საზოგადოება

მოსწავლის მშობელი: კლასი ბავშვს მშობელმა უნდა დაულაგოს?

„რა კარგია, რომ თემქა აირჩია და სადმე ცენტრის სკოლაში არ მივიდა… მინისტრი მოვიდა და კლასში ვეღარ შევსულვართ… როდის წავა ერთი, რომ ბავშვთან შევიდე და ვნახო (პირველკლასელის ბებია)“ – ეს იყო ფარზები, რაც დღეს დილით თბილისის 143-ე საჯარო სკოლაში ისმოდა. იქ შეკრებილებს სასწავლო წლის დაწყება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ მიულოცა. მინისტრი რამდენიმე კლასში გაკვეთილების დაწყების პროცესს პირადად დაესწრო.

მან სკოლის პერსონალს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალ სასწავლო წელს დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„მინდა მივულოცო ყველას, ქართული სკოლა ხვდება მოსწავლეებს ძალიან ბევრი სიახლით. მათ შორის 300-ზე მეტი სკოლა საქართველოში სრულიად რეაბილიტირებული და განახებული დახვდათ მოსწავლეებს. ძალიან სასიხარულოა, რომ პირველკლასელების რაოდენობა წელსაც გაიზარდა შარშანდელთან შედარებით.  შარშანაც ზრდის ტენდენცია იყო.  მოსწავლეებს,  რა თქმა უნდა, დახვდათ  სახელმძღვანელოები და ტრადიციულად პირველკლასელების კომპიუტერები“, -განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა სკოლის ბუფეტებზეც ისაუბრა.

„ინფრასტურქტურის გარდა მნიშვნელოვანია, ასევე  კვება  წელს მოსწავლეებს ბუფეტებში შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები აღარ ექნებათ“.

EDU.ARIS.GE ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლის მშობელს ესაუბრა. მათი თქმით, სახელმძღვანელობის ხარისხი ასე თუ ისე კარგია, თუმცა რამდენიმე მათგანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მშობლებს კლასისთვის ფარდების და მსგავსი წვრილმანების შეძენა უწევთ.

„სოციალურ ქსელში ვნახე ფოტოები სკოლებში საშინელ წიგნებს არიგებენო, ვერც კი გამოიყენებო. თუმცა ჩემს შვილს რამდენიმე წიგნი სულ ახალი დაბეჭდილი შეხვდა, მეორადი რაც არის, ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ჩვენს კლასში ისეთი წიგნი არავის არ შეხვედრია, რომ ვერ გამოიყენოს?!“, -გვითხრა 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა.

„ჩემი  შვილი მე-5 კლასში გადავიდა, ძალიან მაინტერესებს ვისაც გამოცდილება აქვს ფარდები მშობლებმა უნდა იყიდონ? და კლასი ბავშვს მშობელმა უნდა დაულაგოს? რას აკეთებს ამ დროს სკოლის დამლაგებელი ან ადმინისტრაცია ძალიან მაინტერესებს? – გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც სკოლის დასახელება ამ ეტაპზე არ ისურვა.

ჩვენ აღნიშნული შეკითხვით მინისტრს მივმართეთ.

„წესით სკოლას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ სრულფასოვნად თავიდან ბოლომდე გაწიოს ეს ხარჯი. არცერთ სკოლაში მშობლებს არანაირი სავალდებულო დანახარჯი არ უნდა ჰქონდეთ, ეს არის დანაშაული, ჩვენ ამას მივაღწიეთ  ძალიან დიდი ხნის მუშაობით. ამ მშობლებმა ძალიან პრინციპული პოზიცია უნდა გამოიჩინონ ამასთან დაკავშირებით. არანაირი ფულის შეგროვება და არაფრის ყიდვა არ არის არც  აუცილებელი და არც დასაშვები“, – განაცხადა მინისტრმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

წყარო: edu.aris.ge

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close