,,მობრძანდება თბილისში თავად ინკვიზიცია!..” – თინათინ მღვდლიაშვილი
თინათინ მღვდლიაშვილის ეს შთამბეჭდავი და ბევრისმთქმელი ლექსი 2000 წელს დაიწერა. ჩვენ ვთვლით (ჩვენია აზრია და არა პოეტის), ლექსში აღწერილი ,,ინკვიზიციის” პროცესი საქართველოში ჯერაც არ დასრულებულა.
ინკვიზიცია საღვთო ქალაქში
ორი ძველი შეთქმული, – გიურზა და მელია,
დგანან საღვთო ქალაქში და პილატეს ელიან!..
და ელიან იუდას, – გამცემს, ისკარიოტელს,
ჟამი უდგათ სერობის, – კაიაფას, ჰეროდეს!..
და მოფრინდა ზეციდან რკინის თეთრი ფრინველი,
გავხდი დიდი დაცემის და ღალატის მხილველი!..
ავსულები დაძრწიან თითქოს გულისფიცარზე,
ჩამობობღდა მაქცია ივერიის მიწაზე!..
ქარია თუ წვიმაა?..წვიმაა თუ ქარია?..
ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?!.
ალბათ, ცაზე დაქრიან მალემსრბოლი მხედრები,
ამდენ საწუხარისგან ვბობოქრობ და ვხელდები!..
იქნებ, მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე? –
ამეტყველდა სატანა რუსთაველის ენაზე!..
წამიბილწა ავარამ მარგალიტი ქებული, –
უვიცია, პატარა და ბეჭამოგდებული!..
ვდგავარ გახევებული, ვით ვარ ამის ამტანი? –
მგელს მიართვეს ტარიგად უცოდველი ბატკანი!..
თითქოს, შხამი შემასვეს იუდასგან მოწვდილი…
ესეც კრავის ზეიმი!..ესეც კრავის ქორწილი!..
და, ცრემლიან წამებში, მაგონდება წარსული, –
ურწმუნოთა თარეში, ცოდვა წრეგადასული!..
სისხლიანი სამსჯავრო, სისხლიანი ჩვევები,
და ქვესკნელის სამყარო! – ,,ესპანური ჩექმები”!..
ვატიკანის სივრცეში ფუნჯი მამათმავალთა,
მწვალებლური ,,ხატები” ეშმას შთამომავალთა!..
წმინდა პეტრეს ტაძართან მოედანი ,,რჩეული:’,
სენა – მყრალი გვამთაგან, ვერსალისთვის ჩვეული!..
ჯვაროსანთა ომები, – სისხლისღვრა და ხანძარი,
და ათონზე ღვთისმშობლის დარბეული ტაძარი!
ვითომ ქრისტეს სახელით! – ავზნიანი მკვლელები! –
და ქართველი ბერებით ჩაძირული გემები!..
მერე, სხივი მცირედი – ,,პაპთა ავინიონი”, –
სილა, მაგრად გარტყმული, – სამშობლოში ვიიონის!..
მერე, ღამე ბართლომეს, – ხორცი ასგზის ნაკეპი, –
უწმინდური ბალთაზარ და ორსული პაპები!..
ვითომ, ქრისტეს სახელით! – ჯვრები აალებული!..
და ლუციუს მესამე – ცეცხლით გააფთრებული!..
ვითომ, ქრისტეს სახელით! – მძვინვარება ავაზის! –
ტორკვემადას მოკლული სული ათი ათასი!..
მოხარხარე ალქაჯნი – წამებულთა კვნესაზე,
და ხალხების ჯალათი – ინოკენტი მესამე!..
ჯოჯოხეთის ზეიმი!.. ლუციფერის ხლართები!..
გარეგნული სიმშვიდე, მანტია და ბაფთები!..
პირქუშ საპყრობილეში დაფარული გვარები! –
და სულ ქრისტეს სახელით,
და სულ ქრისტეს სახელით,
და სულ ქრისტეს სახელით! –
სიკვდილი და გვამები!..
და მოფორთხავს აფთარი,როგორც უხსენებელი,
ავგული და ავთვალი, ავად სახსენებელი!..
მათ ხომ მუდამ ყოველი ,,იცოდნენ” და ,,იციან”, –
მობრძანდება თბილისში თავად ინკვიზიცია!..
ქარია თუ წვიმაა?.. წვიმაა თუ ქარია?..
ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?..
შრიალებენ ქარბუქში ჭადრები და ვერხვები
და სივრცეში დაქრიან მალემსრბოლი მხედრები!..
იქნებ, მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე,
ან მტრედები ატირდნენ ლექსთა ფოთოლცვენაზე?..
ქარი აბნევს თბილისში, აზრებს, ათასნაირებს…
იებსა და ენძელებს და იუდას ყვავილებს!..
ვდგავარ გამეხებული!..ვით ვარ ამის ამტანი?! –
ღმერთო, გადამირჩინე უცოდველი ბატკანი!..
მიხოხავენ მცხეთისკენ რომის ტარტაროზები,
დგანან სვეტიცხოველთან მთავარანგელოზები!..
მიქაელი, გაბრიელ, – სატახტოში ელიან,
როდის მობრძანდებიან გიურზა და მელია!..
და იღვრება ზეციდან უფლის მადლი ულევი,
და ჯარებად მოდიან უხილავი სულები…
მზის სარკმლიდან ელავენ, როგორც იაგუნდები,
ზეთისხილის რტოები და ცხრა დასის გუნდები!..
სამთავროსთან ნინო დგას, ნათლით გაბრწყინებული,
და მოქრიან გიორგის ძმები განრისხებულნი!..
გუგუნებენ ზარები – ალავერდის, სიონის
და ფეხზე დგას სამზეო მთელი კავკასიონის!..
ღმერთო, შემაძლებინე ამ წამების ატანა,
როგორც ჩამოეხეტა, ისე წავა სატანა!..
წავა!.. წაეხეტება! – ენაგადმოგდებული! –
უვიცი და პატარა და ბეჭამოგდებული!..
მე კი მცხეთას დამრჩება ჩემი ძელი ცხოველი,
ჩემი ჯაჭვის პერანგი – თეთრი სვეტიცხოველი!..
და იჟღერებს მარადის, მარგალიტი ქებული,
ჩემი ენა ქართული, სულიწმიდით ცხებული!..
საქართველო ჩემია! – იცოდნენ და იციან. –
ვერ წამართმევს სამშობლოს პაპის ინკვიზიცია!..
თინათინ მღვდლიაშვილი
2000 წელი, ენკენისთვის 7
****************************************
შენიშვნა:
,,ესპანური ჩექმები” – ადამიანის საწამებელი მანქანა.
მოედანი ,,რჩეული” – იგულისხმება გრევის მოედანი (პა-
რიზი).
ვიიონი – ფრანსუა ვიიონი, პოეტი-ყაჩაღი.
ბალთაზარი – ბალთაზარ კოზა, პაპი-მეკობრე, თაღლითი,
უგარყვნილესი კაცი, ანტიპაპი!
პაპთა ავინიონი – პაპთა ავინიონის ტყვეობა. პაპთა დამცი-
რებისა და ტყვეობის პერიოდი საფრანგეთის ქალაქ ავინი-
ონში. 1303 წელს ფილიპე მეოთხე ლამაზის კანცლერმა,
ყაჩაღმა ნოგარემ 86 წლის ბონაფიციუს მერვეს სილა გაარ-
ტყა. პაპი, რომელიც ,,მელასავით დაძვრებოდა, ლომივით
მეფობდა, ძაღლივით მოკვდა”
ორსული პაპები – ცნობილია, რომ ქალმა მოახერხა და პაპი
გახდა. იმშობიარა რელიგიური მსვლელობის დროს. მას შე-
მდეგ შემოიღეს ტრადიცია, რომ პაპობის კანდიდატს უნდა
დაემტკიცებინა ხორციელი მამაკაცობა. ამ სამარცხვინო რი-
ტუალს, თვით ავხორცი ბალთაზარიც ვერ გადაურჩა.
ლუციუს მესამე – პაპი. 1184 წელს, მისი ინიციატივით და
ფრიდრიხ პირველის მხარდაჭერით მიიღეს უფლება ეწარ-
მოებინათ კომისიები ერეტიკოსთა დასაჭერად და საწამებ-
ლად. ადამიანებს ფატრავდნენ, ჭრიდნენ, ხარშავდნენ, ჭა-
მდნენ, ყრიდნენ უფსკრულებში, წვავდნენ კოცონზე.
თომა ტორკვემადა – ესპანელი ინკვიზიტორი, დომინიკანე-
ლი. 1480 წელს შექმნა ახალი ინკვიზიცია. მასობრივად აწა-
მა და მოკლა ათი ათასზე მეტი ადამიანი. სწორედ მაშინ
მოკლეს მეცნიერი და პოეტი ჯორდანო ბრუნო, ექიმი სერ-
ვეტი, მეცნიერი ლუჩილიო ვანინი, მოაზროვნე ტომაზო კა-
მპანელა. მამხილებელი ბერი სავონაროლა დაწვეს!..
ინოკენტი მესამე – პაპის პირველი ინკვიზიტორები იყვნენ
1198 წელს ინოკენტი მესამის მიერ დანიშნული სამოციქუ-
ლო ლეგატები.
ბართლომეს ღამე – 1572 წლის 24 აგვისტოს სისხლიანი ღა-
მე, როდესაც კათოლიკეებმა პარიზში წმ. ბართლომეს სა-
ზეიმო ღამეს გაჟლიტეს მძინარე ჰუგენოტები (ფრანგი პრო-
ტესტანტები. მოიკლა 30000 ადამიანი. ამ სისხლისღვრის
მოთავე იყო ეკატერინე მედიჩი. პაპმა გრიგოლ მეშვიდემ
დალოცა ეს სისხლისღვრა.
დაფარული გვარები – იგულისხმებიან საპყრობილეებში გა-
მოკეტილი ადამიანები, რომელთა გვარებს, წარმომავლო-
ბას საგულდაგულოდ მალავდნენ. განსაკუთრებით ასაი-
დუმლოებდნენ დიდგვაროვნებს, მეცნიერებს, შემოქმედ
ადამიანებს…