პოლიტიკა

თბილისის გენგეგმის შესწავლას საკრებულო დაიწყებს

გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელი:

_ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად, მერიამ და სითი ინსტიტუტმა დაასრულა თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა და საკრებულოში განსახილველად შემოვიდა შეჯერებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი ყველა ის ხარვეზი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია კერძო, თუ საჯარო ფორმატებში და რომელზეც საზოგადოება სრულად იყო ინფორმირებული.
რა თქმა უნდა, გენ.გეგმა ინარჩუნებს თავის მთავარ – მწვანე, კომპაქტური, შეკავშირებული ქალაქის კონცეფციას, რომელსაც ერთობლივი მუშაობის შედეგად დაემატა მედეგობის კომპონენტი.
უმთავრესი, რაც ამ უკანასკნელი თვეების მანძილზე მოხდა არის ის, რომ დოკუმენტში დაზუსტდა გენ.გეგმის განხორციელების გზები, ინსტრუმენტები, კვლევების და სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვის ეტაპები. მაქსიმალურად აღმოიფხვრა ზონირების, რუკის და კერძო საკუთრებებთან დაკავშირებული ხარვეზები.
შედეგად, საკრებულოში შემოსულია მნიშვნელოვნად უფრო დახვეწილი დოკუმენტი, რომელმაც არსებითი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ქალაქის გეგმაზომიერად განვითარებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადავდივართ დასკვნით ეტაპზე. შესაბამისად, დღეიდან საკრებულო უკვე ოფიციალურად დაიწყებს დოკუმენტის დეტალურ შესწავლას, გაანალიზებას, კომისიურ თუ სხვა ფორმატის საჯარო განხილვებს. თბილისის საკრებულოს კომისიები კიდევ ერთხელ დეტალურად იმსჯელებენ დოკუმენტში მოცემულ მიმართულებებზე.
ვიმედოვნებ, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციებიც აქტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ამ პროცესში, ვინაიდან სრულფასოვანი და დახვეწილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება თითოეული თბილისელის ინტერესებში შედის.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მივიღოთ ქალაქის ინტერესებისთვის ყველაზე შესაფერისი, მიწათსარგებლობის ისეთი გენერალური გეგმა, რომელშიც ყველა მიმართულება და ყველა დეტალი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და ჩვენს ქალაქს კარგად გააზრებული, გეგმაზომიერი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close