სიღნაღის ამბები

პატარა კახის დატირება ტასო ვაქირელისგან, რომელმაც ბავშვობაში მეფეს ლეღვი ესროლა

,,ვაქირი" - ისტორიული წიგნი

      ნიკა ყარალაშვილის ისტორიული წიგნიდან- ,,ვაქირი“, საინტერესო და მნიშვნელოვანი თავების გამოქვეყნებას ვიწყებთ. დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებთ, რომ ვაქირი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უდიდესი სოფელია. ის ცივგომბორის მთის ფერდობზეა შეფენილი და ალაზნის ველს გადაჰყურებს. სოფლის სახელთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ვერსია არსებობს. ყველა მათგანი ამ წიგნში თავმოყრილია და მოგვიანებით, აუცილებლად გაგაცნობთ. წიგნის პირველი ნაწილი 178 გვერდისგან შედგება. ავტორისგან შევიტყეთ, რომ წიგნის მეორე ნაწილიც მზად არის დასაბეჭდად და დღის სინათლეს მალე იხილავს. ასე, რომ წინ დიდი სიურპრიზები გველის.

                                 ვაქირი

ნიკა ყარალაშვილი

                           ტასო ვაქირელი

ყველასთვის კარგადაა ცნობილი იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობა ,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მას რეალურად მომხდარი ამბავი უდევს საფუძვლად. ისტორია ვინმე გამრეკელმა შემოგვინახა სათაურით: ,,სულგრძელობა საქართველოს მეფის ირაკლი მეორისა (ისტორიული აღწერა)“.

ერეკლე მეფე ჩალმით და სპარსული ტანსაცმლის სხვა ელემენტებით იმოსებოდა. ,,ეს გარეშე სამოსელი მისი იყო მიზესად ერთისა საოცრისა შემთხვევისა“. 1770 წლის ზაფხულში, პატარა კახს გზად სოფელ ვაქირში მოუწია გავლა, რა დროსაც სიცხით შეწუხებული ერეკლე დიდი ლეღვის ჩრდილს შეეფარა. აქ მოხდა სწორედ ის საოცარი ამბავი: იმავე ხეზე თურმე პატარა გოგო იყო ასული, რომელსაც ალბათ ეუცნაურა სპარსულ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი და მასხარად აიგდო. მეფემ თავდაპირველად არაფერი შეიმჩნია, მაგრამ როგორც კი გზის გაგრძელება დააპირა, კეფაში რამდენიმე მწიფე ლეღვი მოხვდა. გაოგნებულმა მხლებლებმა მაშინვე ხელმწიფის შეურაცხმყოფელის ძებნა დაიწყეს და ხელთ ლეღვის ხეზე დაგლეჯილი ტანსაცმლით მჯდარი ბავშვი შერჩათ. პატარა კახი თავისი გზით მშვიდად წავიდა…

ეს ამბავი ქვეყანას მოედო. განსაკუთრებით გოგოს მშობლები შეწუხდნენ. დედას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო. მეფისგან მიტევებული საქციელი პატარა ვაქირელს არ შერჩა:,,დედამ მოუწოდა ქალსა და შეწუხებული არ დაიშურებდა არცა ცემასა, არცა წყევასა“. დიდად შეწუხდა მამაც. მეფის ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფის გამოსყიდვა მან ბოდიშით სცადა. ,,მარანში მოხადა პირველი ქვევრი თავისა ღვინისა, აამსო ყურიანი ხელადა წაშნიკად, მომზადვინა ქათმები, გაამტკიცვინა პური, შოთები ჩააწყო ხურჯინში, გადაიკიდა მხარზედ და გეეკიდა გზასა“.

 ხალხი ამბობდა, მეფე ირაკლი სოფელ საქობოშიაო. ანცი ვაქირელის მამამაც იქით გასწია. პატარა კახს თმაგათეთრებულ კაცისთვის უკითქვამს – რა გაგჭირვებია, რითი დაგეხმაროთო. ვაქირელი მუხლებზე დაემხო: ამაზე მეტი გაჭირვება რა უნდა მქონდეს, ერთი ქალი მყავს, აქამდეც მრავალჯერ შევურცხვენივარ, მაგრამ რაც ახლა ჩაიდინა- თქვენი შეურაცხყოფა- ამ ამბავმა თავზარი დამცაო. თქვენი დიდსულოვნების იმედი მაქვს მეფეო, ამის გამო ნუ გაგვიწყრებითო. ერეკლემ დააცადა მოხუცს თხოვნის დასრულება, შემდეგ გაიცინა, რამდენიმე თეთრი ფული ამოიღო და უთხრა: შენს ქალს უთუოდ ხეზე ,,ბღლარძუნით“ დაუხევიაა ტანისამოსი, ამ ფულით ახალი უყიდე და მშვიდობით იყავიო. ,,მიმღები ფულისა, გამგონე აგრე ტკბილითა სიტყვითა მეფესათა, მოხუცებულმა არ იცოდა , რით გემეეთქუა მადლობა. შემდეგ ფრიად დაბლა თავის დაკვრისა, სამსე გრძნობილიბითა, განეშორა მეფისა სადგომსა“.

ამ ამბის მოგონებაზე, როდესაც ანასტასია იხსენებდა ბავშვობის ცელქობას, სახეზე მადლობის გრძნობა, საკვირველება და შიში ისახებოდაო- წერს მ. გამრეკელი (გამრეკელოვი). ისტორია გამრეკელს მე-19-ე საუკუნის შუა წლებში თავად ტასო ვაქირელისგან მოუსმენია ( აქედან გამომდინარე, თავად ტასოს საკმაოდ დიდი ხანი უცხოვრია).

  ,,ნიკოლოზ გამრეკელის ჩაწერილმა შემთხვევამ ნათლად შემოგვინახა ამ პატრიოტი ქალის სახელი და სადაურობა (ანასტასია ვაქირიდან), გვარი კი არ დაუსახელებია. ეს შემთხვევა 1770 წელს მოხდა. ამ დროს ტასო  (ანასტასია) 10-12 წლის გოგო იქნებოდა. ზეპირი გადმოცემით, ის ვაქირიდან იყო და გვარად ხელაშვილი გახლდათ.

  ვაქირელი ნადია ანდარაზაშვილი  (დაბადებული 1928 წელს) მოგვითხრობს, რომ მშობლებისგან იცის, ეს შემთხვევა ,,შოშიაანთ წყალს“ ზემოთ მომხდარა, ანაგისა და ვაქირის გამყოფ ქედზე. ,,ნახიდრის“ ასასვლელთან არსებობდა თურმე საურმე გზა, რომელიც აკავშირებდა წინამხრის სოფლებს უკანამხრის სოფლებთან. სწორედ აქ, ჩალაუბნიდან სოფელ საქობოში მიმავალ მეფესა და მის მხლებლებს გადახდენიათ თავს ეს ამბავი.

   …

 ტასო ვაქირელის შესახებ კიდევ ერთი ზეპირი გადმოცემა არსებობს და ისიც პატარა კახს უკავშირდება. ერეკლე მეფის გარდაცვალება ყველას ძალიან ეწყინა, მაგრამ ისტორიამ შემოგვინახა ორი პერსონა, რომელთაც განსაკუთრებით გამოავლინეს თავისი გულისტკივილი. ერთი ესაა მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, ხოლო მეორე- ვინმე ქიზიყელი ქვრივი. ამ ,,უაზნო“ ქალის დატირებას ყველა ძალიან განუცვიფრებია: ,,ყოველთა მიეპყრას ყური მის და მიერ  და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ სოფლელმან დედაკაცმან დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა“.

ქვრივი ქალის ვინაობას და დატირების ტექსტს დიდი ხანი ეძებდნენ მკვლევარები. ამ საქმეში განსაკუთრებით გამოჩენილი პოეტი გიორგი ლეონიძე აქტიურობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. დატირებას ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გოგი ჯავახიშვილმა მიაგნო გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში და 1989 წელს გაზეთის ,,ახალგაზრდა ივერიელი“ #42-ში გამოაქვეყნა. აი, თავად დატირების ტექსტიც:

მეფევ, ვაი ჩემს თავს მეფევ!

ისევ ჩემს ძმას გავარდეს ბრძოლაში ხელიდან ხმალ-ხანჯალი, მკათათვეს, სამკალში ცელ-ნამგალი…

მეფევ, ვაი ჩემს თავს მეფევ!

შენ შეგრჩეს ხელში გუთანი და საკვეთელი!

მეფევ, ვაი ჩემს თავს მეფევ!

ისევ ჩემი ძმა ნუ მოეფერება გაზაფხულზე იას და ფურუსულას.

შენ მიუალერსე ვაზსა და მატიტელას…

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემმა ძმამ იაროს შავეთის მიწა- წყალზე ფეხშიშველამ-იტკინოს ფეხის გული,

შენ ნუ გააღარიბებ საქართველოს ცალ ფეხზე სიარულით.

მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემი ძმის ცხენი იყოს სუდარით დარახტული, უკუღმა შეკაზმული.

შენს ცხენს სულ ეკიდოს შვილდ- ისარი დაგზნებული.

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემს ძმას ეცვას მიწის ჩოხა-ახალუხი

შენ კი გეხვიოს მზისა და მთვარის ყაბალახი.

ახა, ვაგლახმე, მეფევ ბატონო.

შვილნო და შვილიშვილნო- ცხრა შვილის დედა ვარ და ფიქრი დამდევს ცხრა გზიანი

არ გააღარიბოთ მიწა-წყალი

მომკელ-მომხვნელით მჭამელ მცოხნელით“

ისტორიკოსი ვ. სიდამონიძე თვლის, რომ მეფის გამოჩენილი დამტირებელი , იგივე ტასო-ვაქირელია (ხელაშვილი). თეიმურაზ ბატონიშვილი წერს: ,,მოვიდა დედაკაცი ვინმე მაშინ ქიზიყსა მცხოვრებთაგანი… ქვრივი მოხუცებისა ასაკს მიწევნილი, თუმცაღა იგი იყო მდაბიოთა ერისაგან, მაგრამ ცნობილი მეფის მიერ და შეწყნარებული კარსა ზედა მეფისასა“. სიდამონიძის აზრით, დაქვრივებული ტასო ხელაშვილი მეფის კარმა შეიფარა. სწორედ მეფის კარზე ,,შეწყნარების“ გამო მოხვდა უაზნო ქალი მეფის დატირებაზე. ამ ფაქტს ზეპირი გადმოცემაც ადასტურებს. ზემოთ ნახსენები ნადია ანდარაზაშვილი აღნიშნავდა- ტასო მეფის დაკრძალვაზე იმყოფებოდა  და დიდი მოთქმით დაუტირია პატარა კახიო.

(წიგნის გაგრძელება იქნება

ანონსი: რუსების თარეში და საყოველთაო ბუნტი)

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close