„მაპოვნინეთ ჩემი 24 წლის ბიჭი…“
გიგა დაუშვილის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს - „ეს სამი ადამიანი ერთად წავიდა, ორი დაბრუნდა სახლში და ჩემი შვილი გაქრა“

9 თებერვალს თბილისში 24 წლის გიგა დაუშვილი დაიკარგა და მას შემდეგ ახალგაზრდას ოჯახის წევრები და ძალოვნები უშედეგოდ ეძებენ. გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. როგორც მისი მეგობარი ამბობს, ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც.
.
განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს. იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.
გიგას დედა, ნათია დაუშვილი, მაშველებს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის და ყველა ადამიანს სთხოვს დახმარებას, ვისაც შეუძლია მას შვილი აპოვნინოს.
ნათია დაუშვილი „კვირის პალიტრას“ უყვება:
– გიგას დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა შეწყვიტეს მისი ძებნა, დიდთოვლობის დროს მათ მოუწიათ დასავლეთ საქართველოში ხალხის დასახმარებლად წასვლა, 13 მარტს რომ ჩამოვიდნენ იქიდან, მას შემდეგაც თავდაუზოგავად ეძებდნენ ყველგან. მადლობა ღმერთს, წყალში ვერაფერი ვერ იპოვეს, იქნებ მოხდეს სასწაული და ჩემი შვილი ცოცხალი იპოვონ.
მტკვარში რომ არ არის, იმედი მომეცა, იქნებ სადმეა, იქნებ ცოცხალია. მაშველები რომ ეძებდნენ, მეც იქ ვიყავი, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე და პოლიცია ამბობს, რომ არც ხმელეთზე და არც წყალში არ დარჩენილა ადგილი, რომელიც არ დათვალიერდა, მართლა მასშტაბური ძებნა იყო, მაგრამ ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ ვიპოვეთო. გამომძიებელს ყოველდღე ვურეკავ და მეუბნება, ახლა სხვადასხვა კუთხით ვაგრძელებთ ძიებასო, ჯერ არაფერია გარკვეული.
– ნათია, გვიამბეთ რა ვითარებაში დაიკარგა თქვენი შვილი?
– არ ვიცი, რა ვთქვა, გიგა ბოლოს როცა ვნახე, კარგ ხასიათზე იყო. იმ დღეს ლამპრობის დღესასწაულზე იყო მეგობრებთან ერთად. ამ დროს გადაღებული ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს ჩემი შვილი. ვიცი, რომ გიგა ნასვამი იყო. მასთან ერთად ვინც იყო, იმ ბიჭმა მითხრა, ერთად დავლიეთ, 5 ჭიქა არაყი ექნებოდა დალეულიო. გიგა ბევრს არ სვამდა არასოდეს, ამიტომ ეს საკმარისი იქნებოდა მისთვის, რომ დამთვრალიყო. მალე ეკიდებოდა სასმელი.
როგორც ვიცი, ჩემი შვილი ბახტრიონიდან, ლამპრობიდან გაიყვანა ჩვენმა ორმა მეზობელმა, ნიკა რ-მა და გიორგი ლ-მა. ისინი ფხიზლები იყვნენ. ეს სამი ადამიანი ერთად წავიდა, ორი დაბრუნდა სახლში და ჩემი შვილი გაქრა…
არავის არც ერთ დედას, არც ერთ ოჯახს არ ვუსურვებ ასეთ სიმწარეს. სიზმარშიც არ გენახოთ ასეთი უბედურება. ჩემი შვილის ძებნაში, ხალხო, დამეხმარეთ. იქნებ რამე იცით, იქნებ მაპოვნინოთ ჩემი გიგა. მივმართავ ყველას, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დამიკავშირდით ამ ნომერზე 579255211.
ამდენ ტკივილს, მონატრებას და გაურკვევლობას ვეღარ ვუძლებ. 46 დღეა მისი ხმა არ გამიგონია. ჩვენ დევნილები ვართ. არ იყო ჩემი შვილი უპასუხისმგებლო, რომ ასე დავეტოვებინე. საშინელებაა, ვერც ცოცხალს ვპოულობთ და ვერც მკვდარს. ვეძებ სიმართლეს, ვეძებ შვილს, ვეძებ სამართალს. დამეხმარეთ ადამიანებო, მაპოვნინეთ ჩემი 24 წლის შვილი, ჩემი გიგა, მეწვის სული, მეტი აღარ შემიძლია (ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ).