,,იაღოველები მეგრულად და სვანურად დაბეჭდილ ბროშურებს კარდაკარ არიგებენ”
ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:
,,ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ მოვიდნენ და ბოლოს, როგორც იქნა მოხდა ისე, რომ ამგვარ ფაქტს მეც შევესწარი – ზარი დარეკეს, დედაჩემმა გახედა. ჰკითხეს მეგრულად საუბრობ, სვანურად თუ ქართულადო. შემდეგ ქართულ ენაზე დაბეჭდილი თავიანთი ბუკლეტი ხელში მიაჩეჩეს და გზა გააგრძელეს. მე დიდ მაგიდასთან ვიჯექი, დოკუმენტები და პერსონალური კომპიუტერი გაშლილი მქონდა, ცხინვალის რაიონის სოფელ კეხვში ჩემს ბავშვობაში შეძენილი სანათი მენთო და გულმოდგინედ ვმუშაობდი.
დედაჩემი შემოვიდა, ხელში იეღოველების ბროშურა ეჭირა. გამოვართვი და დერეფანში გავედი. ორი ახალგაზრდა ქალი, ხელში სექტანტებისთვის დამახასიათებელი მართკუთხა ფორმის ჩანთებით იდგნენ. მეორედ აღარ დაგინახოთ აქ მოსული და არ გაბედოთ დედაჩემისთვის თქვენი ბროშურების მიჩეჩება-მეთქი. ხელში რაც მეჭირა დავხიე და მივაყარე. ათჯერ რომ გავუმეორე გადით აქედან, აქ აღარ დაგინახოთ-მეთქი და რომ არ ინძრეოდნენ ადგილიდან, მეთერთმეტედ ხელი მოვკიდე, ორივე მივაბრძანე და დერეფნის რკინის კარი მივუხურე.
ერთი მემუქრებოდა, ეს ფიზიკური შეურაცხყოფაა, პატრულს დავურეკავ, შენ იცი მე ვინ ვარ?! ადვოკატი ვარო! ეს რამდენჯერმე გაიმეორა და ყველა ჯერზე ვპასუხობდი მიდი, დაურეკე პატრულს, სახლებში რომ გვივარდებით და მოსვენებას არ გვაძლევთ-მეთქი.
მე სახლში შემოვედი და მუშაობა გავაგრძელე. მოგვიანებით უბნის პოლიციის თანამშრომელი მოვიდა. მკითხა ვინაობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და წავიდა. შესაძლებელია პოლიციაში მოსვლა და გასაუბრების ოქმის შედგენა გახდეს აუცილებელიო. პოლიციელის წასვლიდან დიდი დრო არ იყო გასული, განყოფილებიდან დარეკეს, მობრძანდითო და მივედი.
პოლიციის შესასვლელთან მანანა ვაზაგაშვილი დამხვდა, მარტო ხომ არ იქნებიო. პოლიციაში გავიგე, რომ სექტანტებს 112-ზე დაურეკიათ, ფიზიკური შეურაცყოფა მოგვაყენაო. მერე პოლიციაში, რომ მისულან, ბუნებრივია, დეტალების მოყოლა გახდა აუცილებელი და აღმოჩნდა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათთვის არც მე და არც სხვას არ მიუყენებია.
როცა ჩემი გასაუბრების ოქმი დგებოდა, პოლიციელმა მკითხა, ღვთისმსახურებაში შევუშალე თუ არა ხელი (ცნობისათვის ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და თავისუფლების აღკვეთით ისჯება – სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა).
ესე იგი სექტანტები პოლიციას არწმუნებდნენ, რომ ის, რაც მე გავაკეთე, იყო ღვთისმსახურებაში ხელის შეშლა.
შესაძლებელია პოლიციაში კიდევ დამიბარონ, თუ ზემდგომი პროკურორი გადაწყვეტს, რომ რაღაც დეტალებზე კითხვები დამატებით უნდა დამისვან. მე, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, რასაკვირველია, პოლიციაში დაუყოვნებლივ გამოვცხადდები.