,,იმ დღეს მწყემსებთან ერთად იყო, მაგრამ ვინ არიან ეს მწყემსები, არ ვიცი” _ ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებულის დედა
“ჩემს შვილს არ ჰქონდა სანადირო თოფი და არ ვიცი, ვის ეკუთვნის ის. მე არ მჯერა, რასაც მას ედავებიან”, – განაცხადა ჟურნალისტებთან, ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა. ის ეჭვობს, რომ მკვლელობა მის შვილს ბრალდება, თუმცა ყველაფრის უკან სხვა დგას.
“7 რიცხვში ვესაუბრე, თუმცა მომხდარზე არაფერი უთქვამს. მე ვიცი, რომ იმ დღეს მწყემსებთან ერთად იყო, მაგრამ ვინ არიან ეს მწყემსები, არ ვიცი. როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს. ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან ვიღაც დგას. ეჭვი რომელიმე მწყემსზე არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა, სხვა პირი იყოს. ჯერ გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს ველოდები,” – დასძენს მარტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.
ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილიც თოფით მოკლა.
წყარო: primenewsgeorgia.ge