განათლება

,,მართლა დაიჯერა მშობელმა, რომ მისმა შვილმა ერთ თვეში ისწავლა ფიზიკა და ქიმია?!” _ მოსაშორებელია ეს წიგნები სკოლიდან!

დიმიტრი გოშხეთელიანი, ქუთაისელი მათემატიკის მასწავლებელი, განათლების აკადემიური დოქტორი:

_ გავიხსენოთ განათლების სისტემა!

მაინტერესებს ასეთი რამ — ათასობით მასწავლებელი წამყვანი გახდა(მათგან ბევრი, ცოდნის მხრივ, სრულიად დამსახურებულად), ასზე მეტი მასწავლებელი მენტორი გახდა(მათგანაც ბევრი, ცოდნის მხრივ, სრულიად დამსახურებულად) . ყურადღება! შეკითხვა: სკოლებში მდგომარეობა გამოსწორდა? ბავშვების უმრავლესობას შეუძლია სკოლაში ნახსნილი მასალა დამოუკიდებლად ისწავლოს სახლში ?…. ახლა მოდი გავიხსენოთ ზოგი რამ ჩემი აქტიურობიდან, ფაქტებს ვერ გაექცევით.
წლებია ვყვიროდი , მივწერე წერილი მინისტრს, განვაცხადე ტელევიზიაში, დავდევი პოსტი ფბ-ზე რომ:

1) მოაშორეთ ეს ზოგადი უნარები. გააუქმეთ მისი სავალდებულობა . ეს დაღუპავს ბავშვებს, მთლიანად მოშლის სასწავლო პროცესს, გაანადგურებს ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას. გავიდა 10 წელი და სამინისტრომ გადადგა ეს ნაბიჯი.

2) საატესტატო გამოცდების შემოღებიდან 2 წლის შემდეგ ავყვირდი — მოაშორეთ ეს ყალბი საატესტატო გამოცდები. ეს მოგვცემს უარეს შედეგს, დაანგრევს მოსწავლის სულიერ სიჯანსაღეს, სადისტურ – პორნოგრაფიულ ფილმზე მეტად დაამახინჯებს მოსწავლეს, მის შრომის უნარს… გავიდა წლები და სამინისტრომ გადადგა ეს ნაბიჯი.

3) წლებია ვყვირი– ეს კრედიტქულები აფიორაა , არაფრის მომცემი, სიყალბის დამკანონებელი, ამიტომ გასაუქმებელია. გავიდა წლები და სამინისტრომ გადადგა ეს ნაბიჯი.

4) ვყვიროდი , რომ მე-7–მე-9 კლასების (ანუ საბაზო სკოლის) მათემატიკის პროგრამა უნდა შემცირდეს-თქო, მათემატიკოსებთან შეხვედრაზე ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ზოგმა ჩათვალა მე მქონდა მათემატიკის ცოდნის პრობლემა(არ ვხუმრობ , პირდაპირ მითხრეს
, თუმცა იქ იყო სახელოვანი მეცნიერი და მან კარგად იცის ჩემი დონე). სამინისტრომ გადაწყვიტა გადადგას ეს ნაბიჯი. კერძოდ მე-10 კლასი ჩამოიტანა საბაზო საფეხურზე და სამ წელზე გათვლილი პროგრამა გადანაწილდება 4 წელზე.

თავს აღარ შეგაწყენთ რაც გაკეთდა.

ახლა ახალი:

1) მოსაშორებელია ეს წიგნები. საჭიროა ალტერნატიული სახელმძღვანელოები და დაინახავთ უდიდეს წინსვლას ფიზიკაშიც, მათემატიკაშიც, ქიმიაშიც…

2) საჭიროა სახელმძღვანელოები დონეების მიხედვით( განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში)— მარტივი დონე, საშუალო დონე, მაღალი დონე. არჩევა მოსწავლის სურვილის მიხედვით.

3) საჭიროა ეროვნული გამოცდების ფორმატის შეცვლა– იქაც გამოცდადონეების მიხედვით უნივერსიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით. მათემატიკაში , ფიზიკაში, ქიმიაში ტესტური გამოცდის(დამღუპველი გამოცდის)ჩანაცვლება კოდური გამოცდით. მინიმალური ზღვარის ამაღლება 50–60%-და მეტი. ანუ საფუძველი, დასაწყისი არის სახელმძღვანელო და არა სხვა რამ. იქნება სახელმძღვანელო ნორმალური, დაიძრება ესენიც. არ იქნება, მაშინ ნებით თუ უნებლიე უნდა დანერგო სიყალბე. ერთი წუთით წარმოიდგინეთ– საატესტატო გამოცდები მართლა, გაყალბების , მასკარადის გარეშე ჩატარებულიყო… ზღვარს ვერ გადასცილდებოდა 10%-ზე მეტი. თუ მართლა დაიჯერა მშობელმა, რომ მისმა შვილმა ერთ თვეში ისწავლა ფიზიკა და ქიმია?!

Related Articles

Back to top button
Close