ზვიად ძიძიგური: ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ძალიან ვჭირდებოდით
ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა.
მან ასევე დატოვა პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტი.
მისი თქმით, ამის მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაა.
“ჩვენ გულწრფელები ვიყავით, როცა ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა, მოხდებოდა დივერსიფიკაცია პოლიტიკურ მინდორზე და მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყვეალფერი გუშინ ჩაფლავდა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მას იმ 40-მა დეპუტატმა აიძულა, რომელმაც გუშინ, 14 ნოემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარი არ დაუჭირეს.
“ასევე მინდა ვთქვა იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ძალიან ვჭირდებოდით. არ ვაპირებთ, დავრჩეთ იქ, სადაც ღებულობენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური და მორალური თალსაზრისით არის გაუმართლებელი. გაუმართლებელს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობ, რბილი სიტყვა შევარჩიო, თორემ ენის წვერზე სხვა სიტყვაც მადგება, რა თქმა უნდა”, – თქვა ზვიად ძიძიგურმა.
ძიძიგურამდე მანამდე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო საპარლამენტო უმრავლესობა თავდაპირველად 7-მა დეპუტატმა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.
გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.
კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.
წყარო: http://www.tabula.ge/