,,საჯარო უწყებები არასაგანგებო ვითარებაში არ გასცემენ დროულად საჯარო ინფორმაციას და საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც შეჩერებულია საჯარო ინფორმაციის გაცემა, რატომ გადაწყვიტა ბატონმა პაატა იმნაძემ, ლაბორატორიის გამგე და ექიმები მოაცდინოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებაზე.

სატელევიზიო ეთერით გაკეთებული მისი განცხადება ემსახურება (1) არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და (2) სხვადასხვა საეჭვო კორუფციული გარიგებების დამალვას, რაც, სავარაუდოდ, სდევს სახელმწიფოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას (მაგალითად, ტესტების შეძენის გარიგება). წესით და რიგით, არც ერთი და არც მეორე მოტივი არ უნდა შედიოდეს ბატონ იმნაძის მიზნებში” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

mediachecker.ge წერს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 23 მარტს გამოცემული დადგენილების თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ცვლილებები ეხება საჯარო ინფორმაციის გაცემის წესსაც. აღნიშნული დოკუმენტის მე-13 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები ჩერდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკოლოზ სიმონიშვილი ამბობს, რომ ეს შეზღუდვა არაპროპორციულია. მისი თქმით, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებისთვის, მედიისთვის მნიშვნელოვანია დროულად მიიღოს შესაბამისი უწყებებისგან ის დოკუმენტაცია, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

“აღნიშნული შეზღუდვა ხელს უშლის მედიის წარმომადგენლებს ასეთი დოკუმენტების მოპოვებაში. ისინი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ვერ შეძლებენ საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მიღებას. იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის დეკრეტითა და მთავრობის დადგენილებით არ შეზღუდულა საჯარო სამსახურების მუშაობა და შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე, გამომდინარე იქედან, რომ გარკვეული ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც, ასეთი შეზღუდვა არაპროპორციულად შეგვიძლია მივიჩნიოთ”, – აცხადებს ნიკოლოზ სიმონიშვილი.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გარკვეული უფლებები შეზღუდულია. ამ შეზღდვებს შორის არ არის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, – მედია ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვები მედიას 23 მარტიდან შეეხო, მას შემდეგ, რაც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ამ შეზღუდვების მიხედვით, მარნეულსა და ბოლნისში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, სხვა ყველას კი ინფორმაცია და შესაბამისი კადრები საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიაწოდოს.

მაცნეზე დაცული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეხუთე შემთხვევაა. ამ შემთხვევების ისტორიას თუ გადავხედავთ, მედიას შეზღუდვა დეკრეტით მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს შეეხო.

,,შეჩერდეს ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით”,- ვკითხულობთ დეკრეტში, რომელიც მაშინ გამოიცა. ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების განხორციელება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო. თუმცა, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემას ეს შეზღუდვა არ შეხებია.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში პაატა იმნაძემ ტესტების შესახებ განაცხადება გააკეთა. 

კომენტარები