პოლიტიკა

“ნაყოფი შეიძლება გამოიღოს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე შეხვედრამ”

თუ ხელისუფლება პირდაპირ არ ჩაერთო ამ პროცესში და უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები სასწრაფოდ არ დაიწყო, დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდება, – ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მცოცავი ოკუპაციის საკითხის შეფასებისას გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტს რუსეთში დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ნაყოფი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე გამართულმა შეხვედრამ შეიძლება გამოიღოს.

„მივესალმები ნებისმიერ ვიზიტს რუსეთში, რომლის ამოცანაც იქნება სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ის, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, სრულიად ნათლად არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. რას ველოდებით ძალიან მაინტერესებს?! რამდენზე უნდა გადმოსწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლებაც, პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს. დანაშაულებრივია პოზიცია დიალოგზე უარის თქმის. თუ ხელისუფლება პირდაპირ არ ჩაერთო ამ პროცესში და უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები სასწრაფოდ არ დაიწყო, დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდება. სანატრელი! ვაფრთხილებ ყველას – პოლიტიკურ სპექტრსაც, საზოგადოებასაც, სრულიად საქართველოს, მეტი უბრალოდ ჩემს ძალებში ნამდვილად არ შედის. სანატრელი გვექნება ის, რაც დღეს გვაქვს. ყოველდღიურად უარესდება ვითარება, ყოველდღიურად იხურება მოლაპარაკების შესაძლებლობის ჩარჩოები. ყოველდღიურად საქართველოს მოსალაპარაკებელი პოზიცია უარესდება და ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close