საზოგადოება

,,კულტურის მინისტრის მოადგილემ არ იცოდა, რომ ზარზმა საქართველოშია”

,,რომ არ იფიქროთ რამეს ვაჭარბებ, მოწმეებიც შემიძლია მოვიყვანო"

კულტურის სამინისტროს შექმნაზე გამახსენდა.
წლების წინ, როცა ანკარაში საქართველოს საელჩოში ვმუშაობდი, მაშინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ (სახელსა და გვარს სპეციალურად არ ვწერ) დამირეკა თურქეთში მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა რესტავრაციის საკითხზე, რადგან რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად ძეგლთა დაცვის სფეროც ჩემი პასუხისმგებლობის სფეროში შემოდიოდა.
მოვუყევი იმ პროგრესის შესახებ, რაც ოშკის მიმართულებით გვქონდა მოლაპარაკებებისას და მაშინდელი პირობებით ოშკის რესტავრაციის უფლებას სრულად ქართულ მხარეს გვაძლევდნენ. ვუთხარი, რომ უკვე ვთარგმნიდი თურქეთის შრომის კოდექსს, რომელიც საჭირო იყო ქართველი რესტავრატორებისა და მუშებისთვის, რომლებიც ოშკის რესტავრაციაზე იმუშავებდნენ. ასევე ვარჩევდი შენობებს, სადაც ისინი უნდა გაჩერებულიყვნენ.
ამეების ახსნაში ვარ და მეკითხება, ოშკი გასაგებია და ზარზმაზე რა ხდებაო. გულმა ცუდი მიგრძნო, ცივმა ოფლმა დამასხა. მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ არ იცის, რომ ზარზმა საქართველოშია (სავარაუდოდ, ანა კალანდაძის ცნობილი ლექსიდან უკავშირებდა ოშკსა და ზარზმას ერთმანეთს) და ვერ იქნებოდა ჩემი პასუხისმგებლობის სფეროში. გავატარე და სხვა თემაზე გადავუტანე საუბარი. მაგაზე ჩხუბი რომ დამეწყო, ვიცი, მე გამიშვებდნენ სამსახურიდან და ის ისევ გააგრძელებდა “მოღვაწეობას”.
მაინც არ მოისვენა და ისევ ზარზმა იკითხა. ისევ გავუტარე და მაინც რომ ვერ დაშოშმინდა, ვუპასუხე, რომ ზარზმა საიმედო ხალხისთვის მქონდა ჩაბარებული და რომ ყველაფერი წესრიგში იყო.
რომ არ იფიქროთ, რომ რამეს ვაჭარბებ, მოწმეებიც შემიძლია მოვიყვანო.
ამით იმის თქმა მსურს, რომ:
1. ქართველი დიპლომატების ცხოვრება არასოდეს არის ია-ვარდით მოფენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს შენს თავს ნებისმიერ დროს;
2. საჯარო სექტორი სავსე იყო და არის პირადი ერთგულების პრინციპით (და არა დამსახურებით) დაწინაურებული პირებით, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ შექმნან ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაციები.
ერთი ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე, რომ მაგ სამინისტროს სახელში კულტურის და ძეგლთა დაცვა ზედმეტია და მხოლოდ სპორტის რომ ერქვას, უფრო ზუსტი იქნებაო.
მე კი ვფიქრობ, რომ სახელზე მეტად საჯარო სექტორში მერიტოკრატიული სისტემის (დაწინაურება დამსახურებისდა მიხედვით) დამკვიდრება გვჭირდება, რაც საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია 30 წლის განმავლობაში (ვერ ხედავდნენ ამის საჭიროებას) და რაც აჩვენებს ჩვენს დაბალ სახელმწიფოებრივ შეგნებას.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ კულტურის სამინისტროს ხელახლა შექმნაზე ისევ ის გრძნობა დამეუფლა, რაც წლების წინ მქონდა ანკარაში.
არადა, გულის სიღრმეში, მინდა, რომ ვცდებოდე.
ზურაბ ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close