საზოგადოება

,,კვირიკაშვილის გარემოცვა თვლის, რომ ჯეჯელავამ იმედები ვერ გაამართლა”

განათლების მინისტრ ჯეჯელავაზე სკანდალური ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო /presa.ge:

,,საეჭვო კორუფციული გარიგებების, ნეპოტიზმისა და ბიზნეს-ინტერესების ლობირების გარდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართ წმინდა პროფესიული პრეტენზიებიც დაგროვდა. 

პრემიერ კვირიკაშვილს, წინა კვირას საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა ალექსანდრე ჯეჯელავასთან, რომელიც სხვათაშორის, სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით გახდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

თუმცა, უკვე დღეს, კვირიკაშვილის გარემოცვა თვლის, რომ ჯეჯელავამ იმედები ვერ გაამართლა და „მხოლოდ ვაშლების დარიგება ვერ გადაწყვეტს განათლების სფეროში არსებულ ღრმა პრობლემებს“.

სახელმწიფო კანცელარიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ირწმუნება რომ პრემიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკადრო ცვლილებებს გეგმავს, რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავაც შეეწირება.

„ის, შესაძლოა, რექტორობისათვის მოამზადონ, თუმცა, სავარაუდოდ, განათლების მინისტრის პოსტს დაემშვიდობება“, – აცხადებენ სახელმწიფო კანცელარიაში. 

ალექსანდრე ჯეჯელავას პრობლემები აქვს თავისივე მოადგილეებთან. მწვავე აზრთა-სხვადასხვაობის პარალელურად, რომელიც უკვე იქცა განხეთქილების ვაშლად, „ჯეჯეს“ დირექტორთა ნაწილი, მოადგილე და დეპარტამენტების უფროსებიც უპირისპირდებიან.

ისინი თვლიან რომ მინისტრი, საკუთარი ცოლისა თუ ოჯახთან დაკავშირებული კომპანიების მფარველობით უფროა დაკავებული, ვიდრე რეალური რეფორმებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, „ჯეჯეს“ მოსალოდნელი „ჩამოლაბორანტების“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

თუმცა, სახელმწიფო კანცელარიაში დიდი სამთავრობო ცვლილებებისათვის ემზადებიან, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჯეჯელავას გარდა, რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებს, თანამდებობიდან გათავისუფლება იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარსაც ემუქრება” _ წერს presa.ge.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close