„მოვითხოვთ გომელაურის გადადგომას…” _ ლეიბორისტების 8 პუნქტიანი გეგმა
„მოვითხოვთ გომელაურის გადადგომას, შს მინისტრის მოადგილე ცაციაშვილის დაკავებას და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების დაწყებას, რისთვისაც წარმოვადგენთ 8 პუნქტიან გეგმას!“, ლაშა ჩხარტიშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი.
დღეს, 22 დეკემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა ლუკა სირაძის სიცოცხლის მოსპობის საქმესთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით:
„ივანიშვილის რეჟიმი კვლავ აგრძელებს ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების მფარველობას და ამით საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს ! სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, როცა ამ დრომდე გამომოძიებელი მარიანა ჩოლოიანის გარდა არავინაა დაკავებული!
ნათქვამიდან გამომდინარე, საიმისოდ რომ დაისაჯონ ლუკას სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავეები და გადარჩენ სხვა ბავშვები და ზრდასრულები, მოვითხოვთ:
- დაკავებულ იქნას ლუკა სირაძეზე ზეწოლაში დამნაშავე ყველა პოლიციელი;
- მარიანა ჩოლოიანს წაეყენოს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის მიხედვით;
- უახლოეს სამ დღეში დაკითხულ იქნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი;
- გადაყენებულ იქნას შს მინისტრი გომელაური.“
ჩხარტიშვილის განცხადებით, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ძირეული რეფორმის განხორციელების დაუყონებლივ დაწყება, რისთვისაც მან მის მიერ მომზადებული 8 პუნქტიანი გეგმა წარადგინა:
,, ჩვენ ამ გეგმის განხორციელება აუცილებლად მიგვაჩნია უახლოესი 2 თვის ვადაში:
- შსს-ს დეცენტრალიზაცია და მუნიციპალური პოლიციის შექმნა, ხელმძღვანელთა პირდაპირი წესით არჩევითობის წესის დამკვიდრება;
- სამართალდამცავთათვის ბრალის წაყენებისა და საქმის სრულად გამოძიების უფლებამოსილების სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისათვის გადაცემა !
- შსს-ს საზოგადოებრივი მონიტორინგის პირდაპირი წესით არჩევითი საბჭოს შექმნა;
- კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერებით სავალდებულო აღჭურვა, დაკითხვის პროცესის სავალდებულო ვიდეო-აუდიო ჩაწერის უზურნველყოფა;
- არასრულწლოვანთა დაკითხვისას ადვოკატისა და ფსიქოლოგის დასწრების სავალდებულო წესის შემოღება;
- ძალოვანთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა შემთხვევაში, მათთვის უფლებამოსილების ავტომატურად შეჩერება’ გამოძიების დასრულებამდე;
- ძალოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების მაქსიმალური ვადის განსაზღვრა;
- სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა შემსწავლელი დროებითი უწყებათაშორისი კომისიისა და ერთიანი რეესტრის შექმნა. აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო სექტორის სრული ჩართულობის უზრუნველყოფა.“
საკონტაქტო პირი:
ლაშა ჩხარტიშვილი
„სქართველოს ლეიბორისტული პარტიის“
უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი