,,ნუ წახვალთ და ნუ წამოხვალთ გომბორის გზით!”
დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:
_ თუ ცოტათი მაინც გჯერათ ჩემი, ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით და იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით. ძირითადად, მთავარი არგუმენტია ხოლმე, რომ მოკლე გზაა. სინამდვილეში კი, საწვავიც მეტი გეხარჯებათ ასეთ აღმართ-დაღმართიან გზაზე და დროც.
რაც შეეხება უსაფრთხოებას:
1.ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზაა და ყველა ვერ ახერხებს მოსახვევში სწორად შესვლას. ეს შეიძლება ხდებოდეს ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის ან სულაც მძღოლის გამოუცდელობის გამო.
2.თავდაღმართში მუხრუჭები ცხელდება და შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთი ავტომობილის პირისპირ, რომელსაც საერთოდ აღარ უჭერს მუხრუჭი (მუხრუჭის გამოყენებასაც ცოდნა უნდა).
3. ხშირად, სატვირთოები მიბობღავენ (რა უნდა აქ საერთოდ სატვირთოს?!) და სხვები გასწრებას ცდილობენ. ასე, რომ შეიძლება უბრალოდ ვერ აირიდოთ საპირისპირო მიმართულებიდან, თქვენ გზაზე უცაბედად გადმოსული ავტომობილი.
4. არაერთხელ, მეწყერმა და ნიაღვარმა გომბორის გზის რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად წაიღო.
5.გომბორის გზაზე, ერთ თვეში დასახიჩრდა 40-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა. 4, მათ შორის მცირეწლოვანიც. თუ რამდენიმე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ის აშკარად შემზარავი იქნება. აშკარად, ინფრასტრუქტურულად რაღაც ვერ არის წესრიგში იქ.
მე რომ მქონდეს უფლება: დროებით ჩავკეტავდი გომბორის გზას, საფუძვლიანად შევისწავლიდი, მოვაწყობდი დამცავ ჯებირებსა და განვათავსებდი გზის უსაფრთხოების სარკეებს, დავამონტაჟებდი კამერებს იქ, სადაც ყველაზე ხშირია გასწრების შემთხვევები. უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს დავნერგავდი და ამის შემდეგ გავხსნიდი. გახსნის შემდეგ, მოძრაობას მაინც ავუკრძალავდი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს და ავტობუსებს, შეზღუდვას დავაწესებდი მიკროავტობუსებზე.
ვინაიდან მე ამის უფლება არ მაქვს და დიდად აქ არც არაფერი იცვლება, ამიტომ, ნუ წახვალთ და ნუ წამოხვალთ ამ გზით. ისარგებლეთ კახეთის გზატკეცილით!