საზოგადოება

 იყავი შემდეგი, დაეხმარეთ პანდუსის მიღმა მყოფებს! – ჩვენსკენ გამოწვდილ ხელს ჰაერში ვერ დავტოვებთ…

 დილიდან გველოდნენ, მოუთმენლად…

ჩვენც მივედით… გავუღიმეთ, გავახარეთ, გულში ჩავიხუტეთ, მოვეფერეთ, საახალწლო საჩუქრები მივუტანეთ. მათ მშობლებს, აღმზრდელებს მოვუსმინეთ, მათი პრობლემები გავითავისეთ. შევპირდით, რომ კიდევ მრავალჯერ მოვინახულებთ და პანდუსის იქით დაწყებულ მეგობრობას ბზარი არასდროს გაუჩნდება, არასდროს … მერე გვიმღერეს ლია მასწავლებელთან ერთად, ნაძვისხესთან გადავიღეთ ბევრი ფოტო და კოცნით გამოგვაცილეს. ,,კიდევ მოხვალთ?” _ კართან დაგვადევნეს სიტყვები,  ვისაც მეტყველება შეეძლო. –  დიახ, მოვალთ,  შემდგომში სამნი კი არა,  უკვე ათნი, ოცნი, ათასნი, ათიათასნი და გვერდით ამოგიდგებით, გაგილამაზებთ ყოველ წუთს, წამს და არ გაგრძნობინებთ, რომ პანდუსის იქით ცხოვრება მშვენიერი არ არის, რომ გიჭირთ, მარტონი ხართ,  არ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი პრობლემები ჩვენიც არ არის და თქვენ, ჩვენი სულისა და გულის ნაწილი არ ხართ. სულ თქვენს გვერდით ვიქნებით და გაგილამაზებთ ყოფას, ცხოვრებას და გათქმევინებთ, რომ პანდუსის იქითაც ცხოვრება, ძალიან, ძალიან მშვენიერია.

ეს ბავშვები, ფოტოზე რომ ხედავთ, წნორის შშმ პირთა დღის ცენტრის ,,თბილი კერა” ბერეფიციარები არიან. ამ სახლში მათ ყოველდღიურად ხვდებათ აღმზრდელების სითბო, ალერსი და სიყვარული. ცენტრის დირექტორია  დალი მაქაცარია, საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე  ქალბატონი. ბავშვებს  აქვთ საშუალება, ერთად  გაერთონ, ისწავლონ, გახალისდნენ და პრობლემებს ასე, შედუღაბებულად გაუმკლავდნენ. პრობლემები კი ნამდვილად აქვთ და არაერთი. ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც გვითხრეს,  საჭირო ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტებია.

ამჯერად, როგორც შევძელით, ისე დავეხმარეთ. მივუტანეთ სათამაშოები, ტკბილეული, ტანსაცმელი,  ჰიგიენური  საშუალებები  და გადავეცით  მცირეოდენი თანხა.

.

.

.

 პიარ- ტექნოლოგი, ლალი მოროშკინას ინიციატივა სიხარულით ავიტაცეთ გოგონებმა – “ბი-დი-სი” აკადემიის რექტორმა, ნათია შათირიშვილმა, ბიზნესლედიმ, ქეთევან ბოქოლიშვილმა და თქვენმა მონამორჩილმა, ჟურნალისტმა ნელი ვარდიაშვილმა.  გვჯერა, რომ შემდეგი იქნებით თქვენ! იცოდეთ, რომ ისინი ყველას გველოდებიან… ზოგი ეტლიდან გვიმზერს, ზოგი საწოლიდან გვიწვდის ხელს და უნდა დავეხმაროთ, ჩვენც უნდა გავუწოდოთ ხელი, რადგან ამ ხელს ჰაერში ვერ დავტოვებთ!

იყავი შემდეგი, თქვენც დაეხმარეთ პანდუსს მიღმა მყოფებს, გაულამაზეთ ერთი დღე და ათქმევინეთ, რომ ცხოვრება ძალიან, ძალიან მშვენიერია!

Euronews.ge  -ს რედაქტორი ნელი ვარდიაშვილი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close