, რომ ერთ გაუგებარ რუს ჩინოვნიკს, შეუძლია შინაომამდე მიგვიყვანოს. იქამდე დაგვიყვანა ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირებამ, იმ სიძულვილმა, რომელიც მათ შორისაა, რომლითაც  განწყობილია სააკაშვილი ივანიშვილის მიმართ და ივანიშვილი – სააკაშვილის მიმართ, რომ სახეს ვკარგავთ.

ქვეყნის მომავალი არც დაპირისპირებასთან, არც ცალკეული პიროვნებების და პარტიების გამარჯვებასთან არაა დაკავშირებული. ქვეყნის მომავალი სიკეთით გამარჯვებასთანაა დაკავშირებული. ყველა გამარჯვება დროებითია, გარდა სიკეთით გამარჯვებისა. დადგა მომენტი, როდესაც ასეთი გამარჯვება ჰაერივით სჭირდება საქართველოს და ეს მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობილ, მორალურ ძალებს შეუძლიათ.
1990 წლის აგვისტოში, როცა ქვეყანა დიდი დაპირისპირების წინ იდგა, მე მაშინ გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მეშვეობით მოვუწოდე კომუნისტურ პარტიას ან არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, ან დაეთმო პოლიტიკური ასპარეზი ეროვნული ძალებისთვის. ვამბობდი იმას,რომ ამით მთელი საქართველო ვიქცეოდით ერთ ეროვნულ ძალად. ბევრი განარისხა მაშინ ჩემმა ამ გამონათქვამმა, მაგრამ იმ ეროვნულმა განწყობამ, რაც იმით დასტურდება,რომ ქვეყანაში, სადაც 600 ათასზე მეტი კომუნისტი იყო, ამ პარტიამ არჩევნებში მისი წევრების და მათი ოჯახების ხმების ნახევარიც კი ვერ მიიღო. მაშინ საქართველომ გაიმარჯვა, დამარცხებული არავინ იყო და დამოუკიდებლობაც გამოცხადდა.

ვფიქრობ, ზემონათქვამიდან გამომდინარე, მაქვს უფლება, მივმართო ერთმანეთის მიმართ მტრად ქცეულ ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“: რას ერჩით ამ ქვეყანას… თუ ოდნავ შეგრჩათ ქართული ღირსება, ნებაყოფლობით თქვით უარი არჩევნებში მონაწილეობაზე სულ მცირე, ერთი ვადით მაინც, ან ჩაატარეთ ისეთი არჩევნები, რომლის წესიც ქართული სული იქნება და რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ გაყალბებას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, იქნება სიმშვიდე საქართველოში და ეს დაგიფასდებათ ყველას, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილს.

ამერიკის კონსტიტუციის ფუძემდებლებმა, უნიკალური მაგალითი მისცეს მსოფლიოს ორი რამით: პირველი – ხელისუფლებაში მისვლამდე დაწერეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მართალია, ხელისუფლებაში მისულ პარტიებს აღიზიანებდათ, მაგრამ ისინი ამბობდნენ:კიდევ კარგი, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე დავწერეთ, თორემ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ამ ქვეყნის სასარგებლო კონსტიტუციას ვერ დავწერდითო და მეორე – კონსტიტუციაზე მუშაობის დაწყების წინ, ერთმანეთს ფიცივით მისცეს, შეექმნათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავდა ამერიკის ხელისუფლებაში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულთა მოსვლას.

საქართველოში კი, დღემდე ყველა კანონი და კონსტიტუცია ხელისუფლებაში მისულებმა მიიღეს და საკუთარ თავზე მოირგეს… ძალაუფლებაც უყვართ და ფულიც. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენთან კანონებს ხელისუფლებაში, ამერიკისგან განსხვავებით, მხოლოდ ძალაუფლების მოყვარულები მოჰყავთ.
აშკარაა, რომ არც „ქართულ ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ერთობას და არც საერთოდ, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკოსთა ერთობას ასეთი კანონების არც მომზადება და არც მიღება არ შეუძლიათ. თუ ძლიერები ხართ და არ გეშინიათ, მიანდეთ ეს საქმე მეცნიერებს, მოუსყიდავ ქართველ და უცხოელ ექსპერტებს. გავაკეთოთ ეს ქართველ ხალხთან დათათბირებით და მასთან შეთანხმებით. ეს დიდი ქართული გამარჯვება იქნება და თქვენც ბევრ სირცხვილს ჩამოირეცხავთ.

მე სწორედ ასეთი ცვლილებებისთვის ბრძოლას ვთვლი უპირველესად და უმთავრესად. სიტყვა თქვენზეა. მე პოზიციას არ ვიცვლი: ქართული,მხოლოდ ქართული გზა. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, იგი ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგადკაცობრიულთან. ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედან მართულ, ნაქებ-ნადიდებ ხელისუფალთ! დავიხსნათ თავი 30- წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.

მე ვიბრძოლებ მეცნიერული პროგრამებით, მეცნიერებზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ ქვეყანაში არც მუშტის ძალაუფლება იყოს და არც ფულის. არამედ, იყოს მხოლოდ ერთი ძალაუფლება – ნიჭის ძალაუფლება. სწორედ ეს არის ქართული გზა!

თემურ შაშიაშვილი

08.07.2019წ

 

Related Articles

Back to top button
Close