საზოგადოება

,,ვითხოვდით, შეეზღუდათ დანამატები, პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ჩვენი ხელფასის გაზრდა”

თბილისის მეტროს გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქის მერის იმ განცხადებას პასუხობენ, სადაც კახა კალაძემ მეტროს მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა. მემანქანეები ამბობენ, რომ თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ამის შესახებ on.ge წერს.

მეტროს თანამშრომლები მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ისინი მერიის მიერ ხელფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნას, ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო, შეეზღუდათ თავისთვის დანამატები, პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა. ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400 დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე”, -აცხადებს მეტროს მემანქანე ნუგზარ გაგუა.

მემანქანეები აცხადებენ, რომ მათ არც მგზავრობის საფასურის გაზრდა მოუთხოვიათ.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

“ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას რაც იყო 2013 წელს, მოხდა ინფლაცია გაუფასურება და ეს არ არის ხელფასის მატება”, – აცხადებს მეტროს თანამშრომელი ხათუნა ჩიტიაშვილი.

მანამდე მერმა ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მათი ხელფასი პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ანაზღაურებას აღემატება.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

პარალელურად მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.

გუშინ სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს გაფიცვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა.

31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აკერძალათ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

წყარო: imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close