მდინარეში ჩავარდნილი ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენა
„ცოცხალი რომ დავინახეთ, მუხლები მოგვეკვეთაო... მიწიერი ძალების გარდა, ხომ არის ზეციური ძალა, რომელიც ყველაფერს მართავს“

მძიმე ამბავი ბედნიერი დასასრულით – ასე შეიძლება შეფასდეს შემთხვევა მარტვილში, სადაც 6 წლის დანი თოფურია სასწაულად გადარჩა. საღამოს ბავშვი სოფელ ხუნწიდან ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა წაიღო. მის გადარჩენას არავინ ელოდა. მით უფრო, რომ ბავშვს სრული 5 საათის განმავლობაში, ღამის 12 საათამდე ეძებდნენ სიბნელესა და ცხენისწყლის ღმუილში.
.
თუმცა სასწაული, რომელიც ამ პატარა ბიჭზე სამყარომ დაუშვა, მაინც მოხდა. სოფლის მცხოვრები „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:
– ბავშვზე და მის ოჯახზე თავს დამტყდარი ტრაგედია იმდენად სულის შემძვრელია, როგორ შეიძლება არ განიცადო. ჩვენც, მთელი სოფელი და ჩვენთან ერთად – 50 მაშველი გულგაპობილი ეძებდა ბავშვს, სრული ხუთი საათის განმავლობაში. მით უფრო, რომ მდინარე ახლა ადიდებულია, განსაკუთრებით იმ ადგილას ტრიალებს წყალი, სადაც ბავშვი წაიღო. სრულიად წარმოუდგენლად აღსაწერია ის სიხარული, რაც ხალხმა მაშინ განიცადა, როცა ბავშვი ცოცხალი ნახა. ბევრმა თქვა, ემოციებისგან კინაღამ ჩავიკეცე, როცა ბავშვი დავინახეო…
დანი და მეზობლის ბავშვი, ასევე მცირეწლოვანი, საღამოს უფროსების გაუფრთხილებლად გასულან სახლიდან, მდინარეზე. ლამის წუთებში მოხდა ყველაფერი, თორემ, როგორც ვიცი, ბავშვები მაშინვე მოიკითხეს და დაუძახეს, მაგრამ ხელში მარტო დანის მეგობარი შერჩათ, რომელიც იმდენად შეშინებული და შეძრწუნებული იყო, წესიერად ვერც ათქმევინეს, რა მოხდა და როგორ მოხდა. ბოლოს მამამ ბავშვი მდინარეზე გაიყვანა, მოფერებით და დაყვავებით აჩვენებინა ის ადგილი, საიდანაც ბავშვი წყალმა წაიღო. ალბათ, ფეხი დაუცდა მდინარის ნაპირას..
ეს იყო, დაახლოებით საღამოს 7 საათი. ამის შემდეგ ბავშვის ოჯახმა, სოფელმა და მთელი რეგიონის მაშველებმა დაიწყეს ძებნა. რამდენიმე ათეული მაშველი ეძებდა. სოფელი, თავისთავად ეძებდა, თითქმის ყველა მცხოვრები, ვისაც კი სიარული შეეძლო. ბოლოს ხუნწის მცხოვრებმა წყალში ჩავარდნის ადგოლოდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით იპოვა – სამი სოფლის იქით, სადაც მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის და იქ იყო ძეძვზე ჩამოკიდებული…
ეს იყო სიხარულის შოკი, რომელიც თავიდან ვერც ცნობიერდება. ბევრმა თქვა, როდესაც დანი ცოცხალი დავინახეთ, მუხლები მოგვეკვეთაო – ხალხი ტიროდა სიხარულით…
მიწიერი ძალების გარდა, ხომ არის ზეციური ძალა, რომელიც ყველაფერს მართავს. მგონია, ბავშვის გადარჩენაში ამ ძალამ ითამაშა მთავარი როლი, ამის გარდა – გადარჩენის ინსტინქტმა და თავად დანიმაც.
საბედნიეროდ, ჯანმრთელი, ფიზიკურად ძლიერი ბავშვია, რასაც ყველას ვუსურვებდი, სუფთა ჰაერზე დარბის და თამაშობს. მადლობა განგებას, რომ მისი გადარჩენის წყალობა მოგვცა. პირველ რიგში, მის მშობლებს შეუცვალა განსაცდელი სიხარულად, მერე კი ჩვენ, ყველას. თავად ჩვენმა ბიჭმა, დაე, მრავალი წელი იცხოვროს და იხაროს ასე იღბლიანად.
კვირის პალიტრა