მარკ ცუკერბერგის კომპანიის აქციები 4,5 %-ით გაუფასურდა
Bloomberg-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, სოციალური ქსელის ალგორითმის შეცვლასთან დაკავშირებით, საკმაოდ ძვირი დაუჯდა – მარკმა დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი დაკარგა – მისი კომპანიის აქციები 4,5%–ით გაუფასურდა და ცუკერბერგის ქონება 77,3 მილიარდი დოლარიდან – 74 მილიარდამდე დაეცა. ამ ზარალს მილიარდერების რეიტინგში ცუკერბერგის მიერ საპატიო მეოთხე ადგილის დაკარგვა მოჰყვა, რომელიც მან Zara-ს დამფუძნებელს, ამანსიო ორტეგას დაუთმო.
ექსპერტების აზრით, ცუკერბერგის ამ განცხადებამ დააფრთხო ინვესტორები, რომელთაც ეს განცხადება სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსების შემცირებად აღიქვეს.
ალგორითმის შეცვლის შედეგად, საგრძნობლად შემცირდება კონტენტი, რომელსაც მედია, კომერციული კომპანიები, ბრენდები, სახელმწიფო და პოლიტიკური სტრუქტურები გაავრცელებენ. სამაგიეროდ მომხმარებელს ახლო მეგობრებისა და ნათესავების პოსტები და გაზიარებული მასალა უფრო ხშირად გამოუჩნდება.
ზოგადად, ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვირაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალი 192 მილიარდით გაიზარდა, ხოლო გასულ წელს ზრდამ მთელი 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.