საზოგადოება

,,გაოგნებული ვარ, ამხელა კაცები რა სიტყვებით მაგინებენ” _ რატომ მოიხვიეს წითელი ყელსახვევები მზიურელთა შვილებმა?

გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“ 1971 წლის გაზაფხულზე, იმდროინდელ პიონერთა სასახლეში შეიქმნა და საყოველთაო აღიარება არამარტო საბჭოთა საქართველოში, არამედ, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა. არსებობის ოთხი ათეული წლის განმავლობაში, „მზიურელებმა“ მრავალი ქვეყნის აუდიტორია მოხიბლეს, არაერთი ჯილდო მოიპოვეს და თავის დროზე, გერმანიის ქალაქ საარბრუკენის მერისგან, ყველაზე ორიგინალური და ძვირფასი კომპლიმენტიც დაიმსახურეს:  „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება“- ო.

ერთ დროს, ოსკარ ლაფონტენის მიერ, „მზიურელთა“ პირველი თაობის მისამართით გაკეთებული ეს შეფასება, საქართველოში დღესაც ახსოვთ. ისევე, როგორც ახსოვთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი სამაჩაბლოს მიწაზე, აფხაზეთის დაკარგვა და სხვა, ჩვენთვის მტკივნეული ფურცლები საქართველოს უახლესი ისტორიიდან. შესაბამისად, აღნიშნულ მასალაში შეიტყობთ იმას, თუ რატომ დავასათაურეთ ეს სტატია ისე, როგორც დავასათაურეთ.

ა.წ. 25 ივლისს, გადაცემა “პრაიმშოუს” ფეისბუქ გვერდზე (22:11-წთ/ზე ) გამოქვეყნდა მუსიკალური კლიპის ფორმატში გადაღებული ვიდეოების სერია, რომელიც ბათუმშია გადაღებული. მასში, უფროსი და ახალი თაობის ქართველი შემსრულებლები ერთმანეთს ენაცვლებიან საბჭოეთის დროინდელი ჰიტების შესრულებაში.

ანსაბლ “მზიური”ს “საიმედო გაცოცხლება” ფეისბუქის ქართულენოვანმა აუდიტორიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. განსაკუთრებული გაღიზიანება კი, ეკა კახიანის, ნინი ბადურაშვილისა და ლიზა ყენიას მიერ შესრულებულ ,,ანტოშკა”ს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც საგანგებოდ მოწყობილ იახტაზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ, ჯერ ტელეკომპანია ,,იმედის” მეშვეობით იხილა მზის შუქი და შემდეგ, ინტერნეტსივრცე დაიპყრო, ხმაური არ ცხრება;

  • ზაზა ბიბილაშვილი: “ 2012 წლამდე ნინი ბადურაშვილს სამხედრო ფორმა ეცვა და ფსოუს წყალს უმღეროდა. ქოციანობის პირობებში, წითელი ყელსახვევი უკეთია და წილი-წილის მღერის ტვ ნაძეჟდაზე.”
  • ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო; “ TV “ნადეჟდას” მორიგი რუსული კლიპი “ანტოშკა”.
  • შაკო კუჭაშვილი: “ბრეჟნევი ხო მოკვდა? ცოტა ძაან ტეხავს…”
  • ლაშა ნაკაიძე : “ფსკერი”.
  • ნინო დანელია : “ერთ კვირაში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავია, ვინ ხართ ?! რა უთავმოყვარეობი ხართ ?”

ამ ტიპის ათასობით კომენტარმა, გვაიძულა, რომ გამოგვერკვია „ანტოშკას” ისტორია და სხვადასხვა წყაროებს მივაშურეთ.

როგორც გავარკვიეთ, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის და კომპოზიტორის – ვლადიმერ შაინსკის კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. მის მიერაა შექმნილი მუსიკა ისეთი ცნობილი ანიმაციური ფილმებისთვის, როგორიცაა „ჩებურაშკა და ნიანგი გენა”, „საუზმე ბალახზე”, „სასკოლო ვალსი” და სხვ.

1969 წელს, შაინსკის მიერ დაწერილი მორიგი საბავშვო სიმღერა რომლის მიხედვითაც მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღეს, ( მაშინ ანიმაციურ სურათებს ასე ერქვა ) მალევე გახდა პოპულარული, როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში. სიმღერა, რომლის ტექსტიც კარტოფილის ბოლქვების ამოთხრას ეხება, საბჭოთა და რუსს პოეტს – იური ენტინს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ბრეჟნევის ეპოქის საბჭოთა კავშირმა, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტიც აგრონომიული მიმართულებით განვითარება იყო, ასახვა იმ სურათებშიც ჰპოვა, რომლებიც ყველაზე პატარა ასაკის აუდიტორიისთვის იყო გათვლილი, ყველა საბჭოთა პატარაზე იყო გათვლილი „მზიურის” რეპერტუარიც, როგორც თავში ავღნიშნეთ. თუმცა „საიუზმულთფილმი”ს ( Союзмультфильм ) არქივებში ქექვით რომ არ დაგღალოთ, დავბრუნდეთ დღევანდელ რეალობაში და საბჭოთა კინოს ერთ-ერთი განშტოების – „ქართული ფილმის” («Грузия-фильм») უკანა ეზოში და ნაწილობრივ მის ბაზაზე შექმნილი ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო პოლიტიკას დავუბრუნდეთ, რომლის თანამშრომლების ნაწილიც, ( როგორც ცნობილია ) ისევეა ”ქართული ოცნების” პოლიტიკის გამტარებელი, როგორც საბჭოეთის ეპოქის ”საიუზმულთფილმი”-ს თანამშრომლები პასუხობდნენ ცეკას გენერალურ ხაზს, თუმცა ეგეც იქეთ იყოს და ახლა ვნახოთ რას წერს მოპასუხე მხარე, ანუ ”პრაიმშოუს” წამყვანი და პროდიუსერი – ნოე სულაბერიძე ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეისბუქის პირად გვერდზე;

( ამონარიდი )

”ეს ორი დღეა განსაკუთრებული ვნებათაღელვაა პრაიმშოუს ბოლო გადაცემის მზიურის ნაწილზე, სადაც ყელსაბამები ჩანს.

  1. ერთი კვირა ტრიალებდა ანონსი ტექსტით ”საბჭოეთის ნოსტალგიის გარეშე”, სადაც მოხდა ცნობილი ფილმის ანსაბლ მზიურის შესახებ გაცოცხლება.
  2. იმავე სიუჟეტში ხაზგასმით ვამბობთ – საბედნიეროდ, ეს ყელსაბამები ცუდ ისტორიას ჩაბარდა და მათი დატვირთვა არის მხოლოდ ჩვენთვის/თქვენთვის პატივსაცემი ქალბატონების დაბრუნება ბავშვობაში, სადაც მათ ნიჭს თან ახლდა ანექსირებული წყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ფილმში, სპექტაკლში შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი, საბჭოური, თუნდაც ნაცისტური ატრიბუტიკა, ასევე მოხდა პრაიმშოუში, რომელიც იმ ნაწილში რიმეიქის ხასიათს ატარებდა.”

როგორც ჩანს, ცნობილ ქართველ ტელეპროდიუსერს დაავიწყდა, რომ თეატრალური წარმოდგენა – სპექტაკლი და სატელევიზიო შოუ, სანახაობრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრია და სხვადასხვა სფეროებს განეკუთვნება.

სპექტაკლი თეატრალური ( სახელოვნებო ) წარმოდგენაა, გათამაშებული ამა თუ იმ სცენაზე, სატელევიზიო შოუ კი, თუ სულაბერიძეს და მის გუნდს დავუჯერებთ, მწვავე დებატებისგან შემდგარი, კითხვების და პასუხების ასპექტებზე აგებული გადაცემა ყოფილა.

”ექვსი ვარსკვლავი ერთმანეთის პირისპირ წამყვანის ამპლუაში და დარბაზი, რომელიც ყველა გადაცემაში მათგან საუკეთესოს გამოავლენს.” ვკითხულობთ ”პრაიმშოუს” გვერდზე – ინფორმაციის გრაფაში – ”ჩვენს შესახებ”.

გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ გამოავლინეს საუკეთესოდ ამა წლის, ივლისის ბოლო კვირისთვის, მაგრამ ვინ დააბულინგეს ფეისბუქის ქართულენოვანმა მომხმარებლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველაზე მეტად, უკვე ვიცით.

მართალია, ეკა კახიანის პირველი შვილი – ნინი ბადურაშვილი, დედის მსგავსად პრაქტიკულად ბავშვობიდან მღერის და თავის დროზე, სწორედ მას ერგო პატივი, სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველ მუსიკალურ კლიპებში რომ ემღერა. თუმცა ის, მხოლოდ ქართული შოუ-ბიზნესის სახე აღარაა, ”პრაიმშოუს” ექვსი ქართველი ვარსკვლავიდან ნინი ერთ-ერთია, ვინც კითხვებს სვამს და ზოგჯერ კითხვებზეც პასუხობს. შესაბამისად, აუდიტორიას ”ფსოუს წყალიც” ახსოვს და ისიც, თუ როგორ მოხსნა ნინიმ სააკაშვილთან დაკავშირებით ჭორებს ტაბუ. ენმ-ს მმართველობის დროს, ერთობ პატრიოტულ მოტივებზე ამღერებულ ბადურაშვილსა და უკვე დღეს, ტელეწამყვან ნინის შორის, ალბათ, არაერთ განსხვავებას იპოვით, რომელი განსხვავებებიც, ტრიოს შემთხვევაში დანარჩენ ორთან მიმართებაში, ალბათ, ნაკლებად შესამჩნევია – ნინის დედა, ცნობილი მსახიობი და მომღერალი – ეკა კახიანი და მაია ჯაბუას ქალიშვილი – ლიზა ყენია, ნინისთან შედარებით ოდნავ დაინდეს.

რა გახდა მიზეზი ბადურაშვილზე მასიური, ვერბალური თავდასხმის?

ალბათ, აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ზოგად პოლიტიკურ კონტენტებთან ერთად – მათ შორის ნინის ცნობილი ოჯახის პოლიტიკური შეხედულებებიც. ცნობილია, რომ ნინის ბებია – მსახიობი ლალი ბადურაშვილი წლებია, რაც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს, ბებიის კვალდაკვალ სააკაშვილის მხილებით დაკავდა შვილიშვილიც, ამ ყოველივეს ბუნებრივია წინა ხელისუფლების მხარდამჭერები გაფაციცებით ადევნებენ თვალს, ისევე, როგორც მათი ლიდერის – მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდისადმი კრიტიკულად განწყობილ ”ტელე-იმედს”, რის გამოც, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაახსენეს ახალგაზრდა მომღერალს, ის, რომ ფსოუს წყლიდან ბათუმის წყლებში – ნავიდან ნავში გადაბარგება. მაშინ, როდესაც აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, არც თუ კარგი ნაბიჯია.

შესაბამისად, euronews.ge- ნინი ბადურაშვილს დაუკავშირდა.

ნინი ბადურაშვილი:

_ შეიძლება ბევრს არ ვუყვარვარ, ამაზე არც მაქვს პრეტენზია, მაგრამ ამხელა კაცები რა სიტყვებით მაგინებენ, რომ ვკითხულობ, გაოგნებული ვარ. გამოხტნენ და მლანძღავენ…

– ელოდით ასეთ რეაქციებს ?

– ათასი ადამიანია, ათასი ბუნებაა… როგორ შეიძლება, რომ მე რუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი ვიყო?? მე, რომელიც 1985 წელს დავიბადე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირი ბოლო წლებს ითვლიდა. ჩემი ბავშვობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო, ჩემი ოჯახი, 89 წლის 9 აპრილს რუსთაველზე იყო გასული…

– როგორ ფიქრობთ, რატომ გააღიზიანა საზოგადოება იმან, რომ წითელი ყელსახვევით გამოჩნდით პუბლიკის წინაშე ?

_ მე როლი დამეკისრა, ეს იყო გარდასახვა.

– თუმცა ეს გარდასახვა მოხდა იქამდე ერთ კვირით ადრე, მანამ სანამ, ქვეყანა გლოვის რეჟიმზე გადავა და ამას ხაზს უსვამენ ფბ-მომხმარებლებიც… აქვე, იხსენებენ იმასაც რომ თქვენ ფსოუს წყალს უმღერეთ.

– მე ის სულისკვეთება მაქვს, რაც წლების წინ მქონდა, მაშინ როდესაც ”ფსოუს წყალი” ვიმღერე, მე ვერავინ შემაცვლევინებს ჩემს დამოკიდებულებას იმის მიუხედავად, ”მზიურის” სიმღერას ვიმღერებ თუ არა, დანარჩენზე შეგიძლიათ ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდეთ.

ჩვენმა რედაქციამ, იმ მარტივი მიზეზით არ ჩათვალა ბატონ სულაბერიძესთან დაკავშირება საჭიროდ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მის მიერვე გავრცელებული ტექსტიდან, არც თუ მოკლე ამონარიდი წარმოგიდგინეთ.

როგორც გავარკვიეთ, 2018 წლის ივლისის ბოლოს, არც ”მზიურის” იუბილეა და არც რომელიმე ისტორიული ფილმის გადაღება მიმდინარეობს კომუნისტურ ეპოქაზე. რა ლოგიკით მოახვიეს ყელზე ”მზიურელთა” ქალიშვილებს წითელი ყელსახვევები, გამოცანად რჩება.

პირადად მე, ამ სტატიის ავტორს, მიმაჩნია, რომ პრობლემის სათავე ქართული, ვარსკვლავური ოჯახი კი არა, სახელმწიფო პოლიტიკაა, რომელი პოლიტიკის მიზედვითაც, საბჭოთა სიმბოლიკა ძველებურად კაშკაშებს ჩვენს ტელე თუ უკვე, ( ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ) მობილური ტელეფონის ეკრანებზე.

ფაშიზმზე, ისევე როგორც კომუნიზმზე, კაცობრიობამ კარგა ხანია უარი თქვა. კომუნიზმის სამართალმემკვიდრე კი, დღევანდელი რუსეთია, ის რუსეთი, რომელიც ვერ ერევა იმპერიალისტურ ვნებებს და განაგრძობს საოკუპაციო პოლიტიკას. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოვლინება, სულ ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო.

რა ხდება ამ ომის შემდეგ? იმის მაგივრად, რომ მოხდეს საბჭოთა მენტალობის და მემკვიდრეობის გადაფასება ( რაც ბუნებრივია ერთობ მტკივნეული პროცესია ) ჩვენს ეკრანებზე წითელი ყელსახვევები ელვარებს.

აქვე, სტატიის ფინალურ აკორდად წარმოგიდგენთ იმ სიმღერის ტექსტს, რომელსაც ერთ დროს ,,მზიურელები” ასრულებდნენ. იქნებ თქვენც მაინც დააკავშიროთ კარტოფილის ამოთხრაზე შექმნილი სიმღერა, სახელმწიფოებრივი განცდის ამოძირკვასთან.

Пойдем копать картошку!

Антошка, Антошка,

Пойдем копать картошку!

Дили-дили,

Трали-вали,

Это мы не проходили,

Это нам не задавали!

 

Дили-дили,

Трали-вали,

Это мы не проходили,

Это нам не задавали!

 

Парам-пам-пам,

Парам-пам-пам!

ავტორი _ ზაზა სვანაძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close